საქართველო–რუსეთს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ზუსტ თარიღი ჯერ არ დასახელებულა, ისევე როგორც უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს კრემლი. საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ფრენების აღდგენასთან დაკავშირენით ახალი ინფორმაცია შესაძლოა, რუსეთის წარმომადგენელ გრიგორი კარასინთან მორიგ შეხვედრაზე გამოიკვეთოს, რომელიც სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში გაიმართება.
„თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის შემდეგ ფრენების აღდგენას ტექნიკური, საორგანიზაციო თვალსაზრისით ბევრი არაფერი სჭირდება, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
როგორი იქნება რუსეთის პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ოფიციალური თბილისი დადებითად შეხვდება, თუ სრულიად არარაციონალური შეზღუდვა მოიხსნება და რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება.
„უსაფრთხოების თემები, აღარაა დღის წესრიგში. არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ საღი აზრიდან გამომდინარე მაქვს მოლოდინი, მიხვდებიან, რომ ამ შეზღუდვას არანაირი აზრი არ აქვს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც ცნობილია, რუსეთ–საქართველოს შორის ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ოფიციალურად რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები გასული წლის 8 ივლისს შეწყდა. რუსეთის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენები ექვსვმა რუსულმა და ორმა ქართულმა ავიაკომპანიამ შეაჩერა.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაებრუნებინათ. ასევე დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რუსეთ–საქართველოს შორის ფრენების აღდგენა როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად უდავოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
„თუმცა, ცოტათი არის ბოროტი ჩანაფიქრი, იმ მხრივ, რომ რუსეთი ყოველთვის რაღაცა ინტერესით მოქმედებს და მის მოქმედებაში მას არანაირი მორალური მხარე არ არის, უკან არაფერზე იხევს. ამიტომ ყოველთვის გვაქვს იმის განცდა, რომ მტერი ხაფანგს გვიგებს. ცუდი არ არის ეს დამოკიდებულება სიფრთხილისთვის, მაგრამ რუსეთის ინტერესები იმდენად შორს წავიდა, მსოფლიოს მოედო უკვე, ამიტომ არ მგონია, რომ მას ახლა საქართველოსთვის ეცალოს და რამე ვერაგული ჩანაფიქრი ჰქონდეს.
ფრენების ეს უაზრო შეფერხება, რაზეც პუტინის ხელისუფლებას თავად რუსებიც აკრიტიკებენ, პოპულარობას უკარგავს თავად რუსეთის ხელისუფლებას. საქართველოში ჩამოსვლის მსურველი ბევრია და ამ აკრძალვით სურვილს ვერ ისრულებენ. ამიტომ, რატომ არ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი? ეს კეთილი ნება არ არის, ვფიქრობ, უფრო პრაგმატიზმია ამის უკან“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ რუსეთ–საქართველოს შორის ფრენების თემა ძალიან გაზვიადებულია და პოლიტიკის რაღაცა პრიორიტეტულ თემდა იქცა. მისი თქმით, ერთადერთი რაც მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, ეს არის ჰუმანიტარული მიმართულება.
„საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე იძულებულია რუსეთში იმუშაოს და მათთვის მნიშვნელოვანია ნაკლები პრობლემებით სამშობლოსთან კომუნიკაცია. ამ მხრივ არის მნიშვნელოვანი ფრენების აღდგენა და კარგი იქნება, თუ ფრენები აღდგება. მაგრამ ამაზე, როგორც პოლიტიკის ქვაკუთხედზე ლაპარაკი, როდესაც პარლამენტში ერთი დედა არ უგინებიათ ერთმანეთზე, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ.
აქ არის კეთილი ნების საკითი, თუ რუსეთი ამ თემას გახდის სავაჭროდ, ასეთი სავაჭრო თემა ბევრია, დაწყებული ნატოზე უარის თქმით და დამთავრებული ვინმე რუსი კრიმინალის ექსტრადიციით. თუ ფრენების საკითხი გახდა სავაჭრო თემა, მე ვფიქრობ, რომ საქართველომ ამ თემაზე არ უნდა ივაჭროს. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ თვითონ შეწყვეტილი გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და ოკუპანტს ვეძახით, ხვეწნა რუსეთზე, რომ მოდი ფრენები აღადგინე, თორემ დავიღუპებით, მინიმუმ ეს არის უთავმოყვარეობა.
რა დღეში ვართ, თურმე რუსი ტურისტების გარეშე ეკონომიკა ჩამოიქცევა; რუსული ფრენების გარეშე რაღაცა საშინელება და კატაკლიზმა ელოდება ქვეყანას; ასეთი უბედურები და დაჩაჩანაკებულები ვართ, რომ თურმე რუსულ თვითმფრინავებზე ყოფილა ამ ქვეყნის ბედი დამოკიდებული“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.