„ხავერდოვანი რევოლუციის ზოგადი ტექნოლოგია“ - თავი მეორე

„ხავერდოვანი რევოლუციის ზოგადი ტექნოლოგია“ - თავი მეორე

For.ge აგრძელებს ამერიკელი პროფესორის, ჯინ შარპის (ინგლ. Gene Sharp, 21 იანვარი 1928 ბალტიმორი - 2018 წლის 28 იანვარი, ოჰაიო) ნაშრომის „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“ ნაშრომის გამოქვეყნებას. ნაშრომი ქართულად ითარგმნა ნინო წოწორიასა და ნოდარ ლაბარტყავას მიერ.

მოლაპარაკების საფრთხეები

როგორც პირველ თავში აღვწერეთ, დიქტატურის თანმდევი მწვავე პრობლემების პირისპირ აღმოჩენილი ხალხის ერთი ნაწილი არსებულ რეალობას ემორჩილება. სხვები, დაკარგავენ რა დემოკრატიის მიღწევის იმედს, მივლენ დასკვნამდე, რომ საჭიროა დიქტატურასთან მოლაპარაკება, იმ იმედით, რომ „შერიგების“, „კომპრომისისა“ და „მოლაპარაკების“ გზით შეინარჩუნებენ პოზიტიურ ელემენტებს და სისასტიკეს საბოლოოდ მაინც დაამარცხებენ. ერთი შეხედვით, თუ რეალური ალტერნატივა არ არსებობას, ასეთი ვარიანტი მიმზიდველად გამოიყურება.

ღია და შეუპოვარი ბრძოლა სასტიკი დიქტატურის წინააღმდეგ დიდ უსიამოვნებებს გამოიწვევს. რატომ უნდა აირჩიო ამ გზაზე დადგომა? რატომ არ შეიძლება უბრალოდ მოიქცე გონივრულად და დაიწყო გზების ძიება მოლაპარაკებისაკენ, რომელიც ასევე შეიძლება ტირანიის დამამთავრებელი საშუალება გახდეს? ნუთუ არ შეიძლება დემოკრატებმა დიქტატორს ადამიანობისაკენ მოუწოდონ და დაარწმუნონ ის, რომ თავისი აბსოლუტური ძალაუფლება ცოტ-ცოტა შეამციროს და საბოლოოდ დემოკრატიული მმართველობის დამყარების პირობები შექმნას?

 ხანდახან ამბობენ, რომ სიმართლე მხოლოდ ერთ მხარეს არ არისო. შეიძლება დემოკრატები კარგად ვერ უგებენ დიქტატორს, რომელსაც რთულ გარემოში საუკეთესო ზრახვები ამოძრავებს? შესაძლოა ხალხის ნაწილმა იფიქროს, რომ დიქტატორი სიხარულით დატოვებდა არსებულ რთულ სიტუაციას, თუ გარკვეულწილად წაახალისებდნენ და დაარწმუნებდნენ მას? შესაძლოა ის დათანხმდეს „ყაიმზე“ და ყველა მხარე მოგებული დარჩეს. თუ დემოკრატიული ოპოზიცია მზადაა კონფლიქტი მოლაპარაკების მშვიდობიანი გზით მოაგვაროს (შესაძლოა გამოცდილი პირების შუამავლობის ან სხვა ქვეყნის ხელისუფლების მეშვეობით), ზედმეტი ბრძოლა, წუხილი, რისკი საჭირო აღარ იქნება. ნუთუ ეს მძიმე, თუნდაც არაძალადობრივ ბრძოლაზე უკეთესი არ არის?

მოლაპარაკების ღირსება და ნაკლი

გარკვეული პრობლემებისა და კონფლიქტების გადაწყვეტისას მოლაპარაკება საუკეთესო საშუალებაა და თუ მისი შესაძლებლობა ჩანს, ამის იგნორირება არ შეიძლება.

როდესაც პრინციპული მნიშვნელობის არმქონე საკითხი წყდება და შესაბამისად კომპრომისი მისაღებია, მოლაპარაკება კონფლიქტის აღმოსაფხვრელად შეიძლება საუკეთესო საშუალებად აღმოჩნდეს. კონფლიქტის დროს მოლაპარაკების გამოყენების კარგი მაგალითია მშრომელთა გაფიცვა შრომის ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით; შესაძლებელია ხელფასი მხარეთა მიერ შეთავაზებულ ციფრებს შორის რაიმე ნიშნულამდე გაიზარდოს. თუმცა, ოფიციალური პროფკავშირების მონაწილეობით მიმდინარე სამუშაო კონფლიქტი მკვეთრად განსხვავდება კონფლიქტისაგან, სადაც კამათი დიქტატურასა და პოლიტიკურ თავისუფლებას შორის მიმდინარეობს.

როდესაც დღის წესრიგშია რწმენასთან, ადამიანის უფლებებთან ან საზოგადოების მომავალ განვითარებასთან დაკავშირებული უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხები, მოლაპარაკებები ორივე მხარისათვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე ვერ მიდის. ძირითადი ღირებულებები შეიძლება მხოლოდ ძალთა თანაფარდობის ცვლილების შემდეგ იქნას დაცული, ასეთ ძვრის მიღწევა კი მხოლოდ ბრძოლის შედაგადაა შესაძლებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. უბრალოდ, მას ძლიერი დემოკრატიული ოპოზიციის გარეშე დიქტატურაზე გამარჯვება არ შეუძლია.

ბუნებრივია, მოლაპარაკებები ყოველთვის შესაძლებელი არ არის. მყარი პოზიციების მქონე დიქტატორი, დიდი ალბათობით, მის დემოკრატიულ ოპონენტთან მოლაპარაკებაზე უარს იტყვის. მეტიც, შესაძლებელია მოლაპარაკების დაწყების შემდეგ ოპონენტი უკვალოდ გაქრეს.

მოლაპარაკებები კაპიტულაციის შესახებ?

დიქტატურის მოწინააღმდეგე ცალკეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც მოლაპარაკებისაკენ მიისწრაფიან, ხშირად კეთილშობილ მიზნებს ისახავენ. თუ სასტიკ რეჟიმთან წლობით გაგრძელებულ შეიარაღებულ შეტაკებებს შედეგი არ მოაქვთ, ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ადამიანი მშვიდობას მოისურვებს. როდესაც დიქტატორს აშკარა სამხედრო უპირატესობა გააჩნია, ხოლო მსხვერპლი და ნგრევა აუტანელი ხდება, დემოკრატებისათვის ყველაზე მისაღები ფორმა მოლაპარაკება იქნება. წარმოიქმნება ძლიერი ცდუნება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელიც დემოკრატებს დაეხმარება თუნდაც უმნიშვნელო მიზნების მიღწევაში და საბოლოოდ ბოროტების წარმომქმნელ ძალადობის და კონტრძალადობის ციკლის დასრულებაში.

რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ოპოზიციასთან მოლაპარაკების დროს დიქტატორის მიერ წარმოდგენილი „მშვიდობიანი“ წინადადება განსაკუთრებული გულწრფელობით არ გამოირჩევა. მას შეუძლია სურვილისამებრ შეაჩეროს ბრძოლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. უფლება აქვს, ყველანაირი ვაჭრობის გარეშე, აღადგინოს პატივისცემა ადამიანის ღირსებასა და უფლებებზე, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტოს წამება, შეაჩეროს დასჯადი ოპერაციები, უარი თქვას ხელისუფლებაზე და ხალხს პატიება სთხოვოს.

როდესაც დიქტატურა ძლიერია, დიქტატორმა შეიძლება, „შერიგების“ საბაბით და მოლაპარაკების გზით, ოპონენტების კაპიტულაციამდე მიყვანა გადაწყვიტოს. მოლაპარაკებისაკენ მოწოდება მიმზიდველია, მაგრამ დარბაზში, მოლაპარაკების მაგიდასთან დემოკრატებს სერიოზული საფრთხე ელოდებათ.

თუ ოპოზიცია განსაკუთრებით ძლიერია და დიქტატურას საფრთხე აშკარად ემუქრება, დიქტატორმა შეიძლება თავად შესთავაზოს მოლაპარაკება, რათა რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება ან ფული შეინარჩუნოს. არც პირველ, არც მეორე შემთხვევაში დემოკრატები დიქტატორს მიზნის მიღწევაში არ უნდა დაეხმარონ.

ისინი უნდა უფრთხილდენ დიქტატორის მიერ მომზადებულ მახეებს. პოლიტიკურ თავისუფლების შესახებ მოლაპარაკების მოწოდებისას, დიქტატორის მხრიდან შესაძლოა იყოს მცდელობა აცდუნოს დემოკრატები, რათა მათ მშვიდობიანად დათმონ საკუთარი პოზიციები, მაშინ, როცა დიქტატორის ძალადობა კვლავ გაგრძელდება. ამგვარ კონფლიქტებში მოლაპარაკებები მხოლოდ გადამწყვეტი ბრძოლების ბოლოსაა შესაძლებელი, როდესაც დიქტატორის ხელისუფლება დამხობილია და მისი მიზანი საერთაშორისო აეროპორტამდე უსაფრთხოდ მიღწევაა.

ძალა და სამართლიანობა მოლაპარაკების დროს

მოლაპარაკების შესაძლებლობის გამოჩენის შემთხვევაში, დემოკრატებმა საჭიროა რომანტიკული განწყობა თავიდან მოიცილონ და შექმნილ რეალობას საღად მიუდგნენ.

„მოლაპარაკება“ არ ნიშნავს, რომ ორივე მხარე მაგიდასთან დასხდება, განხილვა თანაბარი პოზიციებიდან წარიმართება და შედეგად კონფლიქტის გამომწვევი საკითხი გადაწყდება. უნდა გვახსოვდეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი: განხილვადი შეთანხმება განისაზღვრება არა მის მიერ, ვის მხარესაც სიმართლეა, არამედ მის მიერ, ვინც უფრო ძლიერია.

აქ გათვალისწინებულ უნდა იყოს რამოდენიმე რთული საკითხი. რა შეუძლია გააკეთოს თითოეულმა მხარემ მოგვიანებით, თუ მეორე მხარე შეთანხმებაზე უარს განაცხადებს? რა შეუძლია გააკეთოს თითოეულმა მხარემ, თუ მეორე მხარე გასტეხს სიტყვას და შეთანხმების მიუხედავად ძალისმიერ მოქმედებას დაიწყებს?

პრობლემის გადაწყვეტისას მხარეები ერთმანეთს სამართლიანობაში არ ეჯიბრებიან. ამ საკითხზე ხანგძლივი დისკუსიის მიუხედავად, რეალური შედეგები მხოლოდ მხარეთა არსებული და შეფარდებითი ძალების შეფასების მიხედვით დგება. რა შეუძლიათ გააკეთონ დემოკრატებმა, რათა მათი მინიმალური მოთხოვნები უეჭველად იქნეს მიღებული? რა შეუძლია გააკეთოს დიქტატორმა, რათა შეინარჩუნოს ხელისუფლება და დაასუსტოს დემოკრატები? სხვა სიტყვებით, თუ შეთანხმება მიღწეული იქნება, ეს უმთავრესად იმის წყალობით მოხდება, რომ მხარეთაგან თითოეული შეადარებს საკუთარ შესაძლებლობებს მოწინააღმდეგისას და გასაზღვრავს, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს თითოეული მხარე ღია ბრძოლის შედეგად.

 ყურადღება უნდა მიექცეს თითოეული მხარის მიერ შესაძლო დათმობებსაც. მოლაპარაკების წარმატებით დასამთავრებლად აუცილებელია კომპრომისი. ყოველი მხარე იღებს მხოლოდ იმის ნაწილს, რის მიღწევასაც ცდილობს, ხოლო დანარჩენზე უარს აცხადებს.

რა შეიძლება დაუთმონ დიქტატორს პროდემოკრატიულმა ძალებმა ექსტრემალური დიქტატურის დროს? დიქტატორის რომელ მიზნებს შეიძლება ისინი დაეთანხმონ? უნდა დაუტოვონ თუ არა დემოკრატებმა დიქტატურას (პოლიტიკური პარტია იქნება ის თუ სამხედრო ხროვა) კონსტიტუციურად ჩამოყალიბებული როლი მომავალ ხელისუფლებაში? მაშინ სადაა დემოკრატია?

იმის დაშვების შემთხვევაშიც კი, რომ მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართება, უნდა დაისვას კითხვა: როგორი მშვიდობა დამყარდება შედეგად? ცხოვრება უკეთესი გახდება, თუ იმაზე უარესი, ვიდრე ეს დემოკრატების მიერ ბრძოლის გააგრძელების შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო?

დამთმობიდიქტატორები

 დიქტატორს სხვადასხვა მოტივები და მიზნები გააჩნია, რაზედაც მისი მმართველობა - ძალაუფლება, მდგომარეობა, სიმდიდრე, საზოგადოების გარდაქმნა და კიდევ ბევრი სხვა რამ არის დაფუძნებული. არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ვერც ერთ ამ პრივილეგიას დიქტატორი ვერ მოიპოვებდა მისი არსებული მდგომარეობის მიღწევის გარშე, ესე იგი, მოლაპარაკების შემთხვევაში, იგი შეეცდება შეინარჩუნოს საკუთარი პოზიციები.

რა პირობაც არ უნდა იქნას დადებული დიქტატორის მიერ, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის ნებისმიერ რამეს შეგვპირდება, რათა უზრუნველჰყოს თავისი დემოკრატი ოპონენტების მორჩილება, ხოლო შემდეგ უხეშად დაარღვიოს ის.

თუ დემოკრატები რეპრესიების შეჩერების სანაცვლოდ წინააღმდეგობის შეწყვეტას დათანხმდებიან, მათ შეიძლება იმედი გაუცრუვდეთ. წინააღმდეგობის შეწყვეტას რეპრესიების შემცირება იშვიათად მოჰყვება. შიდა და გარე ოპოზიციის წინააღმდეგობის აღმოფხვრის შემდეგ, დიქტატორმა რეჟიმი შესაძლოა კიდევ უფრო გაამკაცროს. სახალხო წინააღმდეგობის შემცირება დიქტატურის სისასტიკის შემომსაზღვრელ შემაკავებელ ძალას ხშირად აქრობს, და მაშინ ტირანს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება. „ტირანი ძალაუფლებას ზუსტად იმ დოზით ფლობს, რამდენადაც ჩვენ არ გვყოფნის ძალა წინ აღვუდგეთ მას“ - წერდა კრიშნალალ შრიდჰარანი.

თუ ფსონი ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობები აღმოჩნდა, რაიმეს შეცვლა მხოლოდ წინააღმდეგობას და არა მოლაპარაკებას შეუძლია. იმისათვის, რომ დიქტატორს ძალაუფლება გამოაცალონ, წინააღმდეგობა თითქმის სულ უნდა გრძელდებოდეს. უმეტესად, წარმატება მოლაპარაკებით კი არ განისაზღვრება, არამედ წინააღმდეგობის ყველაზე შესაბამის და მძლავრი საშუალებების გონივრული გამოყენებით. ჩვენი აზრით, თავისუფლებისათვის მებრძოლთათვის ყველაზე ძლიერი ხელმისაწვდომი საშუალება პოლიტიკური დაუმორჩილებლობა ან არაძალადობრივი ბრძოლაა, რომელზედაც საუბარი დაწვრილებით შემდეგში გვექნება.

როგორ მშვიდობაზეა საუბარი?

თუ დიქტატორი და დემოკრატები აწარმოებენ მოლაპარაკებას მშვიდობაზე, განხილვის საგანზე ნათელი წარმოდგენა უნდა არსებობდეს, რადგანაც აქ შეიძლება საფრთხე იყოს დამალული. თუ ვინმე წარმოთქვამს სიტყვა „მშვიდობას“ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ მას მშვიდობა, რომელიც თავისუფლებასა და სამართლიანობას გულისხმობს, მართლა სურს. ასობით და ათასობით ადამიანის მიმართ დაუნდობლად მოქმედი დიქტატორის უხეშ ძალადობასა და პასიურ დათმობებს დამორჩილება, მშვიდობას სულაც არ ნიშნავს. ჰიტლერი არაერთხელ მოუწოდებდა მშვიდობისაკენ, რაშიც ის მისდამი დამორჩილებას გულისხმობდა. დიქტატორისათვის მშვიდობა ხშირად ციხეში ან სასაფლაოზე „მოსვენებას“ ნიშნავს.

არსებობს სხვა საფრთხეებიც. მოლაპარაკების მონაწილეებს, ხელმძღვანელობენ რა კეთილშობილური ზრახვებით, ხანდახან ერევათ მოლაპარაკების მიზანი და მოლაპარაკების პროცესი. გარდა ამისა, მოლაპარაკების მონაწილე დემოკრატებს ან უცხოელ ექსპერტებს შეუძლიათ ერთი ხელის მოსმით, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე უზრუნველჰყონ დიქტატორის ის ლეგიტიმურობა, რომელზეც უარს ეუბნებოდნენ ხელისუფლების ხელში უკანონოდ ჩაგდების, ადამიანის უფლებების დარღვევის და უბრალოდ სისასტიკის გამო. კანონიერი სტატუსის გარეშე, რომელსაც ის ძლიერ საჭიროებს, დიქტატორს არ შეუძლია განუსაზღვრელად მართოს. მშვიდობის მომხრეებმა მას ლეგიტიმურად დამკვიდრების უფლება არ უნდა მისცენ.

საფუძველი იმედისათვის

როგორც ჩვენ უკვე ვთქვით, ოპოზიციის ლიდერები შეიძლება გრძნობდნენ მოლაპარაკებაში ჩართვის აუცილებლობას, რადგან შემდგომი ბრძოლა დემოკრატიისათვის უიმედოდ გამოიყურება. თუმცა უძლურების შეგრძნება შესაძლებელია შეიცვალოს. დიქტატურა მუდმივი არ არის. მისი ჩაგვრის ქვეშ მცხოვრებმა ადამიანებმა სისუსტე უნდა დასძლიონ და დიქტატორს ხელისუფლებაში დაუსრულებლად ყოფნის საშუალება არ უნდა მისცენ. არისტოტელემ დიდი ხნის წინ თქვა: „...ოლიგარქია და ტირანია - სახელმწიფო წყობის მეტნაკლებად მოკლევადიანი ფორმაა... ტირანიის უმეტესი ნაწილი ძალზედ მცირე ხნით არსებობდა“. თანამედროვე დიქტატორებსაც ბევრი სუსტი წერტილი გააჩნიათ. მათი სისუსტეები შესაძლებელია უფრო გაძლიერდეს და დიქტატორის ძალაუფლების შერყევა გამოიწვიოს (ამ სისუსტეებს ჩვენ დაწვრილებით მე-4 თავში განვიხილავთ).

თანამედროვე ისტორია ავლენს დიქტატურის მოწყვლადობას და აჩვენებს, რომ მისი დამხობა შედარებით სწრაფადაა შესაძლებელი. პოლონეთში კომუნისტური დიქტატურის ჩამოგდებას 10 წელი დასჭირდა, 1980-დან 1990-მდე, ხოლო აღმოსავლეთ გერმანიასა და ჩეხოსლოვაკიაში ეს, 1989 წელს, რამოდენიმე კვირაში მოხდა. სალვადორსა და გვატემალაში ბრძოლა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა (1944), რათა მყარად ფესვგამდგარი სამხედრო დიქტატურა დასრულებულიყო. ირანის შაჰის მძლავრი სამხედრო რეჟიმი რამოდენიმე თვეში დაემხო. 1986 წელს ფილიპინელი დიქტატორი მარკოსი დამხობილ იქნა ბრძოლის დაწყებიდან რამოდენიმე კვირაში; როგორც კი ოპოზიციის სიძლიერე აშკარა გახდა, აშშ-ს ხელისუფლებამ მარკოსს დახმარებაზე უარი უთხრა. მოსკოვის პუტჩი პოლიტიკური დაუმორჩილებლობის დახმარებით რამოდენიმე დღეში იქნა შეჩერებული (1991 წლის აგვისტო). ამის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ძალაუფლების ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში მყოფმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა რამოდენიმე დღის, კვირის ან თვის განმავლობაში დაიბრუნეს.

მოძველებული შეხედულება, თითქოსდა ძალისმიერი ქმედებებით უფრო სწრაფად შეიძლება შედეგის მიღწევა, ხოლო არაძალადობრივი დიდი დროს მოითხოვს - აშკარად მცდარია. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ვითარების შეცვლას დიდი დრო სჭირდება, ბრძოლა დიქტატორის წინააღმდეგ არაძალადობრივი მეთოდების გამოყენებით ხანდახან უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

მოლაპარაკებები, ერთის მხრივ დაუსრულებელი გამანადგურებელი ომის, ხოლო მეორეს მხრივ კაპიტულაციის, ერთადერთი ალტერნატივა არ არის. აქ მოყვანილი, ასევე პირველ თავში აღწერილი მაგალითები, აჩვენებს, რომ მათთვის, ვინც მშვიდობისთვისაც და თავისუფლებისთვისაც იბრძვის, არის კიდევ ერთი შესაძლებლობა - პოლიტიკური დაუმორჩილებლობა. (გაგრძელება იქნება)

trampi ჩააფურთხეთ ჩააფურთხეთ .......რაც თქვენ საქართველოში რევოლუცია ვეღარ მოაწყოთ...... გარდა ერთისა---თვითონ იმ ვაი რევოლუცონერების(გვარს არ დავასახელებ) ჩაქოლვის....
4 წლის უკან