ლეგენდარულმა მომღერალმა და მსახიობმა ლაიზა მინელიმ საკუთარ დედაზე გადაღებული ფილმის, „ჯუდის“ ნახვა არ ისურვა. მსახიობის თქმით, ფილმი არც მის დას, ლორნა ლაფტს არ უნახავს. ამის შესახებ Variety წერს.
„არ მაინტერესებს, როგორ თამაშობს რენე ზელვეგერი დედაჩემის როლს. იმედია, მან გადაღებებზე სიამოვნება მიიღო,“ - აღნიშნა მინელიმ. მის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ფილმის რეჟისორი რუპერტ გულდი.
რეჟისორის თქმით, მისთვის დების პოზიცია გასაგებია, თუმცა თუ ლაიზა და ლორნა ფილმის ნახვას მაინც გადაწყვეტენ, მიხვდებიან, თუ რა პატივისცემითა და სიყვარულით არიან ფილმის შემქმნელები განწყობილნი მათი დედის მიმართ. „ჯუდი“ ცნობილი მომღერლის, ჯუდი გარლენდის ცხოვრების უკანასკნელ თვეებს ასახავს. მთავარი როლის შემსრულებელი რენე ზელვეგერი კი ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზეა წარდგენილი.