დღეს ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ცნობა, რომ უახლოეს მომავალში ცნობილი კინომსახიობი ჯორჯ კლუნი ახალ პროექტში მიიღებს მონაწილეობას.
რამდენიმე დღის წინ შოტლანდიელი მომღერალი სიუზენ ბოილი აშშ-ში იმყოფებოდა. ბრიტანული „ჯეოსტარის“ გამარჯვებულმა კინოკომპანია „Fox Searchlight Pictures”-თან კონტრაქტი გააფორმა.
ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვეში ზემოთდასახელებული სტუდია ბოილის ცხოვრების შესახებ მხატვრული ფილმის გადაღებას შეუდგება.
აშშ-ში ბოილი ჯორჯ კლუნისაც შეხვდა და მომავალ სურათში ერთ - ერთი მთავარი როლის შესრულებაზე დაიყოლია. კლუნი მომღერლის მენეჯერს ენდი სტივენსს განასახიერებს.
საინტერესოა, რომ ბოილის როლზე პრეტენზიას პოპულარული მსახიობები, გლენ კლოუზი და ჯული უოლტერსი აცხადებენ.
წინასწარი ინფორმაციით, სურათის გადაღება 2013 წლის გაზაფხულში დაიწყება, მისი მსოფლიო კინოპრემიერა კი წლის დასასრულს არის დაგეგმილი.