როგორც მოსალოდნელი იყო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ წინა ხელისუფლების ბევრ ისეთ დანაშაულს აეხადა ფარდა, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის არაფერი იყო ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი შეიძლება გახდეს მიმდინარე წლის ზაფხულში, თბილისში ნარკოტიკების უკანონოდ შენახვა-მოხმარებისთვის დაპატიმრებული სამი აფხაზის საქმე. დღეს ისინი აცხადებენ, რომ ნიკა რურუას პირადი პატიმრები არიან, სააკაშვილის ხელისუფლება მათგან „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისთვის გამოყენებას ცდილობდა და მთავარ პროკურატურას ამ საქმის გამოძიების თხოვნით მიმართავენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით for.ge-ს „ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, დავით ფაცაცია ესაუბრება.
დავით ფაცაცია: „მიმდინარე წლის ზაფხულში აფხაზეთიდან თბილისში მეთადონის ჩანაცვლებით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად (ანუ სამკურნალოდ) ოთხი ადამიანი ჩამოვიდა. ესენი არიან ალიას აიბა, ალექსანდრე ლასურია, მიხეილ გარსკია (რომლებიც მოგვიანებით დააკავეს), მეოთხე პიროვნების გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ისინი მკურნალობდნენ და შესაბამისად, თბილისში ცხოვრობდნენ. ერთ დღესაც ისინი შევიდნენ მაღაზიაში „მონტე ნაპოლეონე“, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნიკა რურუასი ყოფილა. მაღაზიაში ისინი შემთხვევით შეხვდნენ ნიკა რურუას, რომელიც მათ და განსაკუთრებით ერთ-ერთ მათგანს, ლასურიას დიდი ყურადღებით ათვალიერებდა. ლასურიას რურუა თურმე განსაკუთრებით გამომწვევად და გამაღიზიანებლად ათვალიერებდა, რის გამოც ლასურიას მისთვის უკითხავს - ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთო? რურუას ამაზე ჟარგონით უპასუხია „ვოზდუხ ობშიო“.
ამ ადამიანებმა იცნეს ნიკა რურუა?
- არა, საიდან უნდა სცოდნოდათ ვინ არის ნიკა რურუა. უბრალოდ ლასურიას მისთვის უთქვამს, მოდი მაშინ გავიცნოთ ერთმანეთი, მე ალექსანდრე ლასურია ვარო. რურუას კი უთქვამს - მე კიდე ნიკა რურუა ვარო. მათ შორის შელაპარაკება მოხდა. ამ დროს მათთან ალიას აიბა მივიდა, რურუას უთხრა, რომ ისინი აფხაზეთიდან იყვნენ ჩამოსულები და ვითარება განმუხტა. ამის შემდეგ რურუა მაღაზიიდან გავიდა და მას გაჰყვა დაცვაც, მაგრამ დიდი ალბათობით, დაცვა გარეთ დაელოდა ამ ადამიანებს და აედევნა მათ, დაადგინა მათი საცხოვრებელი და მეორე დღიდან მათ სახლთან „შკოდას“ და „ტოიოტას“ მარკის დაბურულმინებიანი მანქანები პატრულირებდა, აწარმოებდა თვალთვალს და ბიჭები მივხდნენ, რომ სიტუაცია მარტივი არ იყო. თუმცა როგორც ახლა მათი ოჯახის წევრები ამბობენ, ისინი თვლიდნენ, რომ ეს ქართული მხარის ბუნებრივი რეაქცია იყო, რადგან მათი თქმით, სოხუმშიც რომ ქართველები ჩავიდნენ, აფხაზური სამართალდამცავი ორგანოებიც მათ დააკვირდებოდნენ. ამიტომ, ეს ადამიანები თვალთვალს მაინცდამაინც არ შეუშფოთებია, მაგრამ მაინც გარკვეულ სიფრთხილეს იჩენდნენ, რადგან როდესაც იმ მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ ტაქსში ჩასხდნენ, ტაქსის მძღოლისთვის უკითხავთ, ხომ არ იცი, ნიკა რურუა ვინ არისო. ტაქსის მღძოლს მათთვის განუმარტავს, რომ რურუა კულტურის მინისტრია და მისი ბიოგრაფიაც მოუყოლია, რომ იგი თავის დროზე მხედრიონელი იყო და ა.შ. ამაზე აფხაზები შეცბნენ და გარკვეულწილად საფრთხის განცდაც გაუჩნდათ.
რურუასთან მაღაზიაში შეხვედრიდან მეოთხე დღეს, ეს ბიჭები მივიდნენ ქავთარაძეზე, მიიღეს ის წამალი, რომელიც მეთადონის პროგრამით არის გაწერილი. იქიდან წამოვიდნენ ყაზბეგის გამზირის N8-ში მდებარე კაფეში, საიდან გამოსვლისთანავე, მათ დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს. ჩხრეკისას ოთხივე მათგანს, თითქოს, აღმოუჩინეს ნივთიერება „მეთადონი“ და ოთხივე ამ საბაბით დააპატიმრეს. საყურადღებოა, რომ ჩხრეკა ჩატარდა ერთ ადგილას, ხოლო ჩხრეკის ოქმი სულ სხვაგან შედგა. მეორე უმნიშვნელოვანესი სიყალბე, რაც ამ საქმეზე არის ჩადენილი არის ის, რომ საქმის მასალების მიხედვით, ოთხივე დაკავებული ერთსა და იმავე დროს არის დაკითხული, ოღონდ რა თქმა უნდა, სხვადასხვა ოთახში, მაგრამ ოთხივეს დაკითხვის ოქმებში ერთი და იგივე თარჯიმანი ფიგურირებს. ამდენად, გამოდის, რომ თარჯიმანი ერთსა და იმავე დროს ოთხ სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდა, რაც რა თქმა უნდა, აბსურდია. ორივე ეს ლაფსუსი, რასაც მე ხაზგასმით აღვნიშნავ, იმის მადასტურებელია, რომ ეს არის შეთითხნილი საქმე. აქვე გეტყვით, რომ ერთ-ერთი დაკავებული, რომელსაც ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, გაანთავისუფლეს, ლასურია, აიბა და გარსკია კი პატიმრობაში დატოვეს.
ამ საქმეში არც რურუასთან შელაპარაკება და არც ამ ადამიანების ნარკოტიკებზე დაჭერა არ არის ყველაზე საინტერესო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაშინ, როდესაც ჩვენთვის აფხაზების დაკავების შესახებ გახდა ცნობილი, მოგვივიდა ასევე ინფორმაცია, რომ მაშინდელი ხელისუფლება ამზადებდა ფილმს, რომლის სიუჟეტი იქნებოდა ის, რომ აფხაზები აფხაზეთიდან ფულის გადმოტანის მეშვეობით დახმარებას უწევდნენ „ქართულ ოცნებას“. იქ რა თქმა უნდა, „გამოიკვეთებოდა“ რუსული კვალი, რა მეთოდსაც სააკაშვილის ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ ხშირად მიმართავდა და რაშიც ნიკა რურუაც აქტიურად მონაწილეობდა.
როგორც მოგახსენეთ, ეს იყო ინფორმაცია, რომელიც მე სულ სხვა წყაროდან მომაწოდეს, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ამ ახალგაზრდების მშობლები ჩვენთან, „ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოვიდნენ, მათაც მოყვნენ, რომ ეს ყველაფერი ასე იყო. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ინფორმაცია, რომელიც მე მანამდე მომაწოდეს, სიმართლე ყოფილა. თუმცა, ჩვენ მაშინ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ეს ადამიანები დაჭერილები იყვნენ და მეტი არაფერი. მათი ადვოკატი იყო გიორგი ყავლაშვილი (რომელიც ძალიან ბევრ ასეთ საეჭვო საქმეში ფიგურირებს), რომელიც დაკავებულების ოჯახის წევრებისგან ითხოვდა, ეს საქმე არ გაეხმაურებინათ და ჰპირდებოდა, რომ ბიჭებს გამოაშვებინებდა. ამასობაში, როდესაც დაკავებულების მშობლები ჩვენთან მოვიდნენ, მათი დაკავებიდან უკვე თითქმის სამი თვე იყო გასული.
ამის შემდეგ დაკავებულ აფხაზებთან ჩვენი ადვოკატი შევიდა. მისი მეორედ შესვლისას, როდესაც ეს ადამიანები დარწმუნდნენ, რომ ეს მართლაც „ქართული ოცნების“ ადვოკატი იყო, მასთან საუბარში ბიჭებმა თქვეს, რომ ისინი უშუალოდ ციხის დირექტორის კაბინეტში აწამეს.
რომელ ციხეზეა საუბარი?
- საუბარია გლდანის მე-8 დაწესებულებაზე. დაკავებულების განცხადებით, ისინი ციხის დირექტორის, ხუჭუას კაბინეტში აიყვანეს, სადაც პირადად ხუჭუამ აწამა, განსაკუთრებით სასტიკად აწამეს ალექსანდრ ლასურია. მათგან ითხოვდნენ, კამერის წინ ეღიარებინათ, თითქოს, აფხაზეთიდან იარაღი და ფული გადმოჰქონდათ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერისთვის, რომელიც თითქოს მათი ახლობელია.
ვინ არის ეს ადამიანი, რომლისთვისაც მათ თითქოს იარაღი გადმოჰქონდათ?
- სამწუხაროდ, ეს ადამიანები ჯერჯერობით არ ასახელებენ „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენელს, რომლის დასახელებასაც მათგან ითხოვდნენ. საქმე იმაშია, რომ ამ ადამიანებმა ჯერ კარგად ვერ გააცნობიერეს, რომ დღეს ციხეში მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. ამიტომ, რაღაცეებს ისინი კიდევ არ ამბობენ. მაგალითად, მათ თქვეს, რომ ციხის დირექტორმა ხუჭუამ და ადმინისტრაციის თანამშრომელმა ფაცაციამ აწამეს, მაგრამ ესეც ჩურჩულით უთხრეს ჩვენს ადვოკატს. რადგან პატიმრობაში არიან, ჰგონიათ, რომ კონკრეტული პირების დასახელების შემთხვევაში მათ კვლავ ვინმე აწამებს. ამიტომ, როდესაც ისინი ციხიდან გამოვლენ, ალბათ, იმასაც იტყვიან, კიდევ ვინ მონაწილეობდა მათ წამებაში და „ქართული ოცნების“ იმ ლიდერსაც დაასახელებენ, ვისთვისაც იარაღის გადმოტანის აღიარებას ითხოვდნენ მათგან.
ეს ადამიანები ერთხელ აწამეს, თუ ამას პერმანენტული ხასიათი ჰქონდა?
- ისინი რამდენჯერმე აწამეს და განსაკუთრებულად სასტიკად სექტემბრის ბოლოს, როდესაც ციხის ცნობილი კადრები გახდა საჯარო. როგორც ჩანს, მაშინდელი ხელისუფლება ამ ახალი სკანდალის აგორებით ციხის სკანდალის გადაფარვას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ამიტომ მინდა თქვენი მეშვეობით ამ ბიჭებს მადლობა გადავუხადო იმ ვაჟკაცობისა და გამძლეობისთვის, რაც მათ გამოიჩინეს, როდესაც არ აღიარეს ის, რასაც მათგან ითხოვდნენ, გაუძლეს ამდენ წამებას და მათი მეშვეობით არ მოხდა წინასაარჩევნოდ იმ ფილმის გაშვება, რასაც მაშინდელი ხელისუფლება გეგმავდა. რაც არ უნდა ვთქვათ, ფაქტია, ასეთი ფილმი „რუსთავი2“-ისა და „იმედის“ მეშვეობით რომ გასულიყო, ბევრისთვის შეიძლება დამაჯერებელი ყოფილიყო. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ბიჭები მართლაც ვაჟკაცები ყოფილან, რომ ამ ყველაფერს გაუძლეს. ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ამ ადამიანების განთავისუფლება.
თქვენთვის როდის გახდა ეს ყველაფერი ცნობილი?
- ჩვენ ამის შესახებ 25 ოქტომბერს შევიტყვეთ, 30-ში კი უკვე მათი სასამართლო იყო დანიშნული. მაშინ არჩილ კბილაშვილი მთავარ პროკურორად ჯერ არ იყო დანიშნული და პროკურატურასთან კომუნიკაციას არანაირი აზრი ჰქონდა. დღეს ამ საქმის შესახებ საქმის კურსშია მთავარი პროკურატურა და 20 ნოემბერს, როდესაც მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება, ეს ადამიანები, დიდი ალბათობით, განთავისუფლდებიან, თუ მოსამართლემ ისევ რაღაც უბედურება არ ჩაიდინა. ასევე საქმის კურსშია ბატონი სოზარ სუბარიც, რომელმაც დაკავებულებთან გენინსპექცია გაუშვა, მათ ჩამოართვეს ჩვენებები, რომლებიც მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ამ ადამიანების მიმართ სამართლიანობა აღდგეს და გვინდა ამით ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში გარკვეული ნაბიჯი იქნას გადადგმული.