რას ნიშნავს დიპლომატიური ეტიკეტიდან ამოვარდნილი წერილი და ამერიკელების, ან ევროპელების უჩვეულოდ მკაცრი ტონი? ამძიმებს თუ არა ვითარებას ის გარემოება, რომ კრიტიკული წერილის გამომგზავნი კონგრესმენები საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებად ითვლებიან და, თუ მეგობრები შეშფოთებულნი და შეწუხებულნი არიან, ე.ი. საქმე მთლად კარგად ვერ არის?
არავინ დავობს, რომ „ქართული ოცნების“ საზიანოდ მოცემულობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც უმრავლესობა ზუსტად იმ დეპუტატებმა დატოვეს, ვისაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა დასავლეთთან და ენის არცოდნის ბარიერი არ აწუხებდა. ამ სერიოზული ჩავარდნის გამო ხელისუფლება ამიერიდან ტაქტიკის შეცვლას აპირებს და საგარეო მიმართულებით გააქტიურებას იწყებს.
„ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს, რომ ვაშინგტონში არჩილ თალაკვაძის ვიზიტი ბევრ რამეს შეცვლის და ხელისუფლებას აღარ გააკრიტიკებენ. ასევე, ხელისუფლება აპირებს, დაეხმაროს კიზინგერს და ამ წერილის მომწერ კონკრეტულ კონგრესმენებს, რეალურად გაერკვნენ საქართველოში არსებულ სიტუაციაში.
რატომ შეიცვალეს ყოველთვის რბილი ტონი ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა? ამის შესახებ For.ge-ს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი გიორგი რუხაძე ესაუბრა.
დასავლეთმა არაერთი გასაკრიტიკებელი მოუძებნა მმართველ გუნდს. რამდენად სწორად ერკვევა დასავლეთი საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებში და ვინ არის მათი წყარო საქართველოს შესახებ?
- რეალობა ის არის, რომ დასავლეთი, კონგრესი იქნება, თუ ევროპარლამენტი, ძალიან ადეკვატურად აფასებს იმას, რაც ხდება საქართველოში. იმაზე საუბარი, რომ ვინმეს ინფორმაცია არ აქვს, ან ვინმეს ვინმე შეცდომაში შეჰყავს, სრული აბსურდია იქიდან გამომდინარე, რომ იმავე კონგრესისთვის ან ევროპარლამენტისთვის წყარო მხოლოდ პოლიტიკური პარტიები არ არიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ მოლაპარაკებებში, რომელიც მიმდინარეობს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ჩართულია ევროკავშირი ელჩის სახით, ჩართულია ამერიკული მხარე და ევროსაბჭო. ბუნებრივია, ინფორმაცია მისდით ამ ადამიანებს როგორც საკუთარი საელჩოებიდან, ისე ქართული თუ არაქართული არასამთავრობო სექტორიდან. ისიც ცხადია, პოლიტიკური სპექტრი იაქტიურებს საკუთარი ინტერესებისთვის და ეს ნორმალურია, ასეც უნდა იყოს. თუ „ქართული ოცნება“ ვერ აქტიურობს და „ნაცმოძრაობა“ უკეთესად ახერხებს გზავნილის მიტანას, ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პრობლემაა.
კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ პარტიული არხებით ინფორმაციის მიწოდებით არ აიხსნება ასეთი განცხადებები, ეს განცხადებები დგას ძირითადად საელჩოების და არასამთავრობო სექტორის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. ევროპარლამენტში როდესაც ასეთი მწვავე კრიტიკა ისმოდა საქართველოს ხელისუფლების მისამართით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე არ მახსოვს არც ერთი საგარეო კომიტეტის სხდომა ევროპარალმენტში, სადაც საქართველოს ასე ელაპარაკებოდნენ. აქ საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, საუბარი იყო იმაზე, რომ ხელისუფლებამ გადააგდო ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ივანიშვილი ცალი ხელით მოუწოდებდა, მიეღოთ საარჩევნო ცვლილება და მეორე ხელით კულისებს მიღმა ჩააგდო ეს ცვლილება. ის ადამიანები, რომლებიც ამაზე ლაპარაკობდნენ, ვგულისხმობ ანდრიუს კუბილიუსს, ანა ფოტიგას, წლების განმავლობაში (თუ ათწლეულის განმავლობაში არა) საქართველოს საკითხით არიან დაკავებულნი.
ბოდიში და შეურაცხმყოფელია ამ ადამიანების მიმართ, როდესაც ხელისუფლების მხრიდან ისმის მოსაზრება, რომ მათ არ აქვთ ობიექტური ინფორმაცია და თურმე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს არ ჰქონია დრო, თორემ ყველაფერს ზედმიწევნით აუხსნიდა ამ ადამიანებს. როდესაც საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ასეთია, ეს, ერთი მხრივ, შეურაცხმყოფელია ჩვენი ევროპელი, თუ ამერიკელი პარტნიორების მიმართ, რადგან შენ მათ ეუბნები, იმდენად მიამიტი ხარ, რომ მართალი და ტყუილი ინფორმაციის გარჩევა, წყაროების არჩევა არ შეგიძლია. ამით ჩვენი ხელისუფლება საკუთარ სისუსტესა და პოზიციების უუნარობას უსვამს ხაზს, რომ თავად არ მიაქვთ თურმე მართებული ინფორმაცია უცხოელ პარტნიორებთან. მეორე მხრივ, ამით ჩვენი ხელისუფლება საკუთარ პარტნიორს ეუბნება, რომ, ცოტა არ იყოს, ისინი ჭკუასუსტები არიან, რადგან მცდარ ინფორმაციას იჯერებენ და ავრცელებენ. არ მიკვირს, რომ უკვე ასეთი დამოკიდებულებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ამ ყველაფრის შედეგად, სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება არ ზარალობს, უკვე სახელმწიფო ზარალობს.
რას ნიშნავს ევროპარლამენტართა მხრიდან შეკითხვა, რომ თქვენ არ გაქვთ მომავალი ევროპაში?
- ის ადამიანები, ვინც იქ სხედან, საბოლოო ჯამში, წყვეტენ, საქართველო რა დოზით უნდა ინტეგრირდეს ევროპაში. როდესაც ამ ადამიანებს ეუბნები, რომ ისინი არაადეკვატურები არიან, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი რეაქცია ექნებათ მათ? ისინი დიდხანს მხარს დაუჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ, თუ საქართველოს ხელისუფლებამ პირობები არ შეასრულა და სწორედ ეს უთხრეს საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენი მხარდაჭერა არის ერთი, მაგრამ საქართველომ უნდა დაიმსახუროს ეს მხარდაჭერაო. რატომ უჭერენ საქართველოს მხარს? იმიტომ, რომ ის ლიდერია დემოკრატიის კონტექსტში რეგიონში, თუმცა ეს მოცემულობაც უკვე შეიცვალა და გამოქვეყნდა „ეკონომისტის“ დემოკრატიის ინდექსი, სადაც სომხეთმა გადაგვასწრო. აღარ არის საქართველო დემოკრატიის ლიდერი რეგიონში. გარდა ამისა, ევროპარლამენტშიც ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და საქართველოს საკითხების განხილვებს და ასეთი ბრალდებები, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე ლაპარაკობენ, მე მსმენია აზერბაიჯანის ან ბელარუსის საკითხის განხილვისას აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში. სამწუხაროდ, ჩვენ მივედით იქამდე, რომ ჯერ მთლად ამ კონტექსტში არ განგვიხილავენ, მაგრამ ბრალდებები თითქმის ამ სახისაა.
2003 წლამდეც ასეთი მესიჯები მოდიოდა დასავლეთიდან. ეს შეიძლება დამაიმედებელი იყოს მათთვის, ვისაც კვლავაც სურს ძალაუფლების ხელში ჩაგდება?
- ხელისუფლების ცვლილება არ არის დასავლეთის, ან ჩვენი პარტნიორების საქმე, ეს არ ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის საქმე, რაც არჩევნებზე უნდა გადაწყდეს. უბრალოდ, დასავლეთს გული წყდება იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვერ მივედით იმ დასკვნამდე და იმ მდგომარეობამდე, ისეთი არჩევნები ჩავატაროთ, რომელიც იქნება საქართველოს მოსახლეობის აზრის პროპორციულად გამომხატველი და მისაღები ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ეს არის დემოკრატია და ეს არის ევროპული ღირებულება. სანამ საქართველოში იკამათებენ არჩევნების შედეგებზე, მერწმუნეთ, მანამდე საქართველოს ადგილი ევროკავშირსა და ევროპულ დემოკრატიაში არ იქნება.
შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ გაუჩნდეს კითხვა, სად არიან ჩვენი დამცველები? რატომ არ ჩანს თუნდაც „ქართული ოცნების“ ევროპელი პარტნიორი „სოციალ დემოკრატები“? იმდენად შეცვლილია ვითარება დასავლეთში, რომ მათთვისაც რთულია, დაიცვან „ქართული ოცნება“?
- არსებობს რაღაც პოზიცია, რომლის დაცვაც უკვე შეუძლებელია. საქართველოს ხელისუფლება ახლა უკვე იმ მდგომარეობაშია, თუ არ გაითვალისწინებს ამ გზავნილებს და არ გამოიყვანს საკუთარ თავს ამ კრიზისიდან და წამგებიანი მდგომარეობიდან, რომელშიც ის იმყოფება, მისი დაცვა შეუძლებელი გახდება. პარტნიორები იცავენ საკუთარ პარტნიორებს მანამ, სანამ მათი დაცვა შესაძლებელია. რანაირად შეიძლება იმავე „სოციალ დემოკრატებმა“ ევროპარლამენტში დაიცვან პოზიცია, რომლისაც არავის სჯერა? იქ პირდაპირ უთხრეს საქართველოს დელეგაციას, ივანიშვილმა პროპორციული ცვლილება ჩააგდო იმიტომ, რომ შეენარჩუნებინა ძალაუფლება. ამიტომ, თუ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ნაბიჯებით არ მისცემს საშუალებას თავის პარტნიორებს, დაიცვან ისინი, ვეღარავინ ვეღარ დაიცავს. მათ იმდენად ცუდი პოზიციები აქვთ, რომ დაცვა შეუძლებელი ხდება. რანაირად შეიძლება, შავზე თეთრი თქვან, ასეთი რამ დასავლეთში არ მუშაობს.
"ხელისუფლების ცვლილება არ არის დასავლეთის, ან ჩვენი პარტნიორების საქმე, ეს არ ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის საქმე, რაც არჩევნებზე უნდა გადაწყდეს. უბრალოდ, დასავლეთს გული წყდება იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვერ მივედით იმ დასკვნამდე და იმ მდგომარეობამდე, ისეთი არჩევნები ჩავატაროთ, რომელიც იქნება საქართველოს მოსახლეობის აზრის პროპორციულად გამომხატველი და მისაღები ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ეს არის დემოკრატია და ეს არის ევროპული ღირებულება. სანამ საქართველოში იკამათებენ არჩევნების შედეგებზე, მერწმუნეთ, მანამდე საქართველოს ადგილი ევროკავშირსა და ევროპულ დემოკრატიაში არ იქნება."
რას ამბობს ეს ადამიანი?! ეს რა საშინელი რამ წავიკითხე.?! ასე გამრუდებული ლოგიკის და აზროვნების პატრონი იშვიათად ვინმე რომ იყოს!