იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძემ ქუთაისის „ტორპედოს“ საკითხზე შეხვედრა გამართა პოტენციურ იტალიელ ინვესტორებთან, რომლებიც მერიის მიერ შეთავაზებულ გეგმას ეთანხმებიან.
მიმდინარე ტექნიკური საკითხების განხილვა კვირის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდგომაც გუნდს ახალი მფლობელი ეყოლება. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გუნდს სტაბილური დაფინანსება უნდა ჰქონდეს, ფეხბურთელების კონტრაქტების პირობები არ უნდა ირღვეოდეს, როგორც ეს მანამდე ხდებოდა.
მიმდინარე სეზონში ქუთაისურ კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც „ტორპედო“ ათამდე ფეხბურთელმა დატოვა. ქუთაისური კლუბის გულშემატკივრებმა ზაალ ჩაჩავას „ტორპედოდან“ წასვლის მოთხოვნით რამდენჯერმე საპროტესტო აქცია გამართეს. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მაშინ გულშემატკივრების პრეტენზიებს სამართლიანი უწოდა.