Victoriaʼs Secret-ის „ანგელოზების შოუს“ შემქმნელი წლების განმავლობაში სექსუალურად ავიწროებდა მოდელებს

Victoriaʼs Secret-ის „ანგელოზების შოუს“ შემქმნელი წლების განმავლობაში სექსუალურად ავიწროებდა მოდელებს

მრავალი წლის განმავლობაში ქალის თეთრეულის ბრენდ Victoriaʼs Secret-ის გუნდში “ქალთმოძულეობის, დაშინებისა და შევიწროების კულტურა იყო გამეფებული“. ამის შესახებ The New York Times-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო სტატიაში წერია.

სტატიის მომზადების პროცესში ჟურნალისტებმა ინტერვიუ 30-ზე მეტ ყოფილ და ამჟამინდელ მენეჯერებთან, თანამშრომლებთან, კონტრაქტორებსა და ბრენდის მოდელებთან ჩაწერეს. NYT-თან საუბარში გუნდის შიგნით ასეთ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ედ რაზეკს დააკისრეს - კომპანია L Brands-ის (რომელსაც Victoriaʼs Secret-ი ეკუთვნის) ყოფილი დირექტორი მარკეტინგის მიმართულებით. რაზეკი L Brands-ში 1983 წელს მივიდა და 2019 წლამდე იმუშავა.

1995 წელს რაზეკმა Victoriaʼs Secret Fashion Show-ს სამოდელო ჩვენებები დაიწყო, რომელშიც მოდელი-„ანგელოზები“ მონაწილეობენ და რომლებიც საერთაშორისო პოპ-კულტურულ ფენომენად იქცნენ. ამ წარმატებული შოუს შემდეგ რაზეკი ფაქტობრივად L Brands-ის მფლობელის ლესლი ვეკსნერის შემდეგ მეორე ადამიანად იქცა ბრენდისთვის. NYT-ის წყაროების ცნობით, ის Victoriaʼs Secret-ის მოდელებს ახსენებდა, რომ მათი კარიერა მის ხელში იყო. მოდელმა ალისა მილერმა განაცხადა, რომ რაზეკის ქმედებები „ტოქსიკურად მასკულინური“ იყო. მოდელების მიმართ მისი დამოკიდებულება ალისა მილერმა ასე აღწერა: „მე ძალაუფლების მატარებელი ვარ. შემიძლია შეგქმნა ან გაგანადგურო“.

The New York Times-ის სამმა წყარომ თქვა, რომ ჩვენებისთვის შერჩევის დროს რაზეკი მოდელებს მობილურის ნომრებს სთხოვდა და მის მუხლებზე დაჯდომას სთავაზობდა. ორი მოდელი ჰყვება, რომ რაზეკმა მათ სადილობა შესთავაზა. ერთ-ერთი მოდელი, რომელსაც ეს შესთავაზა ენდი მუიზია და ის ამ დროს 19 წლის იყო. რესტორნისკენ მიმავალ გზაზე რაზეკმა მისთვის კოცნა სცადა, მაგრამ მოდელმა თავი აარიდა. სადილის დასრულების შემდეგ, ის გოგოს რამდენიმე თვის განმავლობაში სთავაზობდა სამოგზაუროდ წასვლას. მოდელის თქმით, ერთ-ერთ წერილში რაზეკი ეუბნებოდა, რომ „რომელიმე სექსუალურ ადგილზე სურდა მისთვის ხელი მოეჭირა“. მუიზმა რაზეკის შეთავაზებას უარით უპასუხა, 2008 წელს კი მუიზი პირველად ოთხი წლის განმავლობაში Victoriaʼs Secret Fashion Show-ში არ გამოჩნდა.

2018 წელს Victoriaʼs Secret Fashion Show-ის დაწყებამდე, თეთრეულის მორგების დროს, სამი თვითმხილველის თქმით, რაზეკმა ცნობილ მოდელს ბელა ჰადიდს უთხრა: „დაივიწყე ქვედა საცვლები“ და მოდელის მკერდის განხილვა დაიწყო. იმავე დღეს, სამი თვითმხილველის თქმით, რაზეკმა ერთ-ერთ მოდელს მკერდზე ხელი დაადო (ამ დროს მოდელს Victoriaʼs Secret-ის თეთრეული ეცვა).

NYT-ს ხუთმა წყარომ უთხრა, რომ 2019 წლის ოქტომბერში, Victoriaʼs Secret-ის ერთ-ერთმა ტოპმენეჯერმა საზოგადოებასთან კომუნიკაციების კუთხით მონიკა მიტრომ რაზეკს შევიწროებაზე უჩიოდა. შემდეგ დღეს მიტრო შვებულებაში წავიდა, მოგვიანებით კი მას კომპენსაცია გადაუხადეს.

კომპანია L Brands-ის პრესსამსახურში NYT-ის კითხვებთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს კორპორატიულ მმართველობას: „ვწუხვართ ყოველი შემთხვევის გამო, როდესაც ჩენი მიზანი ვერ დავიცავით“. ამასთან, კომპანიაში რაზეკთან დაკავშირებით არცერთი ინფორმაცია არ უარყვიათ, თუმცა არც დაუდასტურებიათ.