„ჩინეთისა და რუსეთის ინტერესები კავკასიაშიც და სხვა რეგიონებშიც უკვე აღარ ემთხვევა ერთმანეთს“

„ჩინეთისა და რუსეთის ინტერესები კავკასიაშიც და სხვა რეგიონებშიც უკვე აღარ ემთხვევა ერთმანეთს“

2020 წელი მსოფლიო რუკაზე ირან-ამერიკის მორიგი დაპირისპირებით გაიხსნა. არც ისრაელ-პალესტინას შორის არის დამთბარი სიტუაცია. კიდევ სად შეიძლება ველოდოთ მორიგ ცხელ კერებს მსოფლიოში და რა კორექტივები შეიტანა დონალდ ტრამპმა სამყაროს დღის წესრიგში? ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

მსოფლიოში სურათი რამდენად შეიცვალა ირან-ამერიკის სერიოზული დაპირისპირების შემდეგ და მართლაც აგვაცილა თუ არა დონალდ ტრამპმა მესამე მსოფლიო ომს?

- მართალია, ორივე მხარემ, როგორც ირანმა, ისე ამერიკამ უკან დაიხიეს და თავიანთი ამბიციები დაიოკეს, მაგრამ მათ შორის ჰიბრიდული ომის ელემენტები კვლავაც გრძელდება. ირანელები კვლავ განაგრძობენ ამერიკის საელჩოს დაბომბვას. ორი ასეთი შემთხვევა მოხდა, როცა ერაყში, ბაღდადში ამერიკის საელჩო დაიბომბა, ნასროლი იყო ექვსი რაკეტა, აქედან სამი რაკეტა დაეცა უშუალოდ ამერიკის საელჩოს ახლოს მდებარე ტერიტორიას. ამერიკელებმა გამოაქვეყნეს კიდეც სრული სია, თუ რამდენი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა მსუბუქად, ტვინის შერყევა და მსუბუქი ჭრილობებიც დაფიქსირდა იმ დარტყმების შედეგად, რაც განხორციელდა ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ ირანელების მხრიდან. ამის შემდეგ კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ამერიკის სამხედრო ბაზაზე და მერე იყო ამერიკის საელჩოზე კიდევ ორი დარტყმა.

სულ რამდენიმე დღის წინ კი მოხდა საინტერესო ფაქტი, რომელიც ადასტურებს იმ ჰიპოთეზას, რომელიც მე ადრეც გამოვთქვი, რომ შეიძლება, ირანის სპეცსამსახურებმა დაამყარონ კავშირი თალიბანის მოძრაობასთან და მოახდინონ ერთობლივი ძირგამომთხრელი საქმიანობა ამერიკელების წინააღმდეგ. კერძოდ, ახლახანს ღაზნის პროვინციაში ჩამოვარდა ამერიკული სამხედრო-სადაზვერვო თვითმფრინავი, სადაც, სავარაუდოდ, ათამდე ამერიკელი იმყოფებოდა, ძირითადად უფრო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრები, რომლებიც ახორციელებდნენ საბრძოლო მოქმედებების მონიტორინგს. თალიბები ამბობენ, რომ მათ ჩამოაგდეს ეს თვითმფრინავი სტინგერის სარაკეტო კომპლექსის მეშვეობით, ამერიკელები კი ირწმუნებიან, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა პრობლემის გამო. საუბარია მცირემასშტაბიან სადაზვერვო თვითმფრინავზე-E 111 A, რომელიც გამოიყენება ელექტრონული დაზვერვისა და საჰაერო სადაზვერვო მონიტორინგის ოპერაციების საწარმოებლად. რაც ყველაზე საინტერესოა, როგორც ამბობენ, ამ თვითმფრინავში იმყოფებოდა სწორედ გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ერთ-ერთი უშუალო ხელმძღვანელი, დასახელებული იყო გვარი, ვინმე ენდრიუ, ოპერატიული ფსევდონიმით „შავი პრინცი“, რომელიც უშუალოდ კურირებდა ირანის წინააღმდეგ ოპერაციას და, ვარაუდით, უშუალოდ მონაწილეობდა ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციაში.

თუკი ეს ფაქტი დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ ირანის გაჩუმება მოჩვენებითია და ის უკან არ იხევს?

- ამ ფაქტის დადასტურების ალბათობა მაღალია, რადგან ამერიკელები ძალიან საეჭვოდ არიან გაჩუმებულნი. სხვათა შორის, თვითმფრინავი ჩამოვარდა თალიბების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამერიკელების შეიარაღებული ძალების დიდი კონტინგენტი გაიგზავნა ამ ტერიტორიაზე, რათა თვითმფრინავი უკან წამოეღოთ, მაგრამ თალიბებმა ეს კონტინგენტი შეაჩერეს და ამერიკელებს არ მისცეს საშუალება, მისულიყვნენ კონკრეტულ ადგილამდე. თუმცაღა შემდგომში, მოლაპარაკების შედეგად, ამერიკელებმა, როგორც ჩანს, მოახერხეს დაღუპულ ამერიკელთა ნეშტების მიღება. თუ დადასტურდა, რომ იქ დაღუპულია აღნიშნული თანამშრომელი, მაშინ შეიძლება დადასტურდეს ჰიპოთეზა, რომ ირანის სპეცსამსახურები და თალიბანი ერთმანეთთან არაფორმალურად თანამშრომლობენ ამერიკელების წინააღმდეგ და ეს იყო მათი მხრიდან შურისძიების ტიპის ოპერაცია.

ტრამპს საამაყოდ ჰქონდა, რომ მესამე მსოფლიო ომს გადაარჩინა სამყარო. მართლაც ასეა?

- მესამე მსოფლიო ომს სამყარო დროებით გადარჩენილია. თუმცა კითხვები გააჩინა ტრამპის მიერ შემოტანილმა სამშვიდობო ინიციატივამ, რომელსაც, წესით, ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია კარდინალურად უნდა შეეცვალა. ამისთვის ვაშინგტონში დაიბარეს ისრაელის მმართველი თუ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ტრამპმა ეს საკითხი შეათანხმა ისრაელის მხარესთან, მაგრამ პალესტინის მხარესთან საკითხი არ იყო შეთანხმებული. წესით, აქ უნდა ყოფილიყო სერიოზული გარღვევა, ანუ კემპ- დევიდის ტიპის ისტორიული ხელშეკრულების მსგავსი უნდა ყოფილიყო ტრამპის მიერ შემოტანილი სამშვიდობო ინიციატივა. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ამერიკა მზად იყო, ხელი შეეწყო, პალესტინელებს გამოეცხადებინათ თავიანთი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. მოგეხსენებათ, ებრაული და არაბული ნაწილი გაყოფილია დიდი კედლის მეშვეობით, სწორედ კედლის აღმოსავლეთით მდებარე არაბული რაიონი უნდა გამოცხადებულიყო პალესტინის ახალი სახელმწიფოს დედაქალაქად, უნდა მომხდარიყო ღაზის სექტორში რადიკალური ისლამის ჯიჰადისტური დაჯგუფების ალაგმვა, ისრაელს უნდა გამოეყვანა პალესტინის ავტონომიური რესპუბლიკიდან ისრაელის რეპატრიანტები და ამის საფუძველზე, თუ ადამიანის უფლებები იქნებოდა დაცული, ამერიკა მზად იყო, ჩაედო 50 მილიარდი დოლარი ახალი პალესტინის სახელმწიფოებრიობის განვითარების საქმეში. ეს ინიციატივა ტრამპმა თავის ჩვეულ ეპატაჟურ სტილში მხოლოდ ისრაელის მხარესთან შეათანხმა და პალესტინელებთან არ შეათანხმა, რამაც გამოიწვია სერიოზული გართულება, პალესტინის ავტონომიის ლიდერმა აბასმა უარყო ტრამპის წინადადება და ამან შეიძლება გამოიწვიოს ახალი დაძაბულობის კერების გაჩენა, ვინაიდან პალესტინელებმა ეს შეურაცხყოფად მიიღეს. იქ არის პალესტინელებისთვის მიუღებელი პუნქტები, მათ შორის, ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება და სხვა.

თავის დროზე, აშშ-ის პრეზიდენტმა-ჯიმი კარტერმა, როდესაც მიაღწია კემპ-დევიდის სამიტზე ხელშეკრულებას, იქ თანაბარ დონეზე ორივე მხარე იყო მიწვეული, ის ისტორიული ხელშეკრულება იყო, რადგან იმ პერიოდში ისრაელმა გადასცა ეგვიპტეს მთლიანი სინაის ნახევარკუნძული, ეგვიპტემ სცნო ისრაელის დამოუკიდებლობა, ტყვეებიც გაცვალეს და ამ სერიოზულმა გარღვევამ დასაბამი დაუდო არაბეთ-ისრაელის კონფრონტაციის შეჩერებას, რომლის ლოგიკური შედეგიც იყო ოსლოში დადებული ისტორიული ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, პალესტინელებს მცირე პოლიტიკური ავტონომია გაუჩნდათ, პირველად მოხდა, რომ პალესტინელებმა და ისრაელელებმა დაიწყეს გაეროს რეზოლუციის აღსრულება. დღეს კი დონალდ ტრამპის 80-გვერდიან ინიციატივაში, რომელსაც რატომღაც ასაიდუმლოებენ და, რომელზეც 2017 წელს დაწყო მუშაობა, ფაქტობრივად, მხოლოდ ისრაელის მხარე იყო ჩართული ამ პროექტის მომზადებაში, ერთი დადებითი მომენტია - პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღდგენა და გამოცხადება, რაც შეიძლება ისტორიული მომენტი ყოფილიყო. მთელი არაბეთ-ისრაელის კონფლიქტი ხომ იმის გამოა, რომ ისრაელმა პალესტინელებს სახელმწიფოს შექმნის საშუალება არ მისცა, თუმცა ამაში ისრაელის მხარე არ იყო დამნაშავე, რადგან იმ პერიოდში არაბულმა მხარემ მოინდომა ისრაელის სახელმწიფოს განადგურება. ისრაელიც იძულებული იყო, გადასულიყო შეტევაზე და პალესტინისთვის სახელმწიფოებრიობის შექმნის საშუალება არ მიეცა.

როგორც ვატყობ, სიტუაცია კიდევ უფრო აირევა, შეიძლება, ამერიკა-ირანის ომი არ იყოს, მაგრამ ირან-ისრაელის ომის ალბათობა შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს. კიდევ ერთი ნიუანსია, ისლამური სახალიფოს ახალმა ლიდერმა პირველი მიმართვა გააკეთა და განაცხადა, რომ ისლამური სახალიფოს ხელმძღვანელობის პერიოდში მისი მთავარი მიზანი ისრაელის განადგურება იქნება.

როგორც ჩანს, საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე. ასეთ ვითარებაში, ალბათ, აიწევს რუსეთის წონა.

- საგარეო პოლიტიკაში მართლაც სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება რუსეთს, სამწუხაროდ, რუსეთი დღეს რჩება ტრიპოლარული, სამმხრივი მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთ მოთამაშედ. ეს გახლავთ სამგანზომილებიანი მსოფლიო წესრიგი, სადაც მთავარი მოთამაშეები არიან ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე ექსპერტთა ჯგუფებმაც დაადასტურეს. ევროპელი პოლიტიკოსები ადასტურებენ, რომ ჩვენ გვაქვს ტრიპოლარული მსოფლიო წესრიგი.

ანუ კვადროპოლარულიდან გადავედით ტრიპოლარულ სამყაროზე?

- ფაქტობრივად, ევროკავშირმა არ გაამართლა. ბრიტანეთში ჯონსონისა და კონსერვატიული პარტიის გამარჯვებამ ბრექსიტი რეალური ძალა გახადა. სამწუხაროდ, ევროკავშირმა ვერ შეძლო, შეექმნა სამხედრო კომპონენტი, ერთიანი თავდაცვითი უსაფრთხოების პოლიტიკა, რაც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ მას გლობალური გავლენის ცენტრის სტატუსი ჰქონოდა. დღეს ევროკავშირის გავლენის სფეროები შეზღუდულია, ევროკავშირის წევრებს შორის დიდი პრობლემებია. ევროკავშირმა გაფართოების პოლიტიკაც შეაჩერა. გაფართოების პოლიტიკა, სადაც საქართველო, მოლდოვა, ბალკანეთი მოიაზრება, შეჩერებულია და როდის განახლდება ეს პოლიტიკა, არავინ იცის.

ამ ტრიპოლარულ სამყაროში ამერიკა დაწინაურდება, ჩინეთი, თუ რუსეთი, ალბათ, არავინ იცის, თუმცა ისიც ფაქტია, რომ აგრესიული რუსეთი მოუთოკავია და პერიოდულად შეუზღუდავი დიაპაზონის მქონე ბირთვულ რაკეტებს ცდის. რუსეთის საპირწონე ამერიკას შესწევს ძალა, შეაჩეროს კრემლის არაპროგნოზირებადი აგრესია?

- ამერიკას შესწევს ეს ძალა, მაგრამ მე უფრო გამოვარჩევდი ჩინეთს. რუსეთს ბევრი აკლია, ჩინეთამდე მივიდეს. ჩინეთი არის მეორე მსოფლიო ეკონომიკური ცენტრი. სხვათა შორის, ჩინეთმა სერიოზულად გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი. ფაქტობრივად, ყველა კონტინენტზე ჩინეთს თავისი ინტერესები გააჩნია, ისევე, როგორიც ამერიკელებს. ბოლოს და ბოლოს, ჩინეთს უფრო მეტი ინტერესი აქვს კავკასიის რეგიონთან მიმართებით, ვიდრე ამერიკას. მე მაგალითად, რუსეთის საწინააღმდეგოდ ჩინეთსაც განვიხილავდი, რადგან ჩინეთისა და რუსეთის ინტერესები კავკასიაშიც და სხვა რეგიონებშიც უკვე აღარ ემთხვევა ერთმანეთს და საპირისპიროდაც კი მიდის. მაგალითად, აფრიკაში უკვე მოხდა ჩინეთისა და რუსეთის ინტერესების დაპირისპირება.

მაგრამ ჩინეთსა და რუსეთს ჰყავთ საერთო მოწინააღმდეგე-ამერიკის სახით.

- მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და რუსეთს გააჩნიათ საერთო მოწინააღმდეგე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტრიპოლარული სამყარო არ არის კოალიციური, ამ სამივე ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ინტერესები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ანუ ამერიკა დაუპირისპირდეს ჩინეთს, ჩინეთი-ამერიკას, რუსეთი-ამერიკას, მაგრამ, ამავე დროს, ჩინეთი შეიძლება დაუპირისპირდეს რუსეთსაც. ეს სიტუაცია ჩვენთვის ძალზედ ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობაა. საქართველო ჩარჩა ცივი ომის მენტალიტეტში, ჩვენ მხოლოდ ვხედავთ ორ ძალას-დასავლეთსა და აღმოსავლეთს. სინამდვილეში, ასე არ არის, ჩვენ ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ და მენტალურადაც არ ვართ ამისთვის მზად. ჩვენ ისიც არ ვიცით, როგორ იმართება დღევანდელი მსოფლიო წესრიგი.

სხვათა შორის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არა მარტო საქართველოს ელის დემოგრაფიული კრიზისი, არამედ რუსეთსაც, თავისი ცარიელი უზარმაზარი ტერიტორიებით. ამ მხრივ ჩინეთი მათთვისაც სერიოზული საფრთხეა.

- ამაშიც გამოიხატება რუსეთ-ჩინეთის დაპირისპირება. შეიძლება, კიდევ უფრო მეტადაც გამოიხატოს ეს დაპირისპირება და ყველა მოთამაშემ საკუთარი თამაში დაიწყოს. ანუ ამერიკელებმა შეაკავონ რუსები აღმოსავლეთ ევროპაში, ამავე დროს, ამერიკამ შეაკავოს ჩინეთი წყნარ-ოკეანეთში, ან პირიქით მოხდეს, ჩინეთმა შეაკავოს ამერიკა, ისიც შეიძლება, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყოს დაპირისპირება ევრაზიის სივრცეში დომინანტობისთვის, მათ შორის კავკასიის რეგიონიც მოიაზრება.

როდესაც ვერსიებზე ვსაუბრობთ, ხომ შეიძლება, ამერიკა-რუსეთი ერთად დადგნენ საერთო მტრის - ჩინეთის წინააღმდეგ?

- ტრიპოლარული მსოფლიო წესრიგი ასეთ კომბინაციებს თავისუფლად ითვალისწინებს. მაგალითად, ამერიკა და ჩინეთი ჰარმონიაშია იმ მხრივ, რომ ორივე დიდი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს დე ფაქტო რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, რაც რუსეთის საწინააღმდეგოა, მაგრამ ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოება არც ჩინეთს აწყობს, არც რუსეთს. ამით რუსეთისა და ჩინეთის თანხვედრაა, შეაკავონ ამერიკელების ჰეგემონიზმი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არეალზე. ამავე დროს, სამივე ქვეყნის ინტერესი აფრიკაში საპირისპიროა. აღმოსავლეთშიც საინტერესო კომბინაციაა, იქაც იკვრება რუსეთისა და ჩინეთის ინტერესები ამერიკის საწინააღმდეგოდ. მაგალითად, ავღანეთში სამივე ქვეყნის ინტერესი ერთადაა შეკრული - ჩინეთის, რუსეთის და ამერიკის, რათა ავღანეთში არ მოვიდნენ რადიკალური ჯიჰადისტური ძალები და სამივე ქვეყნის წინააღმდეგ არ წარმართონ სერიოზული დაპირისპირება.

რაც შეეხება ჩვენს მეორე მეზობელ თურქეთს, ერდოღანის მმართველობისთვის დამახასიათებელი თურქეთ-ამერიკის დაპირისპირება კვლავაც გაგრძელდება?

- ეს დაპირისპირება გაგრძელდება, ამაში ეჭვი არ მეპარება. მე მგონი, აქ უკვე სხვა თამაშის წესები ვითარდება, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება, რადგან ამერიკამ შემოიღო სანქციები არა მარტო „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის, არამედ „სამხრეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგაც. აქ უკვე თურქეთის პირდაპირი ინტერესებია და თურქეთმა განაცხადა კიდეც, თუ „სამხრეთ ნაკადის“ წინააღმდეგ მოხდებოდა ზომების მიღება, ისინი სანქციებს გამოუცხადებდნენ ამერიკასაც.

ისლამური სახალიფოს - დაიშის შესახებაც მინდა გკითხოთ, მათი ძალები მილევადია?

- ახლა უკვე სიტუაცია დაიძაბა, ერაყის მთავრობა იხილავს, რომ ამერიკის ჯარები გაიყვანოს ერაყის ტერიტორიიდან, სირიაში დაპირისპირების ახალი ტალღა იწყება და ლიბია იქნება 2020 წლის ყველაზე სერიოზული ცხელი წერტილი. პარადოქსული ფაქტია, თურქეთის ინტერესები უპირისპირდება ამერიკა-რუსეთის ინტერესებს. ამერიკა და რუსები უჭერენ მხარს ერთ დაჯგუფებას, მაშინ, როცა თურქეთი მხარს უჭერს დღევანდელი ეროვნულ-ნაციონალური მთავრობის ინტერესს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება, მაგალითად, გაერო მხარს უჭერს. სირიასა და ლიბიაში თურქეთმა მიიღო გადაწყვეტილება, პირდაპირი ინტერვენცია განახორციელოს.

თავის დროზე ტრამპი იძახდა, რომ ისლამური ტერორიზმი მის დროს დასრულდებოდა. ასე არ არის?

- რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ამერიკელები დასხდნენ მოსალაპარაკებლად მთავარ ტერორისტულ ორგანიზაცია - „თალიბანთან“ და მიაღწიეს შეთანხმებას, თალიბანი ერთი კვირით აჩერებს სამხედრო მოქმედებებს და ტრამპს გამოჰყავს ავღანეთიდან ჯარები. ამ დროს თალიბანი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეტანილი.

კავკასიურ გეოპოლიტიკას თუ გადავხედავთ, აქ ერთმანეთთან დაპირისპირებული ორგვარი გეოპოლიტიკური სამკუთხედი არსებობდა. ამ სამკუთხედების ორთაბრძოლა როგორი იქნება?

- ერთი მხრივ, იყო აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სამკუთხედი და, მეორე მხრივ, იყო სომხეთის, რუსეთისა და ირანის სამკუთხედი... სიტუაცია ახლა კურიოზულია, მაგალითად, თურქეთი და აზერბაიჯანი რუსულ ორბიტაზე არიან, საინტერესოა, ალიევის განცხადებები, როდესაც მან ევროგაერთიანება საერთოდ მოთხარა და განაცხადა, ევროგაერთიანება არასამართლიანი გაერთიანებაა და თურქეთს სადაც არ მიიღებენ, არ გვჭირდება ჩვენ მათთან არანაირი თანამშრომლობა და არ გვჭირდება ევროგაერთიანებაში გაწევრიანებაო. ეს სერიოზული განცხადებაა. რაც შეეხება ირანსა და სომხეთს, მათ რუსეთთან განსხვავებული ურთიერთობები აქვთ. ბოლოს და ბოლოს, ირანი და რუსეთი არიან კოალიციური მოკავშირეები აღმოსავლეთში.

საქართველოში ბევრი ადამიანი იმშვიდებს გულს, რომ რუსეთ-თურქეთის ერთობა მაინც დროებითი იქნება მათი ისტორიული მტრობიდან გამომდინარე.

- დროებითია თუ არ არის დროებითი, ამ დროებითობამ საქართველოს დააკარგვინა დამოუკიდებლობა და 70 წელი აღმოვჩნდით კომუნისტური მმართველობის წიაღში. სხვათა შორის, მაშინდელი ათა თურქისა და ლენინის ძმაკაცობა კარგა ხანს გაგრძელდა, ათა თურქი გარდაიცვალა 1934 წელს, მაგრამ მაშინდელი თურქეთის რესპუბლიკა იყო საბჭოთა კავშირის ნომერ პირველი მოკავშირე. 1938 წლის შემდეგ უკვე გადავიდა გერმანულ პოზიციებზე. მეტსაც გეტყვით, ანკარაში თავისუფლების ქანდაკებაზე, რომლის წინა პლანზეც ათა თურქია გამოსახული, უკანა პლანზე გამოსახულნი არიან ვოროშილოვი და აჩალოვი, ანუ საბჭოთა ლიდერები.

ამერიკა-რუსეთს შორის ამჟამად როგორი ურთიერთობაა და დათმობს თუ არა საქართველოს დასავლეთი?

- დასავლეთიც ჰომოგენური აღარ არის. თურქეთი და ამერიკა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაკრონმა ისიც თქვა, ნატოს ტვინი უკვე მოკვდაო და ლონდონის სამიტმაც აჩვენა სერიოზული დაპირისპირება. თურქეთმა საერთოდ დაადო ვეტო და გააჩერა დახმარება სტრატეგიულ მოკავშირებზე - პოლონეთსა და ბალტიის სახელმწიფოებზე. ამაზე მეტი საჩუქარი რა უნდა გაეკეთებინა ერდოღანს პუტინისთვის? ფაქტობრივად, თურქეთმა სამხედრო დახმარების პროგრამა შეაჩერა, რომელიც გულისხმობდა პოლონეთის, ლიეტუას, ლატვიის და ესტონეთის სამხედრო თავდაცვას რუსული აგრესიისგან. პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, კავკასიის რეგიონში რუსული გავლენა იზრდება, აზერბაიჯანმა აირჩია პრორუსული ორიენტაცია. სომხეთში ფაშინიანმა არ გაამართლა ფერადი რევოლუცია და სომხეთი კვლავ რუსულ ვექტორზეა, თქვენ წარმოიდგინეთ, თურქეთიც უკვე გადმოვიდა რუსულ ვექტორზე და საქართველო უკვე ალყაშემორტყმული ერთადერთი კუნძულია. საქართველოში იზრდება პრორუსული ძალების მომხრეთა რაოდენობა. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიც რუსეთს ეკუთვნის.

როგორც ჩანს, სანქციებმა დიდად არაფერი ავნო რუსეთს და რუსეთი კვლავაც ძლიერდება?

- არ ავნო, რუსეთმა მოახდინა ეკონომიკის რეფორმირება, რუსმა ოლიგარქებმაც მოასწრეს თავიანთი კაპიტალის გადატანა და დაბანდება აზიისა და ჩინეთის ტერიტორიაზე.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გაუმჯობესდება, თუ გაუარესდება?

- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დამოკიდებულია ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე და დამოკიდებულია იმაზე, ახალი ცივი ომის პროცესები როგორ წარიმართება, ეს გადავა ცხელ ფაზაში, თუ ცივ ფაზაში დარჩება. რუსეთი ჩვენ რომ არ შეგვეშვება, ეს ფაქტია.

 

Katana . კარგი ინტერვიუა, - საინტერესო კითხვებითა და ჭკვიანური პასუხებით!..
4 წლის უკან
Maverick კატანა, გეთანხმები და ვიტყოდი, რომ არა თუ საინტერესო, არამედ თამამი, ძლიერი შეფასებებია, მაგრამ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე რატომღაც ასეთი თამამი და ძლიერი შეფასებებისგან ხშირად თავს იკავებს.
4 წლის უკან