21 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში რადიო „ჰერეთის“ მიერ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ეხება მარეგულირებლის მიერ 2011 წლის 30 სექტემბერს გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღებაზე „ჰერეთს“ უარი ეთქვა. მისი დამფუძნებელი, რამაზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ამით უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგან მის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე მეორე სუბიექტს „მედია ჰაუს დეკომს“ საკონკურსო დოკუმენტაცია სრულყოფილად არ ჰქონდა წარმოდგენილი, რაც სამხარაძის განცხადებით იმის საფუძველია, რომ „მედია ჰაუს დეკომისთვის“ მარეგულირებელს ლიცენზიის მინიჭებაზე უარი ეთქვა.
რადიო „ჰერეთის“ ადვოკატი, ირაკლი ყანდაშვილი აცხადებს, რომ „ჰერეთს“ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ 2011 წელს ჩატარებული კონკურსის მიმართ გარკვეული პრეტენზიები გააჩნია. საუბარია კონკურსზე, რომელიც იმისთვის ჩატარდა, რომ თბილისში FM სიხშირეზე კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი გამოვლენილიყო. კონკურსში ორმა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა, რადიო „ჰერეთმა“ და შპს „მედია ჰაუს დეკომმა“, რომელმაც მიიღო ლიცენზია. ადვოკატი ყანდაშვილი ამბობს, რომ „ჰერეთის“ დამფუძნებელ სამხარაძეს არანაირი პრეტენზია არ აქვს მეორე კონკურსანტთან, მაგრამ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიმართ სერიოზული პრეტენზია გააჩნია.
„დასაბუთებული პრეტენზია გვაქვს ორი მიმართულებით. კერძოდ, როდესაც მარეგულირებელმა კომისიამ 2011 წლის მაის-ივნისში კონკურსი გამოაცხადა, საკონკურსო პირობებში არ ჩაუწერია ის მოთხოვნები, რომლებიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ „ჰერეთმა“ ვერ დააკმაყოფილა, თუმცა ის ამ მოთხოვნებს ვერც დააკმაყოფილებდა გამომდინარე იქიდან, რომ საკონკურსო პირობებში ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა. მოგვიანებით ლიცენზიაზე უარის თქმის საფუძვლად მას სწორედ ეს მიზეზი დაუსახელეს. მაგალითად, პრეტენზია, რომელიც „ჰერეთს“ წამოუყენეს იყო ის, რომ მის ბადეში საბავშვო-გასართობის გადაცემები არ იყო. საკონკურსო პირობების ჩამონათვალში კი არსად იყო მითითებული, რომ საბავშვო-გასართობ გადაცემებზე უნდა ყოფილიყო აქცენტი გაკეთებული“, - ამბობს ადვოკატი.
ამიტომ იგი ამბობს, რომ „ჰერეთისთვის“ ლიცენზიის არ მინიჭების თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილება უსაფუძვლოა. ირაკლი ყანდაშვილი ხაზს უსვამს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლს, რომელიც მარეგულირებელ კომისიას ავალდებულებს, სანამ ლიცენზიას გასცემს, შეამოწმოს კონკურსანტების დამფუძნებლები ხომ არ არიან ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირები. ადვოკატის თქმით, თითქოს ასეთი შემოწმება ორივე კონკურსანტის მიმართ ჩატარდა, მაგრამ ორივეს მიმართ სრულყოფილად არ ჩატარებულა. მისი თქმით, სასამართლო პროცესზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დადგინდა, რომ „მედია ჰაუს დეკომის“ დამფუძნებელი არის ქართული შპს „ვენჩერ სექიურითი ჯორჯია“, ხოლო ამ შპს-ს დიდი წილის მფლობელი არის გერმანული კომპანია სს „ვიდოფონი“. ადვოკატი ყანდაშვილი ამბობს, რომ მარეგულირებელ კომისიას სათანადო სახით არ აქვს შესწავლილი „ვიდოფონის“ წარმომავლობა, ანუ არის თუ არა ის, ოფშორში რეგისტრირებული.
„უცხო ქვეყანაში შედგენილი ნებისმიერი სახის იურიდიული დოკუმენტი საჭიროებს, რომ ქართულ ენაზე იყოს თარგმნილი იმისათვის, რათა ის ქართულ სასამართლოში გამოვიყენოთ. მეორეც, ეს უნდა იყოს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი. ამასთანავე, უცხოეთში შედგენილ დოკუმენტს, იმისათვის, რომ საქართველოში იურიდიული ძალა შეიძინოს, აპოსტილით დამოწმება სჭირდება. მსგავსი სახის პროცედურები მეორე კონკურსანტის მიერ შესრულებული არ იყო. ამდენად, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც „ჰერეთს“ კერძო საერთო რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭებაზე უარი ეთქვა, ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ არის“, - ამბობს ირაკლი ყანდაშვილი.
გარდა ამისა, ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას გაირკვა, რომ „ვენჩერ სექიურითი ჯორჯიას“ დამფუძნებელ კომპანიას „ვიდოფონი“ არ ჰქვია. კერძოდ, როდესაც „მედია ჰაუს დეკომმა“ მისი დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა, მაშინ მას უკვე „ვიდოფონი“ კი არა, არამედ სს „დეკომი“ ერქვა (2011 წლის მაისში გადაერქვა სახელი). ამიტომ ადვოკატი ამბობს, რომ „მედია ჰაუს დეკომის“ მიერ კონკურსისთვის წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის სწორი.
მისი თქმით, ამ საკითხზე დავა უკვე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო სამართლიან და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გამოიტანს.
რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელი, რამაზ სამხარაძე აცხადებს, რომ ლიცენზიის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიმართ გარკვეული ეჭვები აქამდეც გააჩნდა, რაც მარეგულირებლის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიქოვანთან დაკავშირებული ფარული აუდიო-ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ კიდევ უფრო გაუმძაფრდა. სამხარაძე მიიჩნევს, რომ თუ ამ ჩანაწერში ასახული საუბრები რეალობას შეესაბამება, არ არის გამორიცხული კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში რადიოსიხშირეების განაწილებასთან დაკავშირებითაც ხდებოდა ფარული შეთანხმებები და კონკრეტული კომპანიები მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესთან გარიგების საფუძველზე ღებულობდნენ ლიცენზიებს.
რამაზ სამხარაძე ამბობს, რომ თბილისში ოთხი თავისუფალი რადიოსიხშირეა. ამასთანავე, რამდენიმე რადიოკომპანია ლიცენზიის წესების დარღვევით მაუწყებლობს. ამიტომ „ჰერეთმა“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართა მოთხოვნით, რომ ამ სიხშირეებზე გამოეცხადებინა კონკურსი, თუმცა მარეგულირებლიდან პასუხი არ მიუღია.
„მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, თუ როგორ იქნა მარეგულირებელ კომისიაში ლიცენზიის საკითხის მინიჭება გადაწყვეტილი. სანამ კომისიის წევრები გადაწყვეტილებაზე იმსჯელებდნენ, კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა - არ აქვს მნიშვნელობა, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, იმედია მომავალში რადიოკომპანიები ამ გადაწყვეტილების გამო ერთმანეთს არ დაჭამთო. ამდენად, თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ „მედია ჰაუს დეკომი“ მიიღებდა ამ ლიცენზიას“, - ამბობს რამაზ სამხარაძე.