მომხდარ თვითმფრინავის გატაცების ისტორიას ჰოლივუდში გადაიღებენ. ვებ-რესურს Imdb.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე 1983 წლის გახმაურებულ მოვლენებზე აშშ-ში ფილმს გადაიღებს, რომელსაც "ჯინსების თაობა" დაერქმევა.
"1983 წელს 8 ახალგაზრდა, მათ შორის მსახიობი და ექიმები, საბჭოთა კავშირიდან გაქცევას გეგმავს. თვითმფრინავში ვითომდა საქორწინო მაყრიონად ასულები, თვითმფრინავს იტაცებენ და შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თავშესაფრის საპოვნელად გაქცევას ცდილობენ", - აღნიშნულია ფილმის ანოტაციაში.
რაც შეეხება სამსახიობო შემადგენლობას, Imdb-ის ცნობებით, ფილმში ჰოლივუდის ვარსკვლავები ითამაშებენ - ჯეისონ ფლემინგი ("კარტი, ფული და ორი ლულა", "დიდი კუში", "ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია"), არმან ასანტე ("მოსამართლე დრედი", "ოდისევსი", "სტრიპტიზი") და ვეტერანი სტივენ ბერკოფი ("მექანიკური ფორთოხალი", "რემბო", "ბარი ლინდონი").
ბერკოფი ედუარდ შევარდნაძის როლს შეასრულებს, ასანტე - ჰეიდარ ალიევისას, ფლემინგი კი მამა თევდორე ჩიხლაძეს განასახიერებს.
ფილმი, რეალური მოვლენების გარდა, დათო ტურაშვილის ამავე სახელწოდების წიგნსაც ეყრდნობა. გადაღებები თბილისშია დაგეგმილი. Imdb-ის ინფორმაციით, პროექტი ამჟამად საწყის ეტაპზეა.
როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას მწერალმა დავით ტურაშვილმა განაცხადა, ის ამერიკელ სცენარისტს 2 კვირის წინ შეხვდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ფილმისთვის მუსიკას დავით ევგენიძე წერს. კომპოზიტორის განცხადებით, რამდენიმე მუსიკალური თემა უკვე მზად აქვს, თუმცა მუშაობას კვლავ აგრძელებს.
"თვითმფრინავის საქმის" ერთ-ერთი მთავარი გმირის, გეგა კობახიძის დედის, ნათელა მაჭავარიანის თქმით, ეს თემა მისთვის მძიმეა და სანამ გადაღებები არ დაიწყება, რაიმე კომენტარის გაკეთება უჭირს.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავში სროლის დროს მფრინავი ანზორ ჭედიაც დაიღუპა. მფრინავის შვილის, თეონა ჭედიას განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია ფილმის გადაღების შესახებ, თუმცა დეტალები მისთვის უცნობია.
როგორც ტრაგედიის მონაწილე პირები აცხადებენ, სცენარი უნდა დაიწეროს რეალურ ისტორიაზე და ის არ უნდა დაემსგავსოს ჰოლივუდურ ბლოგბასტერს, როგორც მოხდა "აგვისტოს 5 დღის" შემთხვევაში.
"თვითმფრინავის გამტაცებლების საქმიდან" 29 წელი გავიდა. თბილისის აეროპორტიდან 7 ახალგაზრდის მიერ საბჭოთა ავიალაინერის გატაცებამ 1983 წლის 18 ნოემბერს მთელი საბჭოთა კავშირი აალაპარაკა. რეალურად რა მოხდა თვითმფრინავში, ისევ საიდუმლოებითაა მოცული. მიუხედავად, ინტელიგენციის ხელმოწერებისა გამტაცებელთა სიცოცხლის შენარჩუნების მოთხოვნით, მათ მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომა გამოიყენეს.