სახალხო დამცველი თეა წულუკიანის მიერ ციხის მონიტორინგის კადრების გამოყენების საკითხზე, პერსონალური მონაცემების დაცვის სახელმწიფო სამსახურს მიმართავს. ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრს პერსონალური მონაცემების დარღვევში ადანაშაულებს, რადგანაც თვლის, რომ მინისტრმა უკანონოდ შეინახა და შემდეგ გაასაჯაროვა სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეხვედრა პატიმართან. ლომჯარია მზად არის გამოძიების დაწყების შემთხვევაში პროკურატურასთან ითანამშრომლოს.
„ჩვენ მივმართეთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, სახელმწიფო ინსპექტორს, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს აღნიშნული ჩანაწერების უკანონო გასაჯაროება. ჩვენი ინტერესი ეს არის - ინფორმატორის და პატიმრის უსაფრთხოების დაცვა, შესაბამისად, ამ რისკების გათვალისწინებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა დოზით და რა სიღრმეში შეგვიძლია შევიდეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით პროკურატურასთან კომუნიკაციაში“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.
for.ge-სთან საუბრისას საიას ანალიტიკოსი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრის მხრიდან დაირღვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნა. შესაბამისად, მათ უკვე მიმართეს განცხადებით სახელმწიფო ინსპექტორს, დაიწყოს მოკვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით.
„აქ დარღვეულია ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპები. თვითონ ვიდეოს გამოყენების მიზანი არის დარღვეული. ზოგადად, გადაღება ხორციელდება იმიტომ, რომ დაცული იყოს მსჯავრდებულის, ან მესამე პირის ინტერესები. მაგალითად, შეიძლება არსებობდეს თვითდაზიანების, თვითმკვლელობის, ან სხვა პირთა დაზიანების საფრთხე, ამ შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს გადაღება და მისი გამოყენება ხდება ზუსტად ამ მიზნებისთვის. დაუშვებელია, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებულიყოს ეს ჩანაწერი, თუმცა იუსტიციის მინისტრმა ეს გააკეთა, რითაც დაარღვია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი“, - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.
მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის ქმედებაში იკვეთება მეორე კანონდარღვევა, კერძოდ ჩანაწერის შენახვის ვადა. როგორც საიას ანალიტიკოსი აცხადებს, ნებისმიერ პერსონალურ მონაცემს გააჩნია შენახვის ვადა.
„სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის ბრძანებით დადგენილია ვადები. თუ შესაბამისი საფუძველი არსებობს, ასეთ შემთხვევაში მაქსიმუმ ერთი თვე შეიძლება შენახულიყოს ჩანაწერი, შემდგომ უკვე ნადგურდება. ამ შემთხვევაში გადაღება იყო აპრილში, ზოგიერთი ვიდეო ზაფხულშია გადაღებული, მას შემდეგ 9 თვე არის გასული და წესით, წაშლილი უნდა ყოფილიყო, თუმცა შეინახა სამინისტრომ, რითაც ასევე დაირღვა კანონი.
აქ საინტერესოა ისიც, რომ იდენტიფიცირებულია სახალხო დამცველი, ხდება მსჯავრდებულების იდენტიფიცირება, ისევე როგორც სასჯელაღსრულების თანამშრომლების. ასევე, თუ გამოიკვეთება, რომ ჩაწერილია მათი ხმა და იდენტიფიცირებულია სახალხო დამცველის და მსჯავრდებულის საუბარის შინაარსი, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს, მით უმეტეს თუ იკვეთება მიყურადება.
ჩვენ ამ მიზეზების გამო მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორს და მოვითხოვეთ გამოძიება. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა თავისივე ინიციატივით დაიწყო ამ საკითხის მოკვლევა. ჩვენც დაველოდებით რა პასუხი იქნება ინსპექტორისგან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ნიკა სიმონიშვილმა.
ამ ეტპაზე მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს იურისტი დათუნა მოდებაძე, რომლის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერში ნაჩვენები პირების იდენტიფიცირება ვერ ხდება, გარდა ამისა, სახელის და გვარების დასახელება არ მომხდარა წულუკიანის მხრიდან, ამით არ მომხდარა პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება.
„მე თვითონ ვნახე ეს ვიდეო, პატიმრის სახე დაფარულია. მახსოვს ჩანაწერი, როდესაც თეა წულუკიანი აკეთებს განცხადებას, რომ პატიმრის სახე არის დაფარულიო. თუ სახეები დაფარულია და იდენტიფიცირება ვერ ხდება, მით უმეტეს, რომ წულუკიანის მხრიდან არ მომხდარა სახელის და გვარების დასახელება, შესაბისად, ის, რომ კადრში ვიღაცეები არიან, ამით არ მომხდარა პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება. მაგრამ თუ რომელიმე პირის ამოცნობა შესაძლებელია და ეს საჯაროდ გახდა ცნობილი, კი ბატონო ასეთ შემთხვევაში ადგილი გვქვას პერსონალური მონაცემების დარღვევასთან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დათუნა მოდებაძემ.
უმრავლესობის ყოფილი წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გამოჩნდა მცდელობა იმისა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტმა საკუთარ თავს შეზღუდვები დაუწესოს.
„ჩემთვის გამოჩნდა მცდელობა იმისა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტმა საკუთარ თავს შეზღუდვები დაუწესოს და ძალიან თავშეკავებულად აკეთოს თავისი საქმე, რომ არ გააღიზიანოს სხვადასხვა პირები. ეს საშიში დინამიკაა. ასეთი პერიოდები მახსოვს. მე, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, გამომივლია მსგავსი შემთხვევები და კარგად არ სრულდება ხოლმე. ნაცვლად იმისა, რომ მსჯელობა გამართულიყო იმაზე, პროგრესის მიუხედავად არსებულ გამოწვევებს როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ, სხვა ტაქტიკაა არჩეული. კერძოდ, ომბუდსმენზე შეტევის, პირადი შეურაცხყოფის, მისი დადუმების მცდელობა“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს უმცირესობა. სალომე სამადაშვილის განცხადებით, 2012 წლიდან წულუკიანის და ივანიშვილის ყველაზე სანდო მოკავშირე „ქურდული სამყაროა“, ამიტომ ისინი კბილებით იცავენ მათ ინტერესებს.
„ძალიან მეგობრულ ურთიერთობაშია კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან. ნამდვილად გვახსოვს მისი ფოტო კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ წარმომადგენელთან ერთად გადაღებული. არ არის გასაოცარი, რომ „ქართული ოცნების“ სრული შემადგენლობა, დაწყებული თეა წულუკიანით, დამთავრებული ანრი ოხანაშვილით, რომელიც კრიმინალურ სამყაროს გადაეფარა და იმის ნაცვლად, რომ მართლა დაინტერესებულიყვნენ არსებული პრობლემებით, დადგეს მასკარადი. ქალბატონმა წულუკიანმა სრულიად არაადეკვატური განცხადებები გააკეთა და სულ სხვა სიბრტყეში გადაიყვანა დისკუსია“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
დეპუტატის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მინისტრებს შორის მწვავე კონკურენციაა, ვინ უფრო სამარცხვინო იქნება, მაგრამ თეა წულუკიანი დამაჯერებლად დაწინაურდა.
„საზოგადოების დაკვეთა არ ყოფილა „ქურდული სამყაროს“ გავლენის ზრდა. საზოგადოების დაკვეთა ის კი არ იყო, რომ ბავშვები „კანონიერ ქურდობაზე“ ოცნებობდნენ, არამედ ის, რომ ციხეებში სიტუაცია გაუმჯობესებულიყო. ადმინისტრაცია რომ „მაყურებლებს“ პატიმრებს აკვლევინებს, ეს არ არის გაუმჯობესება და უკეთესობა. მწვავე კონკურენციაა „ქართული ოცნების“ მინისტრებს შორის, ვინ უფრო სამარცხვინო იქნება, მაგრამ მაინც თეა წულუკიანი დამაჯერებლად დაწინაურდა. დარწმუნებული ვარ, ამ გვერდს ღირსეულად გადაშლის ჩვენი საზოგადოება“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.