პირველად ისტორიაში:

პირველად ისტორიაში: "ლივერპულმა" პრემიერლიგის ერთ სეზონში ყველა მეტოქე დაამარცხა

„ლივერპული“ პრემიერლიგაში არ ფერხდება და მეტოქეებს ტურიდან ტურამდე ამარცხებს. იურგენ კლოპის გუნდის მორიგი მსხვერპლი „ვესტ ჰემი“ გახდა, რომელსაც 2:0 აჯობა.

„ლივერპულს“ მიმდინარე სეზონში „ჩაქუჩებთან“ ნათამაშები არ ჰქონდა და ის ერთადერთი გუნდი იყო, რომელიც წელს დამარცხებული არ ჰყავდა. ახლა კი, „წითლებმა“ პრემიერლიგაში უკლებლივ ყველა, 19-ვე მეტოქე დაამარცხეს.

Opta-ს ინფორმაციით, მერსისაიდელებმა მსგავსი შედეგი ისტორიაში პირველად დააფიქსირეს, რომ ერთ კონკრეტულ სეზონში ყველა მოწინააღმდეგეს მინიმუმ ერთხელ სძლიეს.

ამასობაში, ნანატრი ჩემპიონობა უკვე ძალიან, ძალიან ახლოსაა. მერე რა, რომ ჯერ მხოლოდ იანვარია - „ლივერპული“ უახლოეს მდევარ (თუ შეიძლება ამას მდევარი დავარქვათ) „მანჩესტერ სიტის“ 19 ქულით უსწრებს. ცხადია, ზოგჯერ სასწაულები ხდება, მაგრამ ის, რაც პეპ გვარდიოლას გუნდს სჭირდება, სასწაულსაც სცდება...