შენგელიას შეჩერება რთულია: ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე და MVP-ის ტიტული

შენგელიას შეჩერება რთულია: ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე და MVP-ის ტიტული

ევროლიგაში ბოლო ორი წარუმატებელი მატჩის შემდეგ „ბასკონიამ“ იმარჯვა და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა. ამაში თორნიკე შენგელიას დიდი წვლილია, რადგან მისი ლიდერობით ვიტორიელებმა 24-ე ტურში ფრანგულ „ლიონს“ 79:65 აჯობეს.

პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, თუმცა მესამე-მეოთხე პერიოდში ესპანელებმა უკეთესად ითამაშეს და საბოლოო გამარჯვებაც დამსახურებულად იზეიმეს.

შენგელია მატჩის MVP გახდა და ახლოს იყო ორმაგი დუბლი გაეფორმებინა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 28:18 წუთში 15 ქულას 9 მოხსნა და 2 პასი დაამატა. როგორც ხედავთ, ორმაგ დუბლამდე კინკილა მოხსნა დააკლდა. თორნიკემ 10-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა.

15 ქულით და 15 მარგი ქმედების კოეფიციენტით კი, ჩვენებური საუკეთესო გახლდათ და მატჩის MVP-ის ტიტულის მფლობელი გახდა. მეტ ჯენინგმა 28:37 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი შეაშველა თანაგუნდელებს და მანაც საკმაო წვლილი დაიდო გამარჯვებაში.

„ბასკონიას“ 9 მოგების წილ 15 წაგება აქვს და მე-14 პოზიციას იკავებს, მომდევნო ტურში კი, 21 თებერვალს, კაუნასის „ჟალგირისს“ უმასპინძლებს.