ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით გაჩაღებულმა წერილომანიამ უკვე ტენდენციის სახე მიიღო. ეპისტოლარულ რეჟიმში ყოველდღიურად გრძელდება ურთიერთობა გიორგი გახარიასთან. ამჯერად კიდევ ერთი ახალი კონგრესმენი გამოიკვეთა - ტეხასელი უილ ჰარდი, რომელმაც „ტვიტერზე“ დაწერა, „ჩვენ გვესმის პროტესტის შესახებ ჰონკონგსა და ირანში, თუმცა პროტესტი იყო საქართველოშიც, ეს თავისუფლებისმოყვარე ერი, რომელიც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, საკუთარი ხელისუფლებისგან დაპირებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას ითხოვს“.
რას შეცვლის კონგრესმენთა წერილები ქართულ რეალობაში? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
საერთაშორისო კრიტიკული აზრები და წერილები გროვდება საქართველოს ხელისუფლების მისამართით. მთელი ამ კრიტიკის ფინალი რა იქნება?
- ამ ისტორიის მთელი ტრაგიკომედია იმაში მდგომარეობს, რომ ძირითადად, ჩვენს პარლამენტარებს, ასევე. ე.წ. ექსპერტებსაც, ხელისუფლების მომხრე ექსპერტებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს, წარმოდგენა არ აქვთ ამერიკის პოლიტიკურ ანატომიაზე, ერთი წიგნი არ წაუკითხავთ ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, პოლიტიკური თამაშის წესებზე, კონგრესის როლზე. არც ის იციან, რატომ აქვს ასეთი უფლებები კონგრესს, სენატს. რატომ არის სენატში 100 წევრი, კონგრესში 435 წევრი. ამ ადამიანებმა ამერიკაში კი არა, ჩვენს გვერდით, რუსეთში რა ხდება, ისიც არ იციან, მათ იციან მხოლოდ ის, რაც ხდება საქართველოში და ყველაფერს ზომავენ ქართული არშინით.
ნაწილობრივ, ეს იმით ხომ არ აიხსნება, რომ უკვე სახუმაროდაც იქცა, მმართველ გუნდს ინგლისური ენის მცოდნეც არ დარჩა, ვისაც ამერიკელებთან ურთიერთობა არ გაუჭირდებოდა?
- თუ არ წაიკითხეს წიგნები, გინდ იცოდნენ ინგლისური, ამით რა შეიცვლება? ენის ცოდნა პანაცეა არ არის. აკაკი წერეთლის ნაკვესებშია, ერთხელ აკაკის უთხრეს რომელიღაც ქართველის შესახებ, ევროპაში იმყოფებოდა და რვა ენა იცისო, აკაკიმ უპასუხა, ეგ საწყალი, აქამდე მარტო ჩვენ ვიცოდით, რომ სულელი იყო და ახლა რვა ქვეყანაში ეცოდინებათ, რომ სულელიაო. ენის ცოდნა არ არის მთავარი, ასე რომ იყოს, პოლიგლოტები სულ გენიოსები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ რამდენი პოლიგლოტია, ვერაფერი შექმნეს ცხოვრებაში და თარჯიმნის იქით ვერ გასცდნენ თანამდებობას. ჩვენს პოლიტიკოსებს ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება კონგრესის წევრმა, 435-დან თუნდაც ხუთმა, ოთხმა, ან ერთმა კონგრესმენმა, ან 100-დან ორმა თუ სამმა სენატორმა შექმნან პოლიტიკური ამინდი, მით უმეტეს, თუ ის ოპოზიციონერი კონგრესმენია, თუ ის რესპუბლიკელი არ არის და დემოკრატია. არ არის ინგლისურის ცოდნა საჭირო, რუსულადაც უამრავი წიგნია და, ერთი პერიოდი, ჩვენი უნივერსიტეტიც ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაზე კრებულებს გამოსცემდა, 20 კრებულია გამოცემული 90-იან წლებში.
რაც შეეხება ინფორმაციის წყაროს, ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი ცდება, რომელიც ამბობს, რომ ამერიკელებს არ გააჩნიათ ზუსტი ინფორმაცია, ამერიკელები შეცდომაში არიან შეყვანილნი და ამბობენ მხოლოდ იმას, რასაც „ნაციონალები“ ეუბნებიან. ასეთი ნათქვამით უფრო აღიაზიანებენ ამერიკელ პოლიტიკოსებს, ამერიკელები ამას შეურაცხყოფად ღებულობენ. ამერიკის საელჩოს იმოდენა შენობა რომ არის ამ ერთი ციცქნა საქართველოში აშენებული, რა არის იმ შენობის დანიშნულება? ვინმემ იცის, რამდენი თანამშრომელია ამერიკის საელჩოში? ვინმემ იცის, რას აკეთებენ ისინი ინფორმაციის შეგროვების თვალსაზრისით? ერთ რამეს გეტყვით, ამერიკელმა დიპლომატებმა უკეთესად იციან, რაც ხდება საქართველოში, ვიდრე ჩვენ ვიცით, მათ უკეთესად იციან ის ინტრიგები, ივანიშვილის კარზე რაც ხდება, იციან მისი გარემოცვის შესახებაც. რაც შეეხება შედეგს, რითი დამთავრდება წერილების გამოგზავნა, ეს ყველაფერი უკვე რეტროსპექტივში უნდა განვიხილოთ. რითი დამთავრდა შევარდნაძისთვის ამერიკელების კრიტიკა? როდესაც ბუშმა მოსწერა ცნობილი წერილი შევარდნაძეს, დროა, ჩვენ წავიდეთ და ახალგაზრდებს დავუთმოთ ადგილიო. მაშინ შევარდნაძემ აგდებულად უპასუხა, თუმცა შევარდნაძემ კარგად იცოდა, რას ნიშნავდა ბუშის წერილი. უბრალოდ, საჯაროდ ხომ ვერ იტყოდა, ბუშმა მირჩია და უნდა წავიდეო.
ქართველ პოლიტიკოსებს, მმართველ გუნდსაც და ოპოზიციასაც, ძალიან მოკლე, პეპელასავით ერთდღიანი მეხსიერება აქვთ. მათ არ ახსოვთ, როგორ იღებდა ამერიკის, ევროპის შენიშვნებს თუნდაც ჩვენი წინა ხელისუფლება. როგორი იყო მათი რეაქცია? ისინიც ასე ამბობდნენ, ოპოზიციამ რაღაც უთხრა ამერიკელებსა და ევროპელებს და ამიტომაც ისმის მათგან საყვედურიო. დღესაც მეორდება ეს ყველაფერი.
„ნაციონალებს“ ასე ზედმიწევნით, ყოველდღიურ რეჟიმში მწავედ არ აკრიტიკებდნენ კონგრესმენები.
- ეს იმით აიხსნება, რომ ახლა 2020, ანუ არჩევნების წელია. უკვე ჩანს, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი ძაძებს არ ჩაიცვამს, თუკი „ქართული ოცნება“ დამარცხდება. თვითონ ამერიკელების შინაგანი, იმანენტური კოდია ეს, რომ არ შეიძლება დიდხანს იყოს ერთი ხელისუფლება, საამისოდ ამერიკელებს აქვთ ორი ვადა. ცოტა კრიტიკის თვალსაზრისითაც უნდა ვთქვათ, რომ ამერიკელებს მიაჩნიათ, მთელი მსოფლიო უნდა ცხოვრობდეს თამაშის ისეთი წესებით, როგორიც მათ გააჩნიათ. მოგვწონს, თუ არა, ეს ასეა. ხომ ხედავთ, ტრამპი მთელ მსოფლიოს ჭკუას ასწავლის, ახლა ებრაელებისა და პალესტინელების შერიგება გადაწყვიტა. ეს ამერიკელების ხელწერაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ეს არც არის გასაკვირი იმ ფონზე, რაც ამერიკამ გააკეთა მეორე მსოფლიო ომში, თუ გნებავთ, იმავე მარშალის გეგმით, ნატოს შექმნით და სხვა პროგრამებით.
რომელ ქვეყანას ნახავთ, ბიბლიიდან დაწყებული სად არის ასე, რომელმა ქვეყანამ შეძლო, ჯერ დაემარცხებინა თავისი მტერი და მერე თვითონვე დახმარებოდა, ფეხზე დაეყენებინა და მოკავშირედ ექცია, როგორც ამერიკამ გააკეთა იაპონიასთან, გერმანიასთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით. წარმოიდგინეთ, ხიროსიმასა და ნაგასაკის შემდეგ იაპონელები თვლიან, ამერიკელები რომ არ იყვნენ და მათ სამხედრო კავშირი არ ჰქონდეთ ამერიკელებთან, მათი საქმე ცუდად იქნებოდა.
გახსენდებათ, რომ კონგრესმენები ან სენატორები ასეთი ტონით მიმართავდნენ თავის მეგობარ რომელიმე ქვეყანას?
- როგორ არა. თავის დროზე ნიქსონი თავისი ადმინისტრაციით კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა პაკისტანის იმდროინდელ პრეზიდენტს, რადგან ის ბირთვულ იარაღს ქმნიდა. ამერიკის სხვა პრეზიდენტებიც არ აკლებდნენ კრიტიკას ისრაელს, აღარაფერს ვამბობ ამერიკის მხრიდან თავისი მეზობლების გაკრიტიკებაზე. იყო პრაგმატიზმიც, იყო კრიტიკაც. დღეს სხვა სიტუაციაა. მე ვთვლი, რომ საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ამერიკის დამსახურების გარეშე არ მომხდარა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკა მოვა და უხეშად ჩაერევა ჩვენს საშინაო საქმეებში. ამერიკელებს უამრავი სხვა ბერკეტები აქვთ, განსაკუთრებით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ადმინისტრაციული სასჯელებით მომიტინგეების დაპატიმრება და ციხეში ჩასმა, სამდღიანი, ხუთდღიანი, ათდღიანი ჯარიმები.
ამერიკაში უამრავი მიტინგი ყოფილა ხელისუფლების წინააღმდეგ, ძალიან კარგად მახსოვს ვიეტნამის ომის დროს რა ამბავი იყო ამერიკაში ყოველდღიურად, მაგრამ ვინ გაბედავდა, რომელიმე მომიტინგე დაეპატიმრებინა? მოსახლეობა ორ ნაწილად იყო გაყოფილი - ვიეტნამის ომში ამერიკის მონაწილეობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები, ამერიკელთა ამ ორ ჯგუფს შორის უფრო ძლიერი იყო დაპირისპირება და კონფლიქტი, ვიდრე ხელისუფლებასა და მის პოლიტიკურ ოპონენტებს შორის. საქართველოში კი კონვეიერული ელფერი მიიღო დაატიმრებებმა, სრული დატვირთვით მუშაობს დღეს ჩვენი სასამართლო სისტემა. გავრილოვის ღამის შემდეგ დღე არ გავა, ვინმე არ დაიჭირონ. მართალია, არ არის დიდი სისხლიანი გასწორებები და ხანგრძლივი ვადით პატიმრობის მისჯა, როგორც ადრე იყო, მაგრამ ის, რომ სასამართლო პროცესები გახშირდა, ესეც ფაქტია. ჩვენი უბედურება ისაა, რომ დღეს მმართველ პარტიაში ერთი პოლიტიკოსი არ არის. ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, თვითონაც არ მალავს ამას, თორემ გინახავთ, პოლიტიკოსს ეთქვას, მე არჩევნებში გავიმარჯვებ და, მაქსიმუმ, ერთი წელი ვიქნები, მერე წავალო? მაშინ ის პოლიტიკოსი არ არის. არ უყვარს მაგ კაცს პოლიტიკა. ეს მისი ნაკლი არ არის, ზოგს უყვარს, ზოგს არ უყვარს პოლიტიკა. პირადად მე თეორიულად ყოველდღე პოლიტიკაში ვარ, ჩემს შვილს კი ერთი ჩემი გამოსვლა არ უნახავს, ჩემს სტატიას რა წააკითხებს?
რას ნიშნავს ამერიკიდან შემოთვლილი ფრაზა, თუ ასე გაგრძელდა, გადავხედავთ ურთიერთობას საქართველოსთან? ეს კატეგორიულობა რისთვის დასჭირდა ამერიკას?
- კატეგორიული ტონი იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ გამოგზავნილი დახმარება ხელად შემცირდება. ამ დახმარების ათეულობით არხია, საქართველოში დღეს თითქმის არ არსებობს ისეთი სტრუქტურა, რომელიც თავისი მოდერნიზაციისთვის, რეფორმებისთვის უცხოეთის დახმარებას არ ღებულობდეს. საუბარია 30 მილიონზე, 15 მილიონზე, 100 მილიონზე, აღარაფერს ვამბობ მთავარ დახმარებაზე, რომელიც ამერიკის ბიუჯეტში ზის. დახმარების ათასი არხია და ერთ დღეს ეს ყველაფერი რომ შემცირდეს, მაშინ ნახეთ ლარის მდგომარეობა. მაშინ ნახეთ, უარესობისკენ როგორ უცებ შეიცვლება რუსეთის პოლიტიკა. ახლა კიდევ რუსეთი მეტ-ნაკლებად თავშეკავებულია, რადგან უკრაინის მაგალითი აქვს, რის გამოც რუსეთმა თუნდაც გუშინწინ კიდევ ახალი სანქციები მიიღო, უკვე ყირიმის ჩინოვნიკებმაც მიიღეს ახალი სანქციები.
„ამერიკული „ფრონტერა“ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის და 3,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას სთხოვს. ეს ის „ფრონტერაა“, რომელმაც დედოფლისწყაროს ქართული გაზის მარაგები დააკონსერვა და უფრო ძვირად აზერბაიჯანული გაზის შემოტანას შეუწყო ამით ხელი. აზერბაიჯანული გაზის წილებში კი სააკაშვილის ძმები და ნანუკა ჟორჟოლიანის ბიძაშვილები არიან. მერე ნუღარ კითხულობს ხალხი, ბენზინზე ფასები რატომ არ იკლებსო. ნაციონალების ბიზნეს-წილებია და მაგიტომ! ზუსტად ასე ჟვანიამ (არ დამიწყოთ ახლა, გარდაცვლილზე მხოლოდ კარგიო...) ტენდერში ფრანგების მოგებული „თელასი“ ამერიკელებს - სქოულს რომ გადასცა, გეხსომებათ. ამით 10 თეთრით ჩასხდნენ წილში და დღესაც სხედან. „თელასი“ კი, პრივატიზაციით ისე დაანაწილა, რომ გენერაცია ერთის ხელშია, დისტრიბუცია კიდევ - მეორის და ცალკე კიდევ მარეგულირებელია. ასე რომ, სახელმწიფოს ძალიანაც რომ მოუნდეს, იმ ფასს, რა ფასითაც საზღვარზე შემოდის - 3 თეთრი, ვერაფერით ვერ დაწევს. ნავთობშიც და დენშიც ნაციონალების ბიზნესია დღესაც. ხალხი კი ისე გამოაშტერეს, რომ არაფრის გაგება და გარკვევა არ სურს. მყიდველ კომპანიას დენის დავალიანებებიც უნდა გაესტუმრებინა და მოძველებული გაყვანილობებიც შეეცვალა. სქოულმა მხოლოდ სადარბაზოებში გამოცვალა გაყვანილობა და დააყენა მრიცხველები, რომლებიც იმაზე სწრაფად ბრუნავს, ვიდრე რეალურად უნდა ბრუნავდეს. დენისა და ტროლეიბუსების უძვირესი მეტალის კაბელები სად წავიდა, ამას ისევე ვერ გავიგებთ, როგორც ლევან მამალაძისთვის ვითომ ჩამორთმეულ 500 კგ ოქროს ასავალ-დასავალს! ასე რომ, სანამ გადასახადების სიძვირეზე წუწუნს მოჰყვება ვინმე, ჯერ საქმის ვითარებაში უნდა გაარკვეს და ნაციონალებს მოჰკითხოს ყველაფერი.. ნავთობითაც ამერიკულმა „ფორნტერამ“ იხეირა და დენითაც მაშინდელმა ამერიკულმა „AES თელასმა“. „სავალუტო ფონდის“ მოთხოვნით, 95-97 წლების დროს - საქართველოში სოფლის მეურნეობა არ აწარმოოთ და „ჯართი აწარმოეთო“ - ბაზარი თურქული პროდუქტით გაივსო და ივსება, მხოლოდ ჩვენგან ჯართად გაყიდული ლითონისგან დამზადებულ ქვაბები და ტაფები აქეთ შემოდის თურქეთიდან. ზუსტად ჯონ პერკინსის „ეკონომიკური თვითმკვლელის აღსარებაში“ დაწერილი ხდება ჩვენს თავს“, - წერს ამაშუკელი.
:))))
ძალიან მაინტერესებს, როცა სოსო ცინცაძე საქართველოს ტელევიზიის პოლიტიკური მიმომხილველი იყო და ყოველ საღამოს, აბონ ციციაშვილთან ერთად, მიწაში დებდა კაპიტალიზმს, რა შეფასება მისცა მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობას "მოამბის" ეთერიდან, - რაო, რისთვის მოკლესო? :)))
ხომ არ უთქვამს, კინგის მიერ სისტემატურად ჩატარებული ანტისამთავრობო მიტინგები და დემონსტრაციები არაფერ შუაშია... ის ვიღაც მანიაკმა საკუთარი ინციატივით გაისტუმრა საიქიოს, თორემ ხელისუფლება სულ თავზე ევლებოდაო? :)
მთელი საბჭოთა კავშირი რომ "სამარცხვინო ბოძზე აკრავდა ამერიკელ კაპიტალისტებს" და "პრავდიდან" "სოფლის ცხოვრებამდე", ყველა გაზეთის პირველ გვერდზე უზარმაზარი ასოებით იყო დაბეჭდილი მოწოდება - "თავისუფლება ანჯელა დევისს!" - ბ-ნი სოსო რას უყვებოდა თავი მკითხველ-მაყურებელს, რა მოხელე-ჩიქვანია ეს თმაგეწეწილი, შავგვრემანი გოგო და რისთვის დააპატიმრეს საზიზღარმა ამერიკელმა კაპიტალისტებმაო? :)))
P.S. ნაცებსაც ეგა სჭირთ: ჰგონიათ, ხალხს არაფერი ახსოვს. :)
გუშინდელ ამერიკულ მოვლენებზე გამახსენდა - აშშ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბატონი სოსო ცინცაძე ამტკიცებდა, არავითარი შანსი არა აქვს დონალდ ტრამპს, მას არ აირჩევენ ამერიკელებიო!
- აირჩიეს!
მერე წინასწარმეტყველებდა: ტრამპს აცილებლად მოუწყობენ იმიჩმენტს და გააგდებენ თეთრი სახლიდანო!
- სცადეს გუშინ დემოკრატებმა და... ფეხები მოსჭამეს!
ნეტა, სამომავლოდ კიდევ რა საფრთხეები აქვს შემონახული პრეზიდენტისთვის?:))
(არადა, ტრამპი გიჟდება, თურმე, - რას მერჩის ეს კაცი, რა დავუშავეო?! )