„დაგვიანებულია რეაბილიტაცია - არც ამ პარლამენტარებს ეშველება რამე და არც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას“

„დაგვიანებულია რეაბილიტაცია - არც ამ პარლამენტარებს ეშველება რამე და არც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას“

„ჩინეთის კედელიც რომ ააშენონ, მაინც ვერ შემაჩერებენ“,-ასეთნაირად პასუხობს მალხაზ მაჩალიკაშვილი კახა კალაძის გადაწყვეტილებას პარლამენტის შენობის წინ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ.

რუსთველის გამზირზე, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში აქციები იმართებოდა და მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი იდგა, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებმა რკინის მწვანე კონსტრუქცია აღმართეს. კახა კალაძე იმედოვნებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე, რადგან დაგეგმილია პარლამენტის შენობის წინ მდებარე ტერიტორიისა და 9 აპრილის მემორიალის რეაბილიტაცია, ახალი ფილების დაგება, შადრევნების მოწესრიგება და გამწვანებითი სამუშაოების წარმოება.

ოპოზიციას დედაქალაქის მესვეურთა გულწრფელობის არ სჯერა. ისინი ფიქრობენ, რომ ე.წ. რკინის ფარდა ხელისუფლებამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის დაანონსებული საპროტესტო აქციებისა და პიკეტირების შესაჩერებლად დაგეგმა. პარლამენტის შენობა კი იმიტომ შემოღობეს, რომ ხელისუფლებას ეშინია.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა მწვანე ფერის რკინის ჯებირებს მავთულხლართები შეაბეს და თავიანთი აქცია-პერფორმანსი იმით ახსნეს, რომ „რუსი ოკუპანტი გვიღობავს 20%-ს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კი ოკუპირებულია რუსი ოლიგარქის მიერ“. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ღობეზე წარწერები „ბიძინას ბოსტანი“ და „ეზოში ავი ქოცია“ დატოვეს.

პარლამენტის წინ აღმართულმა კონსტრუქციამ ცალკეული პოლიტიკოსები ხუმრობის ხასიათზე დააყენა. ლეიბორისტი გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა შემოღობა ცხოველების ფერმა და ცხოველებს დაამსგავსა საკუთარი პარლამენტარები.

ალეკო ელისაშვილმა კი კახა კალაძე ცეკას პირველ მდივანს გივი გუმბარიძეს შეადარა, რომელმაც 9 აპრილის აქციების შემდეგ ზუსტად ასევე შემოღობა პარლამენტის ტერიტორია ხალხის შიშით.

„10 ათასი ადამიანი თუ სჭირდებოდა პარლამენტთან ქუჩის გადაკეტვას, ახლა დასჭირდება 3 ათასი კაცი. ვულოცავ კალაძეს, რომ გივი გუმბარიძის შემდეგ ის თბილისის ისტორიაში ჩაეწერება პარლამენტისთვის ღობის შემომრტყმელად“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე ინტერესდება, შემდეგი ეტაპი რა იქნება? პარლამენტში რემონტი გამოცხადდება და არჩევნებს გააუქმებენ?!

ზურაბ ჭიაბერაშვილი ასკვნის, რომ „ოცნებისგან“ ყველაფერი მოსალოდნელია, ამდენად, არ გამორიცხავს, პარლამენტთან შენარჩუნებული ფილები, რომელზეც 9 აპრილს სისხლი დაიღვარა, „ოცნებამ“ მოაშოროს და ისტორიის ეს ნაკვალევი გადაშალოს. ამის საპასუხოდ მერიაში აცხადებენ, რომ 9 აპრილის ფილები შენარჩუნდება.

დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ რკინის კონსტრუქციის შემორტყმით ხელისუფლება ემალება შვილმკვდარ მამას, რომელიც სიმართლეს ითხოვს და ეს მწვანე ჯებირი არის სიმბოლო ამ ხელისუფლების.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ექსპერტს კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ჯებირების აღმართვა ეს არის შიში ხელისუფლების მხრიდან. მისი აზრით, დეჟავუს განცდა რჩება, რადგან ასეთი რამ არაერთხელ გვინახავს.

„თავის დროზე, თბილისის მერი როცა იყო უგულავა, ისიც ალაგებდა რუსთაველზე ქვებსა და რაღაცებს, რადგან რემონტი უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ახლაც ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი. როგორც წესი, ხელისუფლებებმა არ იციან, რომ არა მარტო ქართულ, არამედ ნებისმიერ საზოგადოებაში მითი რეალობის ნაწილია და, რაც არ უნდა დაგვარწმუნონ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლა უნდა ჩაატარონ რემონტი, როგორი გულწრფელიც არ უნდა იყოს მათი განცხადება და როგორ ახლოსაც არ უნდა იყოს სინამდვილესთან, მაინც არავინ დაიჯერებს მის ჭეშმარიტებას. სამაგიეროდ, ყველა დაიჯერებს მითს, რომ ხელისუფლებას ეშინია ოპოზიციის. ამდენად, „ქართული ოცნება“ ამით კიდევ უფრო ამყარებს შიშის განცდას საზოგადოებაში, რომ მას ეშინია ხალხის და კიდევ უფრო მეტად უნდა შევუტიოთ“,-აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში.

კონფლიქტოლოგის განმარტებით, ასეთი მოქმედებები უფრო მეტად აძლიერებს მოწინააღმდეგს, ვინც თვლის, რომ შეტევით, მიტინგით, დემონსტრაციებით ხელისუფლება უკან დაიხევს. ეს ღობე არის შიშის გამოვლინება და, როგორც შეშინებულ ადამიანს ოფლიანობა ეწყება, ღობეც არის ოფლიანობის ნიშანი.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, პოლიტიკოსების უბედურება ის არის, რომ ისინი ვერ სწავლობენ საკუთარ შეცდომებსა და ისტორიაზე. ამდენად, რომც შეშინებოდათ ხელისუფალთ, არ უნდა გამოევლინათ ეს შიში. ახლა კი ნიშანდობლივია, რომ ამ მოქმედებით ხელისუფალმა საზოგადოებას შეატყობინა, შემოგვიტიეთ, ხომ ხედავთ, მე თქვენი მეშინია.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ტრაგიკომიკური და სასაცილოა, რადგან ასეთი საქციელით ხელისუფლება ოპოზიციის ამოცანის გადაჭრას ცდილობს. თუ აქამდე საპროტესტო აქციების მონაწილეებს ხელისუფლება დასცინოდა, ცოტა ხალხიაო, ახლა 20 კაციც რომ მივიდეს აქციაზე, პირდაპირ უბიძგებენ, რომ გზა გადაკეტონ.

„ბევრი რამის ლოგიკურად ახსნა მიჭირს. ეს ყველაფერი ხომ ბუმერანგის პრინციპით მოქმედებს? რა გააკეთეს ამით, ვერ გავიგე. ერთი რამ უნდა იცოდეს ხელისუფლებამ, რომ დაგვიანებულია რეაბილიტაცია როგორც შენობის შიგნით, ასევე, შენობის გარეთ. არც ამ პარლამენტარების და არც ამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია არ გამოვა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

thrgg@yahoo.com აღარ ისვენებენ და აღარ გვასვენებენ, კი მაგრამ ზღვარი არა აქვს ამ ვაკხანალიას?
დაიღალა ხალხი, დაიღალა საზოგადოება და აღარ გვინდა პარლამენტის წინ გაუგებარი ხალხისა და აზროვნების ტიპების ბაირამი, 30 წელი რომ გრძელდება. მოისვენეთ და მოგვასვენეთ რა, გთხოვთ, ნუ ამოგვიყვანთ ყელში ყველაფერს, თორემ ჩვენც იძულებულს გაგვხდით რაღაცა გავაკეთოთ რომ ჩვენც დაგვასვენოთ და ხალხიც...
4 წლის უკან