იტალია ფედერიკო ფელინის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

იტალია ფედერიკო ფელინის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

ცნობილ იტალიელ რეჟისორ ფედერიკო ფელინის დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა. იტალია ამ ღირშესანიშნავ თარიღს სპეციალური პროგრამით აღნიშნავს. იტალიის კულტურის მინისტრ დარიო ფრანჩესკინის განცხადებით, 2020 წელს ფელინისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება. 

ფედერიკო ფელინი რიმინში 1920 წლის 20 იანვარს დაიბადა.

კინოში მისი მისვლა რობერტო როსელინის დამსახურებაა. როსელინის მოეწონა იმხანად კარიკატურისტი ფელინის მიერ დახატული შარჟი და მას სცენარისტობა შესთავაზა. მოგვიანებით, ფელინიმ აღნიშნა, რომ არა როსელინი, შესაძლოა, იგი კინორეჟისორის ნაცვლად ცირკის დირექტორი გამხდარიყო.

ფელინის პირველი წარმატებული ფილმი იყო „გზა“. ფილმი საუკეთსო უცხოენოვანი ფილმისთვის ოსკარის ლაურეატი და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის „ვერცხლის ლომის” მფლობელი გახდა. ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა ჯულიეტა მაზინა-ფელინის ცოლი. ასევე მაზინამ შეასრულა მთავარი როლი ფილმში „კაბირიას ღამეები“, სადაც მეძავის ცხოვრებაა ასახული.

ფილმმა „ტკბილი ცხოვრება“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურა. ფილმში მთავარ როლს მარჩელო მასტროიანი ასრულებდა. მასტროიანმა ამის შემდგომაც შეასრულა რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი ფელინის ფილმებში.

ფელინი იტალიის ყველაზე დიდი ჯილდოს – დიდი ჯვრის ორდენის კავალერია. მის სახელს ატარებს მშობლიური ქალაქის – რიმინის აეროპორტი. ის 1993 წელს გარდაიცვალა.