„ლივერპულის“ წარმოდგენა სტივენ ჯერარდის გარეშე რთულია. ისინი ერთმანეთთან სამუდამოდ დაკავშირებულნი არიან და ახლა, როცა „წითლები“ პრემიერლიგის ნანატრ ჩემპიონობასთან ასე ახლოს არიან, სოციალურ ქსელში გულშემატკივრების მხრიდან საინტერესო იდეა გაჟღერდა.
საქმე ისაა, რომ ისინი კლუბს მოუწოდებენ, სტივენს სეზონის ბოლო ხუთი თამაშისთვის კონტრაქტი გაუფორმონ, რომ „ლივერპულთან“ ერთად ჩემპიონობა მოიპოვოს.
პრემიერლიგის ტიტული ერთადერთია, რაც „სტივიჯის“ კარიერაში არ მოუგია და ამგვარად შესაძლებლობა ექნება სანუკვარი ჯილდოს მოგება ყოფილ გუნდთან ერთად იზეიმოს.
რატომ ბოლო ხუთი თამაში? ჯერარდი მოგეხსენებათ, ამჟამად „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელია, მაგრამ სეზონის მიწურულს შესაძლოა შოტლანდიაში ყველაფერი გარკვეული იყოს და ინგლისელს შეეძლება სამწვრთნელო საქმიანობაში პაუზა აიღოს და დროებით თავისუფალი აგენტის სტატუსით „ეინფილდ როუდზე“ დაბრუნდეს.
ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ქომაგების მხრიდან წამოსული იდეაა და უფრო კონკრეტული არაფერი გავრცელებულა. შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პრემიერლიგას 25 ტურის შემდეგ 22-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. აქვე გეტყვით, რომ ჯერარდმა 1998-2005 წლებში "ლივერპულთან" ერთად ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო. ანუ, ყველაფერი გარდა პრემიერლიგის ჩემპიონობისა.