საარჩევნო სისტემა და შიდა პოლიტიკური მდგომარეობა - ეს იყო მთავარი საკითხი, რაზეც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე ქართულ დელეგაციას მოუწია პასუხის გაცემა. აქტიურობს „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტია ბრიუსელში, „ევროპის სახლახო პარტიის“ წევრმა სანდრა კალნიეტემ საქართველოს მთავრობა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქუჩაში ხალხი არა ოპოზიციამ, არამედ მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიყვანა.
ევროპარლამენტარების პარალელურად, კრიტიკა გაისმა ვაშინგტონიდანაც. ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს პრემიერს წერილი გამოუგზავნა, სადაც საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, შეშფოთება გამოთქვა. გიორგი გახარიას წერილი ამერიკელმა კონგრესმენებმა ერთი თვის წინაც მისწერეს. მასში ხელისუფლებას პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდების გამო აკრიტიკებდნენ.
რატომ აკრიტიკებს დასავლეთი გიორგი გახარიას მთავრობას და არის თუ არა „ქართული ოცნებისათვის“ პრობლემა მხოლოდ საარჩევნო სისტემა? - ამ საკითხებთან დაკაშვირებით for.ge ფილოსოფოსს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
ევროპარლამენტარების განცხადებებში ჩანს, რომ მთავარი იმედგაცრუება პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნა გახდა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საარჩევნო სისტემაზე მიაღწიეს სერიოზულ პროგრესს, მაგრამ, ამის მიუხედავად, საკმაოდ მწვავე იყო ევროპარლამენტარების შეფასებები. როგორ აფასებთ დასავლეთის კრიტიკას, სამართლიანია ის შეფასებები რომელიც მოვისმინეთ?
ზაზა ფირალიშვილი: ამ სიტუაციაში მე ბრალდებების სამართლიანობასა და უსამართლობაზე მეტად ის მაწუხებს, რომ მათ თავისი შეფასებები ლამის ყოველგვარი დიპლომატიური ნორმების გარშე გამოხატეს - „შეშფოთებისა“ და ეჭვებზე მსუბუქი მინიშნებების გარეშე. დღეს ჩვენს ხელისუფლებას ლამის ღიად ეუბნებიან, რომ მისი ადგილი კარგ საზოგადოებაში არ არის. და ამას ეუბნებიან არა მხოლოდ ევროპელები, არამედ ამერიკელებიც.
თუნდაც, დავუშვათ, რომ ბრალდებები უსამართლოა, მათ მიერ საკითხის ამგვარი დასმა ნიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლება თვალდათვალ ჰკარგავს დასავლეთთან დიალოგის გზებს და ეს, პირველ რიგში, სახელმწიფოებრივად არის სახიფათო. თუ ასე გაგრძელდა, ხელისუფლება იძულებული გახდება, თავის გადასარჩენად სხვა საერთაშორიო პარტნიორებზე გააკეთოს აქცენტები და ეს ვინ შეიძლება იყოს, ძნელი ამოსაცნობი არ არის.
რამდენად მძიმეა ხელისუფლებისთვის, რომელიც ემზადება არჩევნებისთვის, ბრიუსელიდან და ვაშიმგტონიდან გაჟღერებული ასეთი კრიტიკა?
- მძიმეა. ამგვარი კრიტიკა იმას ნიშნავს, რომ ბრიუსელი (და ვაშინგტონიც) ჩვენში მიმდინარე პროცესებს რუსული იმპერიის რეანიმაციის კონტექსტში ხედავს. საქმე არ ეხება მხოლოდ ჩვენისთანა მცირე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. კონტექსტი გაცილებით უფრო ფართოა. დაუმატეთ ირანისა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გამწვავება, რუსეთის როლი სირიაში, ანაკლიის პორტის პროექტის დაკონსერვება და იოლად მივხვდებით, თუ რას გვეუბნებიან ამ კრიტიკით.
სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტარები შეცდომაში არიან შეყვანილი და მათ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ესაჭიროებათ. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ჩნდება ძალიან მარტივი კითხვა – რას აკეთებს მმართველი გუნდი, ბრიუსელში საქართველოს საელჩო, რატომ არ აწვდიან იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს, რა უშლით ხელს?
- ძნელია, ოპოზიციის ლიდერებს სასამართლოში ატარებდე, მაჟორიტარებთან ერთად გამჭირვალე პოლიტიკურ თამაშებს თამაშობდე და ამავე დროს, ევროპასთან არნახულ სიახლოვეზე ლაპარაკობდე. არის სიტუაცია, როდესაც შენი არგუმენტები აღარ ჭრის. ამ სიტუაციაში ისიც იკარგება, რაც შენს სასარგებლოდ მიგაჩნდა.
გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაზე საუბრობს და ამბობს, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები იმ რაოდენობის შეკითხვას სვამენ, რომელიც, პრაქტიკულად, „ოცნების“ დელეგაციას დროში საშუალებას არ აძლევს გასცეს პასუხი. რამდენად სწორი და ძლიერია ვოლსკის არგუმენტები?
- ჩემი აზრით, ეს უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ვიდრე ვითარების აღმწერი. ის, რომ საშინაო პოლიტიკურ ბატალიებში „ნაციონალური მოძრაობა“ ფლობს საინფორმაციო ინიციატივას, არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ არსებობს. მეტსაც ვიტყვი: თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისთვის უკვე წლების განმავლობაში დაკისრებული მეხამრიდის როლი, „ქართული ოცნების“ მდგომარეობა დღეს გაცილებით უფრო რთული იქნებოდა. ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა.
პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ, სამწუხაროდ, „ოცნების“ ლიდერის მთელი არგუმენტაცია დღეს ყველაზე დაბალი პოლიტიკური კულტურის ფენებზეა გათვლილი - იმათზე, ვინც შეინარჩუნა ან მემკვიდრეობით მიიღო სტალინიზმი, პრორუსული სენტიმენტები, პოლიტიკური ირაციონალიზმი, პათეტიკური პატრიოტიზმი, რომელსაც ეროვნულ იდეასთან საერთო თითქმის არაფერი აქვს და ვისაც დასავლური სამყაროს მიმართ ირაციონალური შიშები აკავშირებს (ცალკე დავაყენებდი იმათ, ვისაც დღემდე არ მოუშუშდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიყენებული ტრავმები. ასეთების გამტყუნება შეუძლებელია). არადა, ასეთების ოდენობა თვალსა და ხელს შუა მცირდება. ეს თვალნათლივ ჩანს. ინტერნეტს და სოციალური ქსელებს მინიმუმამდე დაჰყავს კულტურული განსხვავებები და ის საბჭოთა სტერეოტიპებიც, რომელსაც პრორუსული პროპაგანდა ეყრდნობა, ჩვენს თვალწინ ინგრევა. ამ პროცესის ტროლებითა და ბოტებით მართვა შეუძლებელია. პუტინმაც ვერ შეძლო ეს და ამიტომაც ლაპარაკობენ რუსეთში „სუვერენული ინტერნეტის“ შექმნის საჭიროებაზე - ჩრდილო კორეის მსგავსად.
აღმოჩნდა, რომ მასმედიის ფლობა აღარ არის საკმარისი და რომ საზოგადოებრივი აზრი დღეს ძირითადად სოციალური ქსელებისა და პირადი ურთიერთობების წყალობით იქმნება. ამას ისიც ემატება, რომ, პირობითად რომ ვთქვათ, თუ 2012-2014 წლებში „ოცნების“ ლიდერის პოლიტიკურ რიტორიკას მსმენელი, უმალ, ემოციურად აღიქვამდა და არა რაციონალურად, დღეს ასე აღარ არის.
რამ განაპირობა ის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობა შემცირდა?
- ნდობის შემცირებამ და ეჭვების გაძლიერებამ ეს მხარდაჭერა მკვეთრად შეამცირა და ამიტომაც არიდებს თავს საჯარო გამოსვლებს. თანდათან თავი იჩინა ეჭვებმა, რომ მისი განცხადებები სომხეთის სანიმუშო საგარეო პოლიტიკის შესახებ შემთხვევითი არ ყოფილა, რომ რუსეთისადმი კორექტული დამოკიდებულება აშკარად გადის კორექტული დამოკიდებულების ფარგლებიდან, რომ უზარმაზარი ბიზნესიმპერიის შემქმნელისთვის უცხო ყოფილა ქვეყნის ეკონომიკის მართვა, რომ ჩრდილოეთის კარნახით დამუხრუჭდა ის სტრატეგიული პროექტები, რომლებსაც ეკონომიკურზე გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის. მოკლედ, ბევრმა ისეთმა რამემ იჩინა თავი, რისი გამართლებაც უზარმაზარი რესურსების წყალობით მობილიზებულ პარტიულ პროპაგანდისტებს თუ შეუძლიათ და ისიც ერთმანეთში.
როგორ ფიქრობთ, საარჩევნო სისტემა, შესაძლოა, მმართველი გუნდისთვის ხელისუფლებიდან გაშვების მთავარი ფაქტორი გახდეს? პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან დავოსში გამართული შეხვედრაზე ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ვერ შესძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას.
- „ოცნებისათვის“ პრობლემა არ არის მხოლოდ საარჩევნო სისტემა. ეს უკანასკნელი შეიძლება შეუმჩნეველიც დარჩენილიყო, რომ არა ბევრი სხვა მომენტი. ეჭვი პირველად მაშინ გაჩნდა, როდესაც სხვადასხვა მიზეზით „ოცნებიდან“ დისტანცირებული იქნა ის პოლიტიკური ჯგუფები და პირები, პროდასავლურ კურსს რომ განასახიერებდნენ. ეჭვი გააჩინა არა მხოლოდ სასამართლოს პოლიტიკურმა დაქვემდებარებამ, არამედ მისმა დაუფარავმა გამოყენებამ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ეჭვი გააჩინა „ოცნების“ სატელიტებს შორის პრორუსული ძალების მომრავლებამ და ა.შ.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ვიღაცამ წარმოიდგინა, რომ მაჟორიტარების ბუნტით „დემოკრატიულ“ ელფერს შესძენდა საარჩევნო სისტემის შეცვლის პირობის დარღვევას. როდესაც აშკარა გახდა, რომ ამ ხერხმა არ იმუშავა, მაჟორიტარებმა ახლა უკვე მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა მოითხოვეს, რათა მათთვის უარის თქმით შთაბეჭდილება გაენელებინათ და „დემოკრატიულობის“ იმიჯი შეექმნათ. ოციოდე წლის წინ ამ ხერხებს შეიძლება გაეჭრა კიდეც. მეტიც, 2012-2014 წლებშიც შეიძლება უვნებლად გამოეყენებინათ, რადგან მაშინ ხელისუფლებისადმი ნდობის მაღალი ხარისხი იყო. დღეს ყველაფერი ეს ზედმეტად გამჭირვალეა.
სახელისუფლებო კრიზისი, ალბათ, მაშინ იწყება, როდესაც ნებისმიერ შენს ნაბიჯს იმთავითვე ეჭვით ხვდებიან. ალბათ, ოდესმე ჩვენი პოლიტიკოსები შეიძენენ უნარს, რომ ამგვარ სიტუაციაში მიხვდნენ, საჭიროა უკან დახევა და არა ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭება. ასეთი უკან დახევით თავსაც გადაირჩენ და ძალაუფლების დაბრუნების შანსსაც შეინარჩუნებ.
ამის ნაცვლად კი, სასამართლოთი და პროკურატურით ცდილობენ ოპონენტების დათრგუნვას. ჩვენს პოლიტიკაში ჯერაც ბარბაროსულად დიდ როლს თამაშობს პიროვნული თუ კოლექტიური მესიანიზმი. მარტო ამომრჩეველი კი არ ეძებს მესიას, არამედ პოლიტიკოსებიც მესიებად სთავაზობენ თავს და გარდაუვალ მარცხს ფსიქოლოგიურად ვერ ეგუებიან.