ბელგიის მეფე ალბერტ II-მ დნმ-ის ანალიზის პასუხის შემდეგ, დელფინა ბოელის ბიოლოგიური მამობა აღიარა. ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია RTBF მეფის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
დელფინა ბოელმა დედისგან ბარონესა სიბილ დე სელისგან 18 წლისამ შეიტყო, რომ ის ალბერტ II-ს უკანონო შვილი იყო.
ჯერ კიდევ პრინც ალბერტს ბარონესასთან 16-წლიანი რომანი ჰქონდა. თუმცა, როცა მეფე გახდა, მან დელფინა ბოელი შვილად არ აღიარა. მის იურიდიულ მამად ბარონესას ყოფილი ქმარი ჟაკ ბოელია მიჩნეული, მაგრამ ბარონესასთან განშორების შემდეგ, მან დელფინა საკუთარი ანდერძიდან ამოიღო.
შვილად აღიარების მოთხოვნით, ალბერტ II-ს წინააღმდეგ სასამართლოს დელფინა ბოელმა 2013 წელს მიმართა. პროცესის მოგების შემდეგ, შესაძლოა, ბოელმა მემკვიდრეობის ნაწილი მიიღოს.