„მოსკოვმა უნდა იგრძნოს, რომ საქართველოს ერთი მეტრი მიწის მიტაცება მას 2 მილიარდი დოლარი უჯდება სანქციების სახით“

„მოსკოვმა უნდა იგრძნოს, რომ საქართველოს ერთი მეტრი მიწის მიტაცება მას 2 მილიარდი დოლარი უჯდება სანქციების სახით“

სანამ ოფიციალური თბილისი იმის საგონებელშია, რა მოიწერეს კონგრესმენებმა და რატომ ელაპარაკებიან ხელისუფლებას ევროპარლამენტარები მკაცრი ტონით, ოკუპანტები თავის საქმეს აკეთებენ. საოკუპაციო ძალებმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართეს. სუს-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს მავთულხლართების ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს. უფრო ადრე, 14 იანვარს საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სოფელ ჩორჩანას მიმდებარედაც აღმართეს.

ოპოზიციას კითხვა უჩნდება, მომხდარის გამო რატომ არ მოითხოვა ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება ევროპარლამენტში?

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ექსპერტს კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ, სამწუხაროდ, გრძელდება ბორდერიზაცია, ოკუპაცია, რასაც რუსეთი უკვე 2008 წლიდან ახორციელებს. კონფლიქტოლოგის განმარტებით, რატომღაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ისე წარმოჩინოს, თითქოს ეს ახალი მოვლენაა, სინამდვილეში, ეს არ არის ახალი მოვლენა და 2009 წელს უკვე რეალურად დაიწყო შემოღობვები, მას შემდეგ ეს რეგულარული ამბავია და რუსეთის აგრესიული საოკუპაციო პოლიტიკის გამოვლენაა.

„არასერიოზულია იმაზე საუბარი, რატომ არ მოითხოვა ქეთევან ციხელაშვილმა ევროპარლამენტიდან სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. სანქციები რუსეთზე რომ მოქმედებდეს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნებოდა. რა სანქციები არ დაუწესეს რუსეთს-ყირიმის გამო სანქციები, დონბასის გამო სანქციები, თვითმფრინავი რომ ჩამოაგდეს რუსებმა დონბასში, იმის გამო სანქციები, მაგრამ რუსეთი მაინც თავის თავხედურ პოლიტიკას განაგრძობს სირიაში, ერაყში, ლიბიაში, უკრაინაში. რუსეთი უკან არ იხევს, ახლა რუსეთმა კიდევ შეცვალა კანონები, კონსტიტუციას ცვლის პუტინი, რათა რუსეთი საერთოდ არ დაემორჩილოს საერთაშორისო სამართალს. რუსეთი შეტევაზეა გადასული. ასე რომ, ეს მოწოდებები წმინდა წყლის პოლიტიკური პაექრობაა, რადგან რუსეთს სანქციების არ ეშინია. ეჭვი მეპარება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით დასავლეთი წარმატებას აღწევდეს. რა თქმა უნდა, სანქციები უნდა არსებობდეს, მაგრამ იმაზე მეტი ვერ იქნება, რაც ახლა აქვს რუსეთს დაკისრებული ყირიმისა და დონბასის გამო“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბარში.

ამასთან, დასძენს, რომ გამოსავალს ხედავს კონფლიქტების მოგვარებაში. მისი აზრით, ჩვენ კონფლიქტის მოგვარებაზე უნდა ვიმუშაოთ და არა ღობეების წინააღმდეგ. თუ ჩვენ გავალთ პირდაპირ კონტაქტებზე აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, ვილაპარაკებთ დოკუმენტებზე, რომლებიც მათ სურთ, რომ განვიხილოთ და იმ დოკუმენტებში მათი ინტერესების გარდა ჩვენს ინტერესებსაც ჩავდებთ, ეს იქნება კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯები. აქ იქნება განხილული ღობეების საკითხიც, ახალგორელებისა და გალელების დაცვაც. თუ ჩვენ დინამიკაში გადავიყვანთ კონფლიქტის მოგვარებას, გამოსავალი არსებობს, მაგრამ ასე ღობეს ცხვირწინ რომ გაგვივლებენ და მერე აღვშფოთდებით, ეს არ არის გამოსავალი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტკივილის წინააღმდეგ ბრძოლა და არა თვით ავადმყოფობის დამარცხება.

„რატომღაც გვგონია, რომ კონფლიქტები არის ღობეების გავლება და, თუ რუსებს ჭკუა ეყოფათ და აღარ გაავლებენ ამ ღობეებს, ჩვენში თურმე გაჩნდება განცდა, რომ კონფლიქტი არ არსებობს. რატომღაც ჩვენთვის კონფლიქტია ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრება, ღობეების გავლება, საგუშაგოს დადგმა, სინამდვილეში, ეს ყველაფერი კონფლიქტის შედეგია“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელ გიორგი რუხაძის აზრით, იმისთვის, რომ რუსეთმა უკანონო ნაგებობები არ აღმართოს ჩვენს ტერიტორიაზე, არსებობს გამოსავალი, რომ ყოველ ასეთ ნაბიჯში მოსკოვმა ფასი გადაიხადოს, იქნება ეს ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ფასი საერთაშორისო, ან ნებისმიერ სხვა ასპარეზზე. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა აგებულია იმაზე, არ გაღიზიანდეს რუსეთი, ისინი ყველაფერზე თვალს ხუჭავენ, რეაგირებას ერიდებიან და ამის გაგრძელებაა ისიც, რომ მიუხედავად იმისა, მინისტრმა ციხელაშვილმა ძალიან კარგად აღწერა რეალობა ევროპარლამენტში გამოსვლისას, მას არ ჰქონია კონკრეტული გზავნილები, რას ითხოვდა პარტნიორებისგან, რა უნდა გაეკეთებინა იმ ხალხს იმისთვის, რომ საქართველოს დახმარებოდა.

„სანქციები სწორედ ის საშუალებაა, რომელიც აგრძნობინებს მოსკოვს, რომ საქართველოს ერთი მეტრი მიწა მას უჯდება 2 მილიარდი დოლარი სანქციების სახით. თუ ასეთი შეკავების ელემენტი არ გაჩნდა, ბუნებრივია, რუსეთი კვლავაც გააგრძელებს აგრესიას. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს გორის რაიონს ეხება და ცხინვალსა და ყოფილ ავტონომიურ ოლქზე არც არის საუბარი, გუგუტიანთკარში რაც ხდება, ჩორჩანას ტყეში რაც ხდება, ეს უკვე აღარ არის იმ სივრცეში, რომ თითქოს ისინი ღობავენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს. ისინი უკვე გადმოვიდნენ იმ სივრციდან და ამაზე პასუხი თუ არ გასცა ქართულმა მხარემ, ეს არასდროს დამთავრდება. არგაღიზიანების პოლიტიკა პირიქით აქეზებს დე ფაქტო ხელისუფლებას და მოსკოვს, რომ უფრო მეტად გადადგან ასეთი ნაბიჯები. ჩვენს ხელისუფლებას არ უნდა ამის აღიარება და, ბუნებრივია, არც სანქციებზე ილაპარაკებს, არც სხვა რამეზე. მწვავე კრიტიკა და მწვავე დაპირისპირება მოსკოვთან მათ პოლიტიკაში არ შედის. ასეთი პოლიტიკა კი ჯერჯერობით არ მუშაობს“, - აცხადებს გიორგი რუხაძე ჩვენთან საუბარში.

 

Katana . არ დაიღალა ეს ხალხი სისულელეების ბჟუტურით!.. (უკაცრავად, მაგრამ უფრო კორექტულ შეფასებას არ იმსახურებს ბ-ნ გიორგი რუხაძის შეგონებანი).

ცოცხალი თავით არ უნდათ გამოსვლა იმ ილუზიებიდან, რომ "ნატო-ნატოს" ძახილითა და სანქციების მუქარით შეაშინებენ რუსეთს!

არ ვიცი, გონებაშეზღუდულობით მოსდით ეს, თუ სწორედ ამაში უხდიან ფულს.

ჯერ ერთი, რატომ ჰგონიათ, რომ რუსეთმა არ იცის, რა არის მისთვის მომგებიანი და ქართველმა ნაც-ლიბერალებმა იციან?!
რომ არ უღირდეს რუსეთს, ხომ არ დახარჯავდა ამდენ ფულს მაგ მუქთახორა სეპარატიტული ადმინისტრაციების შესანახად?!

არ იცით, რომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სამხედრო ბაზები ამ ტერიტორიებზე, რათა ნატოს კარები ჩაურაზოს რეგიონში?!
(კი გაიყვანა ბაზები სალომე ზურაბიშვილის დიდი ძალისხმევით, მისი საგარეო მინისტრობისას... მაგრამ სააკაშვილმა მალევე "გამოასწორებინა" ეს შეცდომა რუსეთს და გაცილებით უფრო მტკიცედ დამკვიდრების საშუალება მისცა, ვიდრე ოდესმე ყოფილა: დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა სეპარატიტული ანკლავები და ახალი "გეორგიევსკის ტრაქტატები" დაუდო თვითოეულს!).

მეორეც, საიდან მოაქვთ ეს ფანტასტიკური ციფრები... რომ საქართველოს ერთი მეტრი მიწის მიტაცება რუსეთს 2 მილიარდი დოლარი უჯდება (ან დაუჯდება), სანქციების სახით?
რა არის ეს, რა სირობაა?!
იცით საერთოდ, რამდენი კვადრატული მეტრი აქვთ მიტაცებული?
უკვე გადაამრავლეთ 2-2 მილიარდზე?
და რა მიიღეთ, რამდენი ტრილიონი? :)))
ან "უჯდება"-ში რა იგულისხმება? განა არ იცით, რომ რუსეთი არავისთან რჩება ვალში და სანქციებზე სანქციებითვე პასუხობს?! - არ მომყიდით ამას? - არ ვიყიდი შენგან იმას, ძალიან რომ გინდა გაასაღო!.. ამდენ და ამდენ ჩემს მაღალჩინოსანს აუკრძალავთ თქვენთან შესვლას? ეგ მადარდე! - ზუსტად ამდენივეს არ შემოვუშვებ ჩემთან!.. არ მომყიდი ტექნოლოგიას, რომელიც მე მჭირდება? - არ მოგყიდი ნედლეულს, რომელიც შენ გჭირდება... ტექნოლოგიას კი თვითონ შევქმნი... (როგორც სტალინმა გააკეთა, როცა ერთა ლიგიდან გარიცხეს სსრკ)!..

ამათ ჰგონიათ, ციხელაშვილის ერთი მინიშნება და, ევროპა-ამერიკა ეგრევე ახალ სანქციებს დაუწესებს რუსეთს!
გიფიქრიათ კი, ეს სანქციები რა ძვირი უჯდება დასავლეთს? - შარშანწინებში, სადღაც 49 მილიარდ ევროზე იყო საუბარი მხოლოდ იტალიასთან დაკავშირებით!..
ვის ეხალისება, შენი... ჩორჩანსთან გავლებული ღობის გამო... მილიარდობით ზარალი ანახოს საკუთარი ქვეყანას და ხალხს?!
P.S.
რეალისტურად მსჯელობს პაატა ზაქარეიშვილი. მას ნამუშევარი აქვს ამ საკითხებზე (უამრავი ტყვე ჰყავს გათავისუფლებული, ბოლო-ბოლო!). ყველაზე უკეთ ის იცნობს სიტუაციას... მაგრამ მის ხსენებაზე, რატომღაც, ხელი ქვების მოსაბოჭად გაურბით, რომ ჩაქოლონ, ხოლო ჩიტირეკია ლიბერასტების უსაგნო რიტორიკას დიდი ფასი ადევს ქართულ პლიტიკურ ბაზარზე.
4 წლის უკან
romani უკრაინაშიც იგივე უმწიფარი აზრების ორომტრიალია, შეზავებული კომიკური და უსუსური შოუებით, რასაც ბ-ნი რუხაძე ასეთი სერიოზულობით გვთავაზობს. ერთ ქვაბთავში იხარშება ეს აბსურდი.
4 წლის უკან