მიმდინარე წელი საქართველოსთვის რამდენიმე პოლიტიკური ფაქტორით არის გამორჩეული. ამ ფაქტორებიდან უმთავრესი შემოდგომაზე გასამართი საპარლამენტო არჩევნებია. მანამდე ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქვეყანას წინ რთული წინასაარჩევნო პერიოდი ელის. რამდენად აქვს ოპოზიციურ სპექტრს არჩევნებამდე ან არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის რესურსი, რამდენად მაღალია ალბათობა მმართველი გუნდიდან ლიდერების წასვლის და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც უკვე ღიად ალაპარაკდნენ თბილისთან დიალოგის აუცილებლობაზე. ამ და კიდევ სხვა მრავალ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, For.ge-სთან ექსპერტმა სოსო მანჯავიძემ ისაუბრა.
ბოლო პერიოდში რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა შეცვალოს გიორგი გახარია პრემიერ მინისტრის პოსტზე და აგრეთვე კახი კალაძემ დატოვოს „ქართული ოცნება“. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ აღნიშნული ინფორმაცია?
- ბუნებრივია, გამორიცხვით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ მეორე საკითხია, როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე, დადებითად თუ უარყოფითად. მე ვთვლი, რომ ეს პროცესი არ იქნება სასარგებლო ქვეყნისთვის. ვფიქრობ, თუ ეს მოხდა, იგი გამოიწვევს მოსახლეობაში არასაიმედოობისა და ჩიხური მდგომარეობის განცდას, კიდევ უფრო გაამძაფრებს პოლიტიკური კრიზისის ილუზიას, რომელიც ისედაც აქვს ოპოზიციას შექმნილი. რა თქმა უნდა, არავის არ სიამოვნებს მუდმივი გადაადგილებები ხელისუფლების მმართველ ეშელონებში ასე სწრაფად და ქაოტურად. თუმცა, მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ოპოზიციური სპექტრის და მათ მიერ მართული მედიის მიერ შემოგდებული ჭორია და სიმართლეს არ შეესაბამება.
იმ შემთხვევაში, თუკი ეს გადაადგილებები მაინც მოხდა, იმოქმედებს თუ არა ოპოზიციაზე დადებითად და რა სარგებელი შეიძლება ნახოს იგივე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ პროცესით?
- ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება ეს ყველაფერი თავის სასიკეთოდ გამოიყენოს და მოსახლეობაში უიმედობის განცდა გააღვივოს. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში თუ აღნიშნული ძალა მობრუნდება ხელისუფლებაში. ამავდროულად, კახი კალაძეს ძალიან დიდი გავლება აქვს „ოცნებაში“. იგი ფლობს ძალიან დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს პარტიაში. „ოცნების“ ძალიან ბევრი სახე სწორედ მისი შერჩეულია. ამიტომ მისი წასვლა პარტიიდან, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად დაასუსტებს მმართველ გუნდს, თუმცა მე მაინც არ ვფიქრობ, რომ ეს ამ ეტაპზე შესაძლებელია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია 4 თებერვლიდან კვლავ აპირებს დედაქალაქის ქუჩებში ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას. როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვთ მათ იმის რესურსი, რომ რაიმე მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიონ ამ აქციების ფონზე?
- ეს ოპოზიცია ქვეყნის განვითარების სერიოზული მუხრუჭია. ეს დესტრუქციული ძალა ყველანაირად ეცდება თავისი იაფფასიანი შოუებით რაიმე შედეგის მიღწევას, თუმცა მათ არანაირი რეასურსი არ გააჩნიათ თუნდაც რევოლუციური პროცესების დაწყების. ისინი საკუთარი ეგოისტური მოთხოვნებით, არაადეკვატური ქცევებით და უპასუხისმგებლობით, არ აძლევენ საზოგადოებას რეალურად ოპონირების საშუალებას.
ოპოზიციის გეგმები და ქმედებები ფართო საზოგადოებისთვის ისედაც გასაგებია. თუმცა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგზე, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. რამდენად ადეკვატურია დღეს ხელისუფლება და რა არის მისი სუსტი მხარეები თქვენი ზრით?
- ოპოზიცია რომ ასეთია და მათი დესტრუქციული ქმედებები, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ბრალია. ცხადია, რომ მმართველ ძალას სჭირდება და აწყობს ასეთი ოპოზიციის არსებობა ქვეყანაში. ისინი ყველანაირად ცდილობენ ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდეთ დღევანდელი ოპოზიცია, შეუქმნან მათ სასათბურე პირობები არსებობისთვის. პარალელურად კი, ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არ გამოჩნდეს რეალური ალტერნატიული ძალა. მათ არ აწყობთ ნამდვილი ოპოზიციური სპექტრის არსებობა ქვეყანაში. ურჩევნიათ ჰყავდეთ იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ და აცოცხლებენ ამ პარტიას ხელოვნურად. ერთი მხრივ, მთავრობა ამბობს, რომ ოპოზიცია იკვებება ნაძარცვი ფულით და მეორე მხრივ არაფერს აკეთებს ამ ნაძარცვი ფულის გასაკონტროლებლად და დამნაშავეების დასასჯელად. არადა, სწორედ, ნაძარცვი ფულით ხსნიან ისინი სხვადასხვა მედიასაშუალებებს.
თქვენ მიერ დახატულ სურათში, სადაც ხელისუფლებას აწყობს და მეტიც, სჭირდება ასეთი ოპოზიცია. ლოგიკურად ოპოზიციაც შეგუებულია მის ხვედრს რომ ისინი ვეღარ მოვლენ ხელისუფლებაში, რადგანაც არ აქვთ ამის რესურსი. მაშინ რის მიღწევას ცდილობენ ამ საპროტესტო აქციებით?
- მათ უნდა მეტი ადგილი საკანონმდებლო ორგანოში, რაც ავტომატურად, მეტ გავლენას და პერსპექტივას ნიშნავს სამომავლოდ. თუმცა რამდენად აქვთ არჩევნების გზით ზედმეტი მანდატების აღების რესურსი, ეს მეორე ამბავია. ამიტომაც მათი მიზანია დესტრუქციის გზით მიიღონ სასურველი. სასაცილოა, რომ სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაიზარდა მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა პარლამენტში. ახლა კი, კიდევ უფრო მეტად გაზრდა სურთ და ხელისუფლების მიერ შეთავაზებული 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული მანდატი არ მოსწონთ. სხვათა შორის, ეს შეთავაზება, იდეის დონეზე, პირველმა მე გავაჟღერე ტელევიზიით 22 ნოემბერს. ჩემი აზრით, 3-მილიონიან ქვეყანას 150-კაციანი პარლამენტი საერთოდ არ სჭირდება და ვფიქრობ, რომ 100 დეპუტატი იქნება იდეალური ჩვენნაირი ქვეყნისთვის.
აქვს თუ არა დასაყრდენი ქართულ ოპოზიციას დასავლეთში?
- მოდით, ავიღოთ აშშ-ს მაგალითი. ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ კარგად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ. ამის ნათელი დასტურია გაზრდილი ფინანსური დახმარება აშშ-ს მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ასეა ევოკავშირის წევრ ქვეყნებშიც. ოპოზიციის დასაყრდენი ძალა, რეალურად, არის მხოლოდ ნეოლიბერალური ფრთა, რომელმაც მშვენივრად იცის ტრამპის შანსები მომდევნო არჩევნებში. ისინი მშვენივრად ხვდებიან, რომ ტრამპი შემდეგ არჩევნებსაც მოიგებს და ამიტომ ცდილობენ საქართველოში ხელისუფლების შეცვლისა და ნეოლიბერალური ძალების მოსვლით ჩვენი ქვეყანა გახადონ ვაჭრობის საგანი რუსეთთან, როგორც ეს მოხდა 2008 წელს. თავად ტრამპის ადმინისტაციას საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისთვის ნამდვილად არ სცალია. დიდად არც აინტერესებთ საქართველოში როგორი სისტემით ჩატარდება არჩევნები, შერეულით, მაჟორიტარულით თუ პროპორციულით. თავადაც უამრავი პრობლემა აქვთ მსოფლიოს ყველა კუთხეში. იგივე ირანის, ერაყის და კორეის კრიზიები რად ღირს.
არ შეიძლება არ გკითხოთ კომპანია „ფრონტერას“ მიერ აგორებულ სკანდალზეც, რომლის თანახმადაც ისინი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას 3,5 მილიარდ დოლარს ედავებიან. არის თუ არა იმის ალბათობა, რომ აღნიშნულ დავაში გამარჯვებული კომპანია დარჩეს და სახელმწიფომ ამხელა თანხა იზარალოს?
- სხვათა შორის ამ ამბებითაც ოპოზიციაა გახარებული, თითქოს იმ შემთხვევაში, თუ დავას სახელმწიფო წააგებს, ჩვენი მოსახლეობის გადასახდელი არ იყოს ამხელა თანხა. თავად „ფრონტერა“ ცდილობს ყველა მისი რესურსი გამოიყენოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და აქტიურად იყენებს საკუთარ ლობს ამერიკაში. ერთ-ერთი კონგრესმენის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებაც სწორედ ამის დასტურია. საკუთარ ვიწრო ინტერესებს ამოფარებული ლობისტი კონგრესმენები გააქტიურდნენ, რაც სავსებით ლოგიკურია შექმნილ ვითარებაში.
თავად ეს „ფრონტერა“ არის ჩვენი წინა და ახალი ხელისუფლებების კოლექტიური უპასუხისმგებლობის შედეგი. აქამდე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეყვანათ ვითარება. თუმცა იმის რისკი, რომ საქართველომ წააგოს ჰააგაში აღნიშნული საქმე - მინიმალურია. ჩვენმა გაზისა და ნავთობის კორპორაციამ საკმაოდ ძვირადღირებული დასავლური საადვოკატო ბიურო დაიქირავა და სწორედ ისინი დაიცავენ მათ ინტერესებს.
მინდა ასევე გკითხოთ ბოლო პერიოდში ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. აფხაზეთში ოპოზიციამ შესძლო და მიიღო სასურველი - ხაჯიმბას გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ისინი აქტიურად ალაპარაკდნენ თბილისთან დიალოგის აღდგენაზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს ამ დიალოგს პერსპექტივა და რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ამისთვის ჩვენმა ხელისუფლებამ?
- თუ ეს მოხდა და აღდგა სახალხო დიპლომატია, ბუნებრივია, ეს ძალიან კარგი იქნება ორივე მხარისთვის, როგორც უშუალოდ აფხაზებისთვის, ისე ქართველებისთვისაც. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც, რუსული გავლენა ძალიან დიდია აფხაზეთში, შესაბამისად, დიალოგის პერსპექტივაც ბუნდოვანია. მოგეხსენებათ ყოველწლიურად 65 მილიონ დოლარს ხარჯავს რუსეთი აფხაზური ელიტის შესანახად, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. ასევე არის მეორე ფაქტორიც, გამარჯვებული ოპოზიციური ფრთა „ამცახარა“ სრულად არის დაკომპლექტებული ყოფილი მებრძოლებით, მათით, ვინც ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა და, რაღა თქმა უნდა, ისინი არც კი განიხილავენ ქართველებთან ერთად ძმურ სახელმწიფოში ცხოვრებას. ისინი, სამწუხაროდ, ჩვენ აღგვიქვამენ როგორც მტრებს. თუმცა არის აგრეთვე საპირისპირო ფაქტორიც - გალის რაიონი, მოგეხსენებათ, მთლიანად ქართველებით არის დასახლებული. ეს კი საკმაოდ დიდი ელექტორატია წინასაარჩევნოდ. დიპლომატიაზე ხაზგასმით, მათ, სწორედ, ამ ადამიანების გულის მოგება სურთ. ჩვენმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოს არის ის, რომ დაუკანონოს დევნილ მოსახლეობას აფხაზეთში დარჩენილი მათივე ქონება. ასევე უნდა ეძებოს და გაააქტიუროს პოლიტიკური კავშირები. უნდა ეცადოს მათთან დიალოგის დაწყებას, თუმცა რამდენად მოიცლის ჩვენი ხელისუფლება ამ თემებისთვის, მაშინ როდესაც თავად ვერ ალაგებს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს, ეს კიდევ მეორე საქმეა.