ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა ზოგისთვის რუსული პროექტია, ზოგისთვის კი საქართველოს ეკონომიკური სარგებელი.
თავად ყაზბეგის მკვიდრნი აცხადებენ, რომ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა რაიონის მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ზამთრის პერიოდში გადაადგილება ძალიან რთულია და ამ გზის გახსნით ადგილობრივებისთვის პრობლემა მოგვარდება. ყაზბეგის მკვიდრი ნუგზარ ოდიშვილი მიიჩნევს, რომ ეს გზა არის კავშირი თბილისთან და დანარჩენ საქართველოსთან, რადგან დიდთოვლობის გამო შვიდი თვის განმავლობაში ჩაკეტილია ხევის უღლტეხილზე მოძრაობა. ოდიშვილის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის განაწყენება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ოპოზიციონრებმა და მამუკა ხაზარაძემ ისე წარმოაჩინეს, თითქოს ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა რუსეთის ინტერესშია.
როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძემ რამენიმე დღით ადრე გააკეთა განცხადება, რომ ქვეშეთი-კობის გზით რუსეთს ვაძლევთ ტანკებით კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობას.
ანალიტიკოს გია აბაშიძეს აინტერესებს, რუსული პროექტი რომ იყოს ეს გზა, მაშინ ADB (აზიის განვითარების ბანკი) დააფინანსებდა 415 მილიონი დოლარით და EBRD-ი 60-მილიონი დოლარის სესხს გამოყოფდა?! თანაც, ღმერთმა დაგვიფაროს, რუსეთს აქ შემოსვლა რომ მოეპრიანოს, ტანკების გარდა არაფერი აქვს შეიარაღებაში?
რას მოგვიტანს ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა და წაახალისებს თუ არა რუსეთს ტანკების შემოსაგრუხუნებლად?!
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, მამუკა ხაზარაძის განცხადება, თითქოს ქვეშეთი-კობის გზა რუსული პროექტია, „ლელოს“ ლიდერის პოლიტიკური გამოუცდელობით აიხსნება. მართალია, პოლიტიკაში ჩაერთო ხაზარაძე, მაგრამ ჯერ მაინც ახალბედაა ამ საქმეში და ზუსტად ვერ ახერხებს აქცენტების დასმას.
„რუსული ტანკები შემოგრუხუნდებიანო, ეს დაახლოებით იმას მაგონებს, დიდი აჟიოტაჟი რომ ატყდა, ბათუმიდან რუსული ტანკები გავიყვანეთო. ამ დროს ბათუმიდან თბილისამდე რა გზაც არის, ორჯერ ნაკლებია სომხეთიდან თბილისამდე, სომხეთში კი რუსული ტანკებითაა გაძეძგილი ტერიტორია. ახლა კობიდან თუ არ შემოვიდნენ რუსები გვირაბით, ცხინვალიდან ვერ შემოვლენ, სადაც უკვე არიან შემოსულნი, თუკი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული რუსეთის მხრიდან? ამიტომ ასეთი აქცენტები არასწორია. კობის მონაკვეთი თუ გაიხსნება, ჩვენ უკეთესი ვითარება გვექნება სტეფანწმინდასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რადგან კობის გვირაბი გადის სტეფანწმინდაში. იქ კიდევ სხვა პრობლემაა, ვგულისხმობ ხეობის პრობლემას. შესაბამისად, ეკონომიკურის გარდა, ამ პროექტს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში და მიიჩნევს, უღელტეხილზე ეს მანქანები მაინც დადის და სჯობს, ნორმალური გზით მაინც გავიდნენ.
პოლიტოლოგის აზრით, დღეს თუ არა, ხვალ რუსეთთან ურთიერთობები მაინც დალაგდება, ან მართლა ტანკით შემოვლენ რუსები, ან უტანკოდ მოგვარდება სიტუაცია, ამიტომ აღნიშნული პროექტი ცუდი არ უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნისთვის კარგია.
„აფხაზთა კრების“ ლიდერი მალხაზ პატარაია მიიჩნევს, რომ ნებისმიერ სამხედრო წიგნში თუ ჩავიხედავთ, სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით, არც ერთი ტერიტორია არ ითვლება აღებულად, სანამ იქ ქვეითი ჯარისკაცი არ შევა. ქვეითი ჯარი კი, როგორც წესი, ტანკებთან ერთად შედის დაპყრობილ ტერიტორიაზე.
„ქართულ საზოგადოებას ძალიან მწარე გაკვეთილი აქვს როკის გვირაბის სახით, რომელიც საერთოდ არ იყო საჭირო, მაგრამ თავის დროზე რუსეთმა შევარდნაძის ხელით როკის გვირაბი გაგვიკეთა და როგორ შემოგვიბრუნდა ამ გვირაბის არსებობა, ძალიან კარგად ვიცით. მტაცებელია რუსეთი და ის ყოველთვის მსგავს ღონისძიებებს უყურებს მხოლოდ სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით. ამიტომ საფრთხილოდ მივიჩნევ ამ გზის მშენებლობას“, - აცხადებს ჩვენთან საუბრისას მალხაზ პატარაია.
ამასთან, დასძენს, ჩვენ რომ გვყავდეს ისეთი მეზობელი, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, ბრიტანეთი, მაშინ კითხვა არ დაისმებოდა ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის 250-წლიანი სამწუხარო გამოცდილება გვაქვს.
„აფხაზთა კრების“ ლიდერის აზრით, როგორი მომგებიანიც არ უნდა იყოს ეს გზა, ამ მომგებიანობას ყოველთვის გადაწონის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, რაც უფრო მაღალი ღირებულებაა, ვიდრე ეკონომიკური შემოსავალი. მით უმეტეს, რომ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ეკონომიკურად ხელშესახები შედეგი არ ჩანს.
აღმოსავლეთმცოდნე დავით კობერიძე მიიჩნევს, რომ არა მარტო ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაა საჭირო, არამედ საქართველოში რაც მეტი გზა იქნება, მით უკეთესი. აღმოსავლეთმცოდნის აზრით, სამხედრო შემადგენელი ამ გზას არანაირად არ აქვს.
„ბატონმა მამუკა ხაზარაძემ ემოციური და ნაჩქარევი განცხადება გააკეთა, ამის შემდეგ ჯაფარიძემ შეარბილა ეს განცხადება და ცხადია, შეარბილებდნენ კიდეც, რადგან არ იყო ეს სიმართლესთან ახლოს მდგომი განცხადება. ჯერ ერთი, კობი შორს არის, 130-140 კილომეტრი მაინცაა თბილისიდან და ამ დროს თბილისიდან სულ რაღაც 40-45 კილომეტრში უკვე დგანან რუსული ტანკები, თან ავტობანთან ძალიან ახლოს დგანან. ამასთან, ნუ დაავიწყდება ნურავის, რომ რუსეთის ფედერაციას გააჩნია სადესანტო მოიერიშე სერიოზული შეიარაღება. რაში სჭირდებათ ტანკების გრუხუნით შემოსვლა ვლადიკავკაზიდან თბილისამდე? ვინღა იბრძვის დღეს ტანკებით და რაღა დროს კურსკის ბრძოლები და სატანკო დატაკებებია ერთმანეთთან? თვითონ მამუკა ხაზარაძემაც ძალიან კარგად იცის, რომ კობის გვირაბის მშენებლობა არანაირი საფრთხე არ არის. პირიქით, ბევრი სიკეთე შეიძლება მოგვიტანოს ამ პროექტმა. სომხური მანქანები, რომლებიც წვალობენ, ხანდახან კვირების განმავლობაში დგანან ზამთრის პერიოდში, რადგან ბუნებრივი პირობების გამო გზა იკეტება, თავისუფლად გაივლიან. ამან შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოუტანოს ჩვენს ქვეყანას“,-აცხადებს დავით კობერიძე ჩვენთან საუბრისას.
ცნობისთვის, ქვეშეთი-კობის გზაზე დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22,7 კილომეტრი გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის გზაზე აშენდება 500-მეტრიანი თაღოვანი ხიდიც, რომლის თაღიც უპრეცედენტო 300 მეტრი სიგრძის იქნება.
ამ ბოლოს, ძლივს წამოცდა/თქვა ისეთი რაღაც ძამირაძემ, რომელსაც დავეთანხმე :)
პატარაიას, ძაბირაძის და აბაშიძის მოსაზრებები, რომ ენახა, იქნებ რამეს მიმხვდარიყო და „სხვათაშორისპროფესორულ" მოსაზრებას არ გამოაცხობდა :)