დუდა სანაძე პორტუგალიის თასის მფლობელია – 17 ქულა ფინალში

დუდა სანაძე პორტუგალიის თასის მფლობელია – 17 ქულა ფინალში

საქართელოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე პორტუგალიის თასის მფლობელია. “ოლივეირენშემ”, რომელმაც ნახევარფინალში “სპორტინგს” 93:88 სძლია, ფინალურ მატჩში “ბენფიკას” 83:81 აჯობა და თასი მოიპოვა.

სანაძე ორივე შეხვედრაში გამორჩეული იყო. ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 35:29 წუთში 14 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 10-დან 4 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4-ჯერ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

სანაძე ფინალურ მატჩში 17 ქულით ბომბარდირი გახდა. დუდამ 22:02 წუთში 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, აქტივში 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი – 2 დაკარგვა და 4 პერსონალური ჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ “ოლივეირენშე” პორტუგალიის ბოლო 2 წლის ჩემპიონია და მიმდინარე გათამაშებაში მე-4 ადგილზე იმყოფება. სანაძის გუნდს სწორედ ის გუნდები უსწრებენ, რომლებიც თასის გათამაშებაში მონაწილეობდნენ – პორტო, ბენფიკა და სპორტინგი.