შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობაში 21-ედ მონაწილეობს, რაც ამ ტურნირის რეკორდია. ამ მაჩვენებლით მას ერთი გათამაშებით ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტი, სამით კი ფრანგი ფაბრის სანტორო ჩამორჩება.
პირველ წრეში 38 წლის ფედერერმა ამერიკელი სტივ ჯონსონი 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა და შემდეგ რაუნდში ფრანგ კენტენ ალისსა და სერბ ფილიპ კრაინოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ფედერერი ATP-ის რეიტინგში მესამე პოზიციაზე იმყოფება. კარიერის განმავლობაში მან ორგანიზაციის ეგიდით 103 ჩემპიონატი, მათ შორის „დიდი სლემის“ 20 ჩემპიონატი მოიგო.
2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობა 2 თებერვალს დასრულდება. მისი საპრიზო ფონდი 49,1 მილიონი დოლარია. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია.