პრინცი ჰარი კანადაში ჩავიდა

პრინცი ჰარი კანადაში ჩავიდა

პრინცმა ჰარიმ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სამეფო ტიტულზე უარი განაცხადა, დიდი ბრიტანეთი დატოვა და კანადაში ჩავიდა. ამის შესახებ The Daily Telegraph-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვანკუვერის საერთაშორისო აეროპორტში ჰარის პირადი დაცვის 2 წარმომადგენელი დახვდა. პრინცი ცოლს - მეგან მარკლს და თავიანთ შვილ არჩის შეუერთდება, რომლებიც კანადაში უკვე რამდენიმე კვირაა ცხოვრობენ.

ჰარი ლონდონიდან დიდი ბრიტანეთისა და აფრიკის ქვეყნების საინვესტიციო სამიტის შემდეგ გაემგზავრა. ეს ბოლო ღონისძიება გახდა, რომელშიც პრინცმა მონაწილეობა სამეფო ოჯახის წევრის რანგში მიიღო. გამგზავრებამდე ჰარი პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდა, თუმცა მათი საუბრის დეტალები არ საჯაროვდება.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.

18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ. წყვილს აღმატებულობის ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან.