აშშ-ს 3 ცნობილი პირველი ლედის შესახებ სერიალს იღებენ

აშშ-ს 3 ცნობილი პირველი ლედის შესახებ სერიალს იღებენ

ამერიკულმა სატელევიზიო კომპანია Showtime-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალ სერიალზე აქტიურად დაიწყო მუშაობა, რომელიც ამერიკის ისტორიაში სამი ყველაზე ცნობილი პირველი ლედის შესახებ მოგვითხრობს.

First Ladies — ასე ერქმევა მომავალ პროექტს, რომელიც ელეონორა რუზველტის, ბეტი ფორდისა და მიშელ ობამას პოლიტიკური და პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალებს ეკრანზე გააცოცხლებს. ეს სამი ქალი სხვადასხვა დროს ისეთ გავლენიან პრეზიდენტებთან ერთად მართავდნენ თეთრ სახლს, როგორებიც იყვნენ ფრანკლინ რუზველტი, ჯერალდ ფორდი და ბარაკ ობამა.

მომავალი სატელევიზიო შოუ ანთოლოგია იქნება და წარმატების შემთხვევაში მის ყოველ შემდეგ სეზონში თეთრი სახლის სხვა გავლენიანი მმართველი ქალების ისტორიებს გავეცნობით.

აღსანიშნავია, რომ პირველ სეზონში მიშელ ობამას როლს ოსკარის, ოქროს გლობუსისა და ემის მფლობელი მსახიობი, ვაიოლა დევისი შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია გასული წლის აგვისტოში გავრცელდა. სამსახიობო გუნდის შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

სერიალის სცენარზე აარონ კული მუშაობს, პროდიუსერები კი ვაიოლა დევისი და მისი ქმარი, იულიუს ტენონი იქნებიან. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ Showtime-ს მანამდე ისეთი წარმატებული შოუები შეუქმნია, როგორებიცაა The Affair, Shameless და Homeland, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინ კიდევ ერთი საინტერესო სანახაობა გველის.

"ჩვენს ისტორიაში პრეზიდენტების ცოლებმა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს არა მხოლოდ ქვეყნის ლიდერებზე, არამედ მთლიანად ქვეყანაზეც. მომავალი სერიალი გვაჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს პირადი ურთიერთობა ეროვნულ და გლობალურ მოვლენებზე. ამ შოუში ვაიოლა დევისი ხილვა კი ნამდვილად ოცნების ასრულებაა", — განაცხადა Showtime-ის წარმომადგენელმა, იანა უინოგრეიდმა.