მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის ლიკვიდაციის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამ მოთხოვნით პარლამენტში ბრიფინგის გამართვა სურდა, თუმცა პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. ამის მიუხედავად, მაჩალიკაშვილი მმართველი გუნდიდან წასულ დეპუტატებს პერსონალურად მიმართავს და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, მინდა დეპუტატებს ადამიანური თხოვნით მივმართო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გაერთიანებული ოპოზიცია მხარს მიჭერს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. შესაბამისად, მინდა იმ ადამიანებს მივმართო თხოვნით, რომლებიც „ქართული ოცნებიდან“ უკვე წამოვიდნენ. დიდი იმედი მექნება, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერთ. მინდა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, თუ რატომ იქნა თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლული“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნას ურერთდება „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. პარლამენტის დეპუტატები მოუწოდებენ მმართველი გუნდიდან წასულ დეპუტატებს, რომ მხარი დაუჭირონ საგამოძიებო კომისიის შექმნას. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში დადგენილების პროექტი 2018 წლის ბოლოს შეიტანა. როგორც ფრაქციის წევრები აცხადებდნენ დაზარალებულებს აქვთ საფუძვლიანი კითხვები და უნდობლობა გამოძიების მიმართ.
მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში შევიდა პეტიციაც, რომელსაც 2000 ადამიანი აწერს ხელს. კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა სახალხო დამცველმა, რომელმაც 2018 წლის ანგარიშში აღნიშნა, რომ გენერალურმა პროკურორმა საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე, მის ხელშემშლელ გარემოებებსა და სხვა რელევანტურ საკითხებზე.
მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ შეიქმნა. 2020 წლის 25 იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. მიზეზად ჩატარებული სრულყოფილი და ამომწურავი გამოძების შედეგები დასახელდა. საქმის შეწყვეტას უტიფარ საქციელს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია.
„როგორც წარმართეს მთელი ეს საქმე, ჯერ ამდენი გაურკვევლობით და შემდეგ ასეთი უტიფარი ზოგადი პასუხით, მაშინ, როცა საფუძვლიანი ეჭვები არსებობს და არა მარტო იმიტომ, რომ დაღუპულის ოჯახი ამბობს ამას, არამედ სხვა ყველა გარემოებიდან გამომდინარე, რომ ეს ფატალური შემთხვევა იყო გამოწვეული იმით, როგორც იყო დაგეგმილი ოპერაცია და შემდეგ უდიდესი ეჭვი არსებობს, რომ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება და გარემოებების ყალბად წარმოჩენა“, - აცხადებს გიგა ბოკერია.
უმრავლესობის ყოფილი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად ღია კითხვებისა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრს ვერ ხედავს.
„საგამოძიებო კომისიამ უნდა იმუშაოს ისეთ საკითხებზე, რომლის მიმართაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ჩნდება კითხვები პროკურატურის საბოლოო დასკვნის შედეგად, მაგრამ დღევანდელ პარლამენტში ვერ ვხედავ რესურსს, რომ მან შეძლოს ობიექტური საგამოძიებო დასკვნის დადება. მე მაქვს კითხვები და მგონია, რომ ის ბოლომდე გამოძიებული არ არის. არ ვიცი, რამდენად იყო საჭირო გასროლა, იყო თუ არა ეს ხელყუმბარა მართლაც, თუ ჩაუდეს?“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ განიხილავს მმართველი გუნდი და აცადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს კონკრეტული მოქალაქის ინტერესი საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის გამოიყენოს. ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ იმდენად თვალსაჩინოა წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზმს ეხება, ვიდრე არ მიიღებს სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში და იმ ოპერაციისთვის მზადება, არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებებში არ უნდა დაუშვან ამ პერიოდში.
„ეს ფაქტი მოხდა, რეალურია, კავშირები დადასტურებულია, ახლა ჯერი სასამართლოზეა, რამდენად არის ეს ადამიანი კავშირში იმ ტერორისტულ აქტივობებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს დედაქალაქში. ოპოზიციის პოზიცია ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ემოციური არის, მინდა მჯეროდეს, რომ ემოციურია, მაგრამ, ფაქტობრივად, იმდენად დამაზიანებელია, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გაცილებით მკაცრი გადაწყვეტილებებიც მიეღოთ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გია ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ და ტერორისტული ორგანიზაციის კავშირზე საუბრობს სუს-ის ყოფილი უფროსი, სოსო გოგაშვილი, რომლის განცხადებით, ყველა გაიგებს, რა არის რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ და ვინ დგანან მათ უკან.
„ამბობენ, რომ ხელყუმბარა ჩავდეთ და ხელყუმბარის ჩადების მაქსიმალური დონე სწორედაც რომ მათ აქვთ გამომუშავებული. შორს რომ არ წავიდეთ, ჩატაევი რომ გამოხსნილიყო ე.წ. მართლმსაჯულებიდან, მათ შეკერეს საქმე და ჩაუდეს ისეთნაირად ეს ხელყუმბარა, რომ ვერანაირად ვერ გამტყუნდებოდა ჩატაევი. „ქართული ოცნების“ დროს ხელისუფლება და სასამართლო იძულებული გახდა, რომ ის გამოეშვა და ახლა ამბობენ, თქვენი გამოშვებულიაო. ადამიანი, რომელიც თავისთვის გამოიყენეს და შექმნეს თავისთვის, ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ შემოიყვანეთ და ჩადება ხელყუმბარების, რომელიც მათი ხელწერაა, მასზე იძახიან, რომ ჩვენ ჩავდეთ და ადამიანი, რომელიც თავს იფეთქებდა და ადამიანი, რომელიც ჩატაევის გუნდის წევრი იყო, თურმე არ შეიძლება ხელყუმბარა ჰქონოდა“, - აცხადებს სოსო გოგაშვილი.
ტერორიზმი ერთ-ერთი გამოწვევა და საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით საქართველოს საფრთხე არ შექმნია, ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ სპეცსამსახურებს მოდუნების უფლება აქვთ. აქედან გამომდინარე, „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ საკმაოდ მოუზომელია გოგაშვილის განცხადება, რომელიც აპირებს მტკიცებულებების გამოქვეყნებას.
„რამდენად უფლებამოსია, რომ გაასაჯაროოს? ეს არის საიდუმლო დოკუმეტნები, რასთან გვაქვს საქმე? დღეს, ეს პატივცემული პიროვნება არის ჩვეულებრივი მოქალაქე და მან თავის თავზე რატომ უნდა აიღოს სამსახურეობრივი დოკუმენტებს გამოქვეყნება?! ბუნებრივია, ეს იქნება კანონის დარღვევა. აშკარად, პირდაპირი არაპროფესიონალიზმი გვაქვს სახეზე.
რაც შეეხება საფრთხეს, ზოგადად, არსებობს სახელმწიფოების მიერ ორგანიზებული ტერორიზმი. ანუ, რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის მიერ შენიღბული, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ ჩადენილი ტერაქტი. ჩვენ ამის საფრთხე უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე რომელიმე ისლამური ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ტერაქტის განხორციელება“, - აცხადებს ალადაშვილი.
მისი თქმით, არსებობს საფრთხე იმისა, რომ მოწინააღმდეგე სახელმწიფოებიდან განხორციელდეს ტერორიტული აქტი, ტერორისტული ორგანიზაციის ვითომ სახელით, რათა კიდევ უფრო დაიძაბოს ვითარება, მით უმეტეს, რომ ახლოვდება არჩევნები.
„ეს გათვლა არსებობს სპეცსამსახურებში, რათა ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთთან დააპირისპირონ, ეს ცნობილი მეთოდია და არ არის გამორიცხული, რომ აქ მოხდეს რაღაცა სერიოზული დანაშაული და ამის გამო, რეალურად სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეთ. ანუ, პროვოცირება გააკეთონ რაღაცა სისხლიანი მოვლენის, აფეთქების, ტერაქტის, ან პოლიტიკური მკვლელობის, რომელსაც მერე უკვე დიდი დაპირისპირება მოჰყვება ქვეყანაში. ამის რეალობას უფრო ვხედავ. არჩევნების მოახლოება საქართველოსთვის გახდა სტიქიური უბედურება, როდესაც ყველაფერს ცუდს უნდა ელოდო. იმდენად დაბალია პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკოსების პროფესიონალიზმი, რომ სამწუხაროდ, ყველაფერია მოსალოდნელი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.
რაც შეეხება მაჩალიკაშვილის საკითხს, ალადაშვილის შეფასებით, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, დანაშაული უნდა გამოვლინდეს, მაგრამ აქ იწყება ის „მაგრამ“, რომელიც აჩენს კითხვებს ამ საქმის გარშემო.
„შეიძლება პარალელი გავავლოთ კორტების საქმესთან და მაჩალიკაშვილის საქმესთან. ორივე შემთხვევაში დამნაშვის გამოვლენა არ მოხდა სამართლებრივი გზით. ანუ, მოხდა ლიკვიდაცია. არც ერთ შემთხვევაში არ იყვნენ ბრალდებულებიც კი. ორივე შემთხვევაში იყვნენ ეჭვმიტანილები. ანუ, მათი ბრალი არ იყო დამტკიცებული. გარკვეულწილად ეს იწვევს სამართლიან კითხვებს:
რამდენად მოდიოდა საფრთხე, რომ ლიკვიდაცია მომხდარიყო? შეიძლებოდა თუ არა მისი დაკავება ისეთ ვითარებაში, რომელიც ამ მსხვერპლს გამორიცხავდა? რამდენად სწორად იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია და რამდენად შესრულდა?
პანკისი ხეობა საკმაოდ დაძაბული, გეპოლიტიკური წერტილია, იქ იკვეთება ბევრი ინტერესი, რუსების, იგივე ტერორისტული ორგანიზაციების, თუ სხვადასხვა ქვეყნების. სამწუხაროა, რომ ეს თემა კვლავ პრობლემის წარმომქმნელია“, - ამბობს ბესიკ ალადაშვილი.
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ძალიან ბევრ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანს, დეპუტატს, ჟურნალისტს და სხვებს, ელემენტარული საკითხები უბრალოდ ან არ ესმით, ან გაგება არ სურთ. მისი თქმით, ამდენი სპეკულაცია, ფაქტების ამდენი დამახინჯება მართლა უქმნის საფრთხეს არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ საზოგადოებას.
„რაღაც ელემენტარულ წესებსა და ღირებულებებზე უნდა ჩამოყალიბდნენ. ზოგადად, ტერორიზმის თემით მანიპულირება, ამ თემასთან დაუდევარი მოპყრობა არის ძალიან საშიში. აშკარად ხდება თემის პოლიტიზირება, როცა მსგავს საკითხთან დაკავშირებით ითხოვენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას.
დეპუტატებს გააჩნიათ ორი ფორმატი პარლამენტში - ერთი არის დახურული ფორმატში მოსმენა საგამოძიები სტრუქტურების და სპეცსამსახურების წარმომადგელების და მეორე - ეს არის ნდობის ჯგუფი. კეთილი ინებონ და ასეთ თემაზე ისაუბრონ დახურულ ფორმატში. მიიღონ ინფორმაცია სათანადო ორგანოებიდან. შემდეგ გამოვიდნენ, გააკეთონ განცხადებები იმის შესაბამისად, რა ინფორმაციასაც მიიღებენ“, - ამბობს ამირან სალუქვაძე.
რაც შეეხება საფრთხეს, როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ტერორიზმის თემით მანიპულირება არის საშიში.
„პირადად არავის ვადანაშაულებ. ვსჯელობ იმ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რაც არის გავრცელებული. ეს ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. დაწყებული საბანკო ანგარიშებიდან, გადარიცხვები, სიმბარათები და ა.შ. ეს ყველაფერი არის წარმოდგენილი. რა უფლება მაქვს, რომ ამ ყველაფერში ეჭვი შევიტანო? ამიტომ, დეპუტატებმა და პოლიტიკოსებმა ეს კარგად უნდა გაიაზრონ. ამიტომ, მოითხოვონ ნდობის ჯგუფში მოსმენა და მიიღონ იქ ინფორმაციები. ყველაფერი არ არის საჯარო სივრცეში გამოსატანი. როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება? რომელიმე ქვეყანაში თუ ხდება მსგავსი რა? რა ქვეყანას ვაშენებთ?“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ამირან სალუქვაძემ.