ლებრონ ჯეიმსი ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სამეულში შევიდა

ლებრონ ჯეიმსი ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სამეულში შევიდა

​„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა „ფილადელფიასთან“ მატჩში „ლეიკერსის“ ლეგენდარული მოთამაშის, კობე ბრაიანტის შედეგი გაიმეორა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სამეულში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ NBA-ის ვებგვერდი ავრცელებს.

ყველა დროის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი „მილუოკისა“ და „ლეიკერსის“ ცენტრი კარიმ აბდულ-ჯაბარია, რომელმაც კარიერაში 38 387 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზეა „იუტას“ და „ლეიკერსის“ ფორვარდი კარლ მელოუნი (36 928 ქულა). მესამე ადგილზე 33 643 ქულით სწორედ ბრაიანტი იყო, რომელსაც ახლა ლებრონ ჯეიმსი ერთი ქულით უსწრებს.

საშუალოდ კარიერის განმავლობაში 35 წლის ჯეიმსი ერთ მატჩში 27,1 ქულას აგროვებს. მელოუნის შედეგის გასამეორებლად მას 1,75 სეზონი, პირველ ადგილზე გასასვლელად მას 2,5 სეზონი დასჭირდება.