„მიწები რომ გააჩუქა სერგო ორჯონიკიძემ, მისთვის რომ გეკითხათ, რატომ გააჩუქა მიწები, გეტყოდათ, მთავარი საქართველო კი არა, მუშათა კლასია და რა მნიშვნელობა აქვს, რომელი მუშათა კლასის დაქვემდებარებაში იქნება საინგილო. დღესაც ზუსტად ამ ფუნქციას ასრულებს არასამთავრობო ორგანიზაციათა უმრავლესობა, რომელსაც სულ სხვა შეხედულებები აქვს პატრიოტიზმთან, სამშობლოსთან და ეკლესიასთან მიმართებით“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე და პატრიოტიზმისა და ვაიპატრიოტიზმის მისეულ განმარტებას გვთავაზობს.
პატრიოტიზმის თემით ჩვენში ხშირად უადგილოდ აპელირებენ. რა არის რეალურად პატრიოტიზმი და ფსევდოპატრიოტიზმი? როგორ გესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა?
- პატრიოტიზმის განმარტება ძალიან მარტივია და, ამავდროულად, რთულიც. პატრიოტიზმია, როდესაც შენ ცხოვრობ იმ ქვეყნისთვის, სადაც დაიბადე და გაიზარდე. შენი სამშობლო მხოლოდ მთები არ არის, შენი სამშობლოა ხალხი, აქ მაცხოვრებლები. როდესაც პატრიოტიზმზეა საუბარი, უნდა გავიხსენოთ მე-17 საუკუნის ბრიტანელი მწერლის სიტყვები, რომ პატრიოტიზმი არამზადების უკანასკნელი თავშესაფარია. სხვათა შორის, ამ სიტყვების ჭეშმარიტება საქართველოშიც ხშირად მტკიცდება. პატრიოტიზმია ის, როდესაც ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციასა და იმპორტულს შორის არჩევანს ადგილობრივის სასარგებლოდ აკეთებ, არ მოგწონს შენი ქვეყნის დროშა, გერბი, ჰიმნი, მაგრამ სანამ შეიცვლება, მას პატივს სცემ, რადგან ისინი შენი სახელმწიფოს სიმბოლოებია. არ მოგწონს შენი ქვეყნის ხელისუფლება, მაგრამ მას სხვა ქვეყნის სახელმწიფოებსა თუ ორგანიზაციებში არ აბეზღებ, რადგან ამით ზოგადად ქვეყნის იმიჯი ილახება, ხელისუფლებას გამორჩენის მიზნით არ ეპირფერები და მის ქმედებებს სამართლიანად აკრიტიკებ, ხელისუფლების მიერ გადადგმულ დადებით ნაბიჯს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ხარ, დადებითად შეაფასებ, გაამხნევებ და შეაქებ. არ მოგწონს ხელისუფლება, მაგრამ მისი დისკრედიტაციის მიზნით ისეთ ქმედებას არ განახორციელებ, რაც ქვეყანას დიდ ზიანს მიაყენებს, არ მოგწონს რომელიმე გამოჩენილი თანამემამულელე, მაგრამ მისი საერთაშორისო წარმატება გიხარია, რადგან ეს წარმატება შენი ქვეყნის წარმატებაა. პატრიოტიზმია ისიც, როცა უცხოეთში იმყოფები და გახსოვს, შენი ქვეყნის დესპანი ხარ, ღირსეულად მოიქცევი და შეუფერებელ საქციელს არ ჩაიდენ, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს კი შენი ქვეყნის დაცინვისა და შეურაცხყოფის უფლებას არ მისცემ.
სამწუხაროდ, ცრუ და ფსევდოპატრიოტიზმს თვითონ ჩვენი საზოგადოება ახალისებს, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს უჭირს მტყუანისა და მართლის გარჩევა. ვინც გულში მჯიღს ირტყამს და, ვინც ისეთ სიტყვებს იყენებს, თითქოს ამ ქვეყანაზე გიჟდება და მზე და მთვარე ამოსდის, ხშირად მის სიტყვებს უყურებენ და არა მის საქმიანობას. ამით ხალისდება ფსევდოპატრიოტიზმი ჩვენში არსებული გაჭირვებისა და სიღატაკის, უამრავი პრობლემის ფონზე.
ცალკეული არასამთავრობოებიც ხომ არ სცოდავენ, როდესაც პატრიოტიზმის გაგებას გოიმობად წარმოაჩენენ? სხვათა შორის, ეს არასამთავრობოები დასავლეთსაც აწვდიან „ქართველი გოიმების“, ანუ პატრიოტების შესახებ მცდარ ინფორმაციას.
- მოდით, დავიწყოთ, ვინ არიან ეს არასამთავრობოები და როდის გამოიჩეკნენ ისინი? არსებობს ძალიან კარგი ქართული ანდაზა, „ვის პურსაც ჭამ, მის ხმალს იქნევ“. არასამთავრობო სექტორის ძირიტადი ნაწილი ქვეყნის გარედან ფინანსდება და, ცხადია, იმათ ინტერესს ატარებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისინი იმაზე კი არ ფიქრობენ, რა სჭირდება ქვეყანას, არამედ რა დავალებას მიიღებენ თავიანთი პატრონებისგან. შესაბამისად, ასეთ როლსა და ასეთ სამსახურში ძირითადად ისეთი ადამიანები გვევლინებიან, ვისთვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება უცხოა, ან შესაძლოა, მათ ანაცვალეს კარგ სამსახურსა და კარგ ანაზღაურებას პატრიოტიზმი და სახელმწიფოს სიყვარული. ამ ადამიანების დიდი ნაწილი თავს თვლის მსოფლიო მოქალაქედ, მათთვის ერი, სახელმწიფო, როგორიცაა საქართველო, ჩამორჩენილობის საკითხია. ისევე, როგორც თავის დროზე ბოლშევიკებისთვის საქართველო კი არ იყო განმსაზღვრელი, არამედ მათთვის მთავარი იყო მუშათა კლასი. მათთვის ეროვნებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მიწები რომ გააჩუქა სერგო ორჯონიკიძემ, მისთვის რომ გეკითხათ, რატომ გააჩუქა მიწები, გეტყოდათ, რომ მთავარი საქართველო კი არა, მუშათა კლასი იყო და რა მნიშვნელობა ჰქონდა, რომელი მუშათა კლასის დაქვემდებარებაში იქნებოდა საინგილო. დღესაც ზუსტად ამას ასრულებს არასამთავრობო სექტორი, რომელსაც სულ სხვა შეხედულებები აქვს პატრიოტიზმთან, სამშობლოსთან და თუნდაც ეკლესიასთან მიმართებით.
დასავლეთში ტრადიციული ღირებულებების მქონე საზოგადოებაა. შესაბამისად, რატომ უნდა მოეწონოთ მათ ქართველი არასამთავრობოების მხრიდან ეროვნების ცნების იგნორირება? რამდენად ჯდება მათ ინტერესში ეროვნების უარყოფა?
- საქმეც ისაა, რომ დასავლეთს და თუნდაც აშშ-ს ამაში არ ვგულისხმობ. ამერიკა, თუ ევროპის ქვეყნები ქრისტიანულ ღირებულებებზე დამყარებული სახელმწიფოებია და, ხშირ შემთხვევაში, ამ ქვეყნების მოსახლეობისთვისაც მიუღებელია ჩვენი არასამთავრობოების ულტრალიბერალური შეხედულებები. შეგახსენებთ, 1938 წელს აშშ-ში მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრირდებიან უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. ეს მოხდა იმიტომ, რომ ამერიკელ ხალხს გაიოლებოდა უცხო ქვეყნების მხრიდან დაფინანსებული ადამიანების ამოცნობა. პირდაპირ ასე წერია ამ კანონის განმარტებაში. ანუ ისინი რეგისტრირდებიან ოფიციალურად, როგორც უცხო ქვეყნის აგენტები. წარმოიდგინეთ, ჩვენთან რა მოხდება, ეს არასამთავრობო სექტორი ვალდებული რომ იყოს, დარეგისტრირდეს უცხო ქვეყნის აგენტად და ტელევიზიებში გამოსვლისას მათ ეწეროთ „უცხო ქვეყნის აგენტი“. იგივე მოხდა 2016 წელს ისრაელშიც, ქნესეთმა 2016 წლის ივლისში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიიღო. ასე რომ, ისრაელის სახელმწიფო შეხედულებები ერთი-ერთზეა ამერიკის კანონმდებლობასთან უცხო ქვეყნების მხრიდან დაფინანსებული აგენტების შესახებ.
გავიხსენებ ვიქტორ ორბანს, რომელმაც სოროსის ფონდს დიდი პრობლემები შეუქმნა და აკრძალა. ეს ჩვენი საერთო სენია, რომელიც საერთაშორისო კორპორაციებმა კონსერვატიულ საზოგადოებას თავს მოახვიეს, როგორც საქართველოში, ასევე, ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში.
90-იანი წლებიდან და უფრო ადრინდელი პერიოდიდან მოყოლებული, ეროვნული მოძრაობის კორიფეები გვყავდა-ზვიადი, მერაბი, ვხედავდით, მათი ქარიზმა როგორი გადამდები იყო ჩვენს საზოგადოებაზე, დღეს რამდენად საჭიროა ეროვნული მოძრაობის მსგავსის წამოწყება? თუ სამუდამოდ უნდა შევყურებდეთ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გამუდმებულ პაექრობას?
- ბევრს გაუკვირდება, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა სახელმწიფოებრივი მახინჯი მოდელია. ვგულისხმობ საპარლამენტო მოდელზე გადასვლას. საზოგადოებაში ბევრი კითხვა ისმის, რადგან ჩვენ ვუყურებთ ერთმანეთთან ქიშპობით დაკავებულ „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ტრადიციულ და ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებულ ახალ ძალას ელოდება. დღევანდელ დღეს ამისთვის აუცილებელი პირობაა ფინანსების ქონა. როდესაც ეს ფინანსები არ არსებობს, უკვე ამდენი წელია, ასეთი ძალაც ვერ იქმნება. პრობლემა არის საპარლამენტო მახინჯი მმართველობა. ამიტომ უნდა აღდგეს ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა, რომელიც ზედგამოჭრილია დღევანდელი სიტუაციისთვის. ამით ჩვენს საზოგადოებას საშუალება ექნება, აირჩიოს ძლიერი, მაღალი უფლებების მქონე პრეზიდენტი, რომელიც გვერდში დაიყენებს ღირსეულ ადამიანებს და მიხედავს სახელმწიფოს.
ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენთან საპრეზიდენტო მოდელმა არ გაამართლა, ამიტომ უნდა დავრჩეთ იმ სისტემაზე, რაზეც ვართ. ეს იგივეა, რომ ვთქვათ, რომელიღაც ოჯახის უფროსი არ ამართლებს და ამის გამო ოჯახის ინსტიტუტი გავაუქმოთ. ეს არასწორი შედარებაა. თუნდაც რომი გავიხსენოთ, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს რომში 6 თვით ირჩევდნენ დიქტატორს, რადგან ქვეყნის დალაგება უფრო მარტივია მაშინ, როდესაც ძალაუფლება ერთი პიროვნების ხელშია თავმოყრილი, ერთი პიროვნების ხელში ბრძანებების, დადგენილებების, იდეების რეალიზება სწრაფად ხდება. ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რადგან დღევანდელი სისტემა ქაოსის წინაპირობაა, ხოლო საპრეზიდენტო სისტემით გვაქვს შანსი, ხალხის მიერ მხარდაჭერილი ძლიერი ლიდერი მოვიდეს, რომელიც ძირეულად შეცვლის და ჭაობიდან გამოიყვანს სახელმწიფოს. მე საპრეზიდენტო ამერიკულ მოდელზე ვსაუბრობ. ეს სულაც არ ნიშნავს, საპრეზიდენტო მოდელზე როგორც კი გადავალთ, პირველი, ვისაც აირჩევს ხალხი, ის აუცილებლად გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან, მაგრამ საპრეზიდენტო მოდელით ამის შანსი გვაქვს, დღევანდელ მოდელით კი შანსი არ გვაქვს. მსოფლიო ისტორიას რომ გადავხედოთ, ქვეყნების ჭაობიდან ამოსვლა და სწრაფი წინსვლა ყოველთვის ძლიერ მეთაურს უკავშირდება.
რაც შეეხება „ნაციონალებს“, თქვენ დაბეზღება ახსენეთ, რამაც ასოციაცია გააჩინა კონგრესში დაბეზღებებთან, აგრესიული ლობისტების გამოყენებასთან საქართველოს საზიანოდ... დღევანდელ დღესაც თუ შევხედავთ, ამასაც მოხერხება უნდა, „ნაცებმა“ გაგატარონ სირცხვილის დერეფანში.
- „ნაცმოძრაობა“ და ის ადამიანები, რომლებიც მათ გვერდით დგანან, უკვე ცინიზმის სფეროა. ეს ადამიანები მერე იტყვიან, ხალხი ჩვენს გვერდით რატომ არ დგას და რატომ არ არის ჩვენი აქციები მრავალრიცხოვანიო? როგორ იქნება მრავალრიცხოვანი, როდესაც აქციებზე გამოდის ისეთი ხალხი, რომელთაგან ერთი დაიხურავს ცისფერ ქუდს და იტყვის, ეს ქუდი იმიტომ დავიხურე, რომ სოლიდარული ვარ ლგბტ თემის მიმართ. ამ დროს ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან ხალხის განწყობა ჰომოსექსუალური საკითხების მიმართ; გამოდის ბერძენიშვილი და ამბობს, ეს ქვეყანა ეკუთვნის უმცირესობებს; მესამე გამოვა, უგულავას ვგულისხმობ, რომელსაც ბიუჯეტიდან 50 მილიონი აქვს მოპარული და საზოგადოებას ჭკუას არიგებს; მეოთხე დგას ამ აქციებზე, რომელიც ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციაში ჩაწერას და ქართული მიწების გაყიდვის აკრძალვას ფაშიზმს უწოდებს, ვსაუბრობ რომან გოცირიძეზე. ახლა გოცირიძემ საერთოდ სისულელე დააბრეხვა და ეკლესიას ურჩია, ზიარების დროს ერთჯერადი კოვზები გამოიყენეთო. ამ ადამიანების გვერდით როგორ შეიძლება დადგეს საზოგადოება? სულ ახლახანს ბერძენიშვილების შვილმა „ღირსეულად“ გააგრძელა მამისა და ბიძის საქმიანობა და ჩვენი საამაყო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე მხოლოდ იმის გამო გალანძღა, რომ მან სპორტსმენებთან ერთად გადაიღო სურათი პრემიერ-მინისტრთან. ჩემი აზრით, ამ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ ის ელემენტარული და მცირე მხარდაჭერაც კი, რაც აქვთ. სწორედ ამიტომაა საჭირო ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ხელისუფლებასაც სამართლიანად გააკრიტიკებს და ამავდროულად სათანადო ადგილს მიუჩენს იმ ადამიანებს, რომლებიც 9 წელი ამ ქვეყნის მოსახლეობას აწამებდნენ, ციხეებში ალპობდნენ, ამ ქვეყანას გაუყიდეს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები, რომელთა უმრავლესობაც რუსეთს მიჰყიდეს და ამის შემდეგ კიდევ გამოდიოდნენ და მეორე წუთში რუსეთს აგინებდნენ. აღარაფერს ვამბობ, რომ ახალგორი და კოდორი ლანგრით მიართვეს რუსეთს.
როგორც ჩანს, თქვენ ლუსტრაციის მომხრე ხართ, მაგრამ, თუკი ახლო წარსულს გადავხედავთ, ლუსტრაცია არც არის საჭირო, რადგან ყველას კარგად გვახსოვს „ნაცმოძრაობის“ ნამოქმედარი.
- ხე ნაყოფით იცნობა, ადამიანიც თავისი საქმით გამოიცნობა. შეხედონ ამ ადამიანების წარსულს, ვინ იყვნენ, სად იყვნენ, რა განცხადებებს აკეთებდნენ და ძალიან მარტივია ყველაფერი.
თქვენ პირადად როგორ გესმით ხალხის მსახურება? როგორც მახსოვს, ფერეიდნელებიც ჩამოიყვანეთ საქართველოში, რომლებიც არ კარგავენ ქართულ ფესვებს. ასევე, დიდგორობის დღის უქმედ გამოცხადებას მოითხოვდით, გქონდათ კაზანტიპის საწინააღმდეგო აქტივობა, გსურთ დემოგრაფიული საბჭოს შექმნა... ეს თქვენთვის ჩვეულებრივი საზოგადოებრივი აქტივობაა, თუ უფრო მეტია?
- ჩემი ინიციატივა იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გამკაცრება, რომელსაც პარლამენტარ ემზარ კვიციანის დახმარებით მივაღწიეთ. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, სხვადასახვა უმნიშვნელოვანესი 37 კანონპროექტი მაქვს დაწერილი და ქვეყანას ვემსახურები, როგორც შემიძლია. ფერეიდნელების თემა იქნებოდა, თუ 37 კანონპროექტი, არავისგან მიმიღია დაკვეთა. ჩემი ერთადერთი დამკვეთი იყო ქართველი ხალხი. საკუთარ თავზე მიჭირს საუბარი, მაგრამ, თუ ყველა ადამიანი საკუთარ აგურს დადებს ქვეყნის მშენებლობის საქმეში, ამ ქვეყანას ეშველება.
სამწუხაროდ, ამნაირი კაცების ასპარეზი ყოველთვის შეზღუდულია და ხალხიც ნაკლებად იცნობს. მიზეზი: "ფუყე თავთავი თავს მაღლა იწევს, სავსე კი მუდამ თავდახრილია". აუცილებელია მათი წარმოჩენა და პოპულარიზება!..
მადლობა მანანა ნოზაძეს ამ საუბრისათვის!
წარმოიდგინეთ, ჩვენთან რა მოხდება, ეს არასამთავრობო სექტორი ვალდებული რომ იყოს, დარეგისტრირდეს უცხო ქვეყნის აგენტად და ტელევიზიებში გამოსვლისას მათ ეწეროთ „უცხო ქვეყნის აგენტი“.
იგივე მოხდა 2016 წელს ისრაელშიც, ქნესეთმა 2016 წლის ივლისში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიიღო."
!!!
რამდენი წელია, FOR.GE-ს მკითხველები სისტემატურად ითხოვენ ხელისუფლებისაგან, რომ გაასაჯაროოს, რომელი ' ა ს ო ' საიდან ფინანსდება, რათა გაიგოს ხალხმა, ვინ ვის სამსახურშია!..
მაგრამ არ გააკეთებენ ამას, რადგან ვინც უნდა ისმინოს "ხმაი მღაღადებლისა", სწორედ იმათი ცოლები, ქმრები, შვილები და ა.შ. უმეტესად, ამ ენჯეოებიდან ჭამენ პურს!..
რომელია ისეთი გიჟი, სახელმწიფო ინტერესი პირად ინტერესზე მაღლა დააყენოს?! - ჩვენ ხომ ქართველები ვართ!