მილანის „ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა პიერო აუსილიომ კრისტან ერიკსენთან მოლაპარაკებები დაადასტურა. უფრო მეტიც, მისი თქმით, „ტოტენჰემს“ წინადადება ოფიციალურად გაუკეთეს და ახლა ინგლისიდან პასუხს ელოდებიან.
„ერიკსენი? ის მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საუკეთესო გუნდების ყურადღება მიიპყრო. „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი ივნისში ეწურება და ჩვენ ვცდილობთ მის გადაბირებას. „ტოტენჰემს“ ოფიციალური შეთავაზება წარვუდგინეთ და ველოდებით პასუხს. თუმცა, ძალიან რთულია, რადგან ჩვენ დიდ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელსაც ბევრი მსურველი ჰყავს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია“, - თქვა აუსილიომ.
შეგახსენებთ, ერიკსენს ლონდონელებთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, „ინტერს“ კი მისი დამატება მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ უნდა.