გიორგი გახარიამ დონორთა ფორუმზე მთავრობის ოთხი პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა

გიორგი გახარიამ დონორთა ფორუმზე მთავრობის ოთხი პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა

„კანონის უზენაესობა და მართლმსჯულება, რეგიონული განვითარება და ეკონომიკური რეფორმები“ – ამ თემებზე დონორთა ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში იმსჯელებენ. მთავრობასა და ორგანიზაციებს  შორის დიალოგი კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართება. ფორუმი სიტყვით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

მისი განცხადებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ინსტიტუტის მხრიდან, საქართველოს რეფორმირების ფარგლებში, 2018 წლის ჩათვლით დაახლოებით 7 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო განვითარებადი დემოკრატიაა, აქვს საკმაოდ მძიმე პოსტსაბჭოთა წარსული, და ყველას კარგად გვესმის, რომ შეიძლება ბევრი წელი დაგვჭირდეს რეფორმებისთვის, რათა ჩვენ დავუახლოვდეთ და შევესაბამებოდეთ ევროპულ სტანდარტებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს მთავრობა მის ყოველდღიურ და გრძელვადიან სამოქმედო გეგმაში გამოყოფს ოთხ პრიორიტეტულ მიმართლებას: უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და ღია მმართველობა.

„უსაფრთხოება დღეს არის როგორც ქვეყნის ძირითადი მიზანი, ასევე გამოწვევა. შეუძლებელია დღეს გამოწვევების გარეშე ვისაუბროთ უსაფრთხოების კომპონენტებზე, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია. როდესაც ოკუპაციაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ მიწის ოკუპაციას არ ვგულისხმობს, ვუგლისხმობთ ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდვას 20%-ით. ჩვენი საგარეო მიმართულება – ევროატლატინკური ინტეგრაცია არის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი იმაზე, რასაც დღეს ქვეყანაში ოკუპაცია ჰქვია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია შიდა უსაფრთხოების კომპონენტიც, რომელიც მოიცავს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ასევე ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთიანი სისტემის შექმნას.

პრემიერის თქმით, დღეს საქართველოს მთავრობის გამოწვევაა ახალი სამუშაო ადგილები.

„ეს ის გამოწვევაა, რომელსაც საქართველოს მთავრობას შემდგომი წლების განმავლობაში ბევრი მუშობა მოუწევს. ამ მიმართულებით დიდი ხანია ჩამოყალიბებული გვაქვს ღია და გამჭვირვალე პრინციპები, რომლის ძირითადი არსი არის: ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი ძალა გახლავთ კერძო ბიზნესი. საქართველოს მთავრობა სრულად ათვიცნობიერებს იმას, რომ მისი ძირითადი ფუნქციაა შექმნას შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ საქართველოში საშუალო, მცირე და მსხვილ ინფრასტრუქტურლ ბიზნესს ხელი შეუწყოს განვითარდეს და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები“,- განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ სახელმწიფო თანმიმდევრულად ხელს უწყობს როგორც შიდა ინვესტიციებს, ასევე უცხოურ ინვესტიციებს, „სახელმწიფო უჭერს მხარს ძლიერი ქართული ბიზნესის შექმნას. იმ ბიზნესის რომელიც უნდა გახდეს ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა“,– განაცხადა გახარიამ.

ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფორუმის მეორე ნაწილი მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდა. დისკუსიისას, რომელშიც  მინისტრების მოადგილეები, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საგარეო დახმარების საკოორდინაციო მექანიზმების გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, დაიგეგმა თემატური საკოორდინაციო შეხვედრების ციკლი და განისაზღვრა კონკრეტული ვადები. ღონისძიებას თანათავმჯდომარეობდა გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი.