საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვასილ მაისურაძე დაინიშნა. 49 წლის ფეხბურთის სპეციალისტი 2011 წლიდან 2020 წლამდე ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
2012 წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდში ითამაშა და კონტინენტის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
მაისურაძე ბოლოს საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობდა. ამჟამად კი ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების უფროსია. ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაისურაძის დებიუტი 26 მარტს, სლოვაკეთის გუნდთან საშინაო შეხვედრაში შედგება.