ბუნებრივია, სიძულვილი ადამიანის გრძნობებს შორის ერთ-ერთი დესტრუქციული და მიუღებელია, ამ თუ სხვა მიზეზით, ცივილიზებულმა სამყარომ ადამის ცოდვილ შთამომავლებს გარკვეული ნორმები დაუწესა: თავდაპირველად, ცნება „სიძულვილის ენა“ შემოიტანა, შემდეგ ამ ენის თავისებურებები დეტალურად აღწერა, საბოლოოდ კი, ამგვარი ენის გამომყენებლებს სანქციებიც დაუწესა: ჯარიმით დაწყებული და პატიმრობით დამთავრებული. აქვე ვიტყვი, რომ დედამიწის სხვაადსხვა კონტინენტზე „სიძულვის ენას“ არათუ სხვადასხვაგვარად განმარტავენ, არამედ თვით სანქციებსაც კი განსახვებულს უწესებენ.
რას ნიშნავს „სიძულვილის ენა“? როგორც საიას იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამონათქვამების დეფინიცია საერთაშორისო კანონმდებლობაშია ასახული. გაერომ არცთუ შორეულ 1966 წელს მიიღო „კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რის მიხედვითაც, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, დასაჯონ რასობრივი დიკსრიმინაციის ყოველგვარი წაქეზება, ძალადობის აქტები, ნებისმიერი ძალადობის აქტების წაქეზება, რომლებიც მიმართულია ნებისმიერი რასის, კანის ფერის, ეთნიკური წარმოშობის ჯგუფების წინააღმდეგ (საქართველო ხსენებული კონვენციის მონაწილე 1999 წელს გახდა).
მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ზემოხსენებული აკრძალვა მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალსახადაა აკრძალული სიძულვილის ენა, ამერიკელები და ევროპელები საკითხს განსხვავებულად აფასებენ. კერძოდ, ჩვენი ოკეანისგაღმელ პარტნიორ ქვეყანაში სიძულვილის ენა მხოლოდ მაშინ იკრძალება, თუკი ის მყისიერ საფრთხეს შეიცავს, ანუ მას მოჰყვება სხვა ჯგუფის წარმომადგენლების განადგურება, თუმცა თავისთავად ისეთი იდეების გავრცელება, რომლებიც შეიცავს სიძულვილის ენას, იქ, სადაც დემოკრატიის აკვანი დაირწა, არ იკრძალება.
შესაბამისად, თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენებთ ტერმინებს: „ზანგი“, „შავი“, „ცისფერი“ ან თვით „პედერასტიც“ კი (დაუნი ხომ საერთოდაც ლამის სიყვარულს ნიშნავს), ამის გამო არათუ არავინ დაგსჯით, ბუზსაც ვერ აგიფრენთ, თუნდაც, ზედ ჯიშ-ჯილაგი ყველა ბრუნვაში უტრიალოთ, მთავარია, ადრესატის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე არ შეუქმნათ.
განსხვავებული მიდგომაა ევროპულ ქვეყნებში: იმისდა მიუხედავად, შეიცავს თუ არა მყისიერ საფრთხეს, სიძულვილის შემცველი გამონათქვამები მაინც იკრძალება, ზედაც, ისჯება. ზოგადევროპული საერთო აკრძალვაა მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტის არსებობაში ეჭვის შეტანა. მაგალითად, საფრანგეთში სისხლის სამართლის დანაშაულად პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის უარყოფაც მიიჩნევა. გერმანიაში კი ანტისემიტური ქსენოფობიური მასალის გავრცელებისთვის თავისუფლებას 5-წლამდე ვადით აღგიკვეთავენ. ზოგადად, ევროპის ქვეყნებში სიძულვილის ენის გამოყენება 3-დან 5-წლამდე ვადით ისჯება, თუმცა უფრო მსუბუქი სასჯელიცაა გათვალისწინებული, ჯარიმის სახით. ბუნებრივია, სიძულვილის ენას ევროპულ გაგებას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომელიც სიძულვილის ენის გამოყენებას გამოხატვის თავისუფლებად არ მიიჩნევს.
კანონით ნებადართული – პოლიტიკოსების სიძულვილი
თუკი ევროპაში ჩვეულებრივი მოკვდავისადმი სიძულვილის ენის გამოყენების გამო უმკაცრესად დაისჯებით, სრული თავისუფლება გენიჭებათ პოლიტიკური გაერთიანებების მისამართით გამოყენებულ ლექსიკაში.
გიორგი გოცირიძე: „პოლიტიკურ დისკუსიაში სიძულვილის ენა არ არის აკრძალული, რადგან პარტიული კუთვნილება არ არის ადამიანის თანდაყოლილი იდენტობა. სიძულვილის ენის ობიექტი შეიძლება, იყოს კონკრეტული ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური ჯგუფის წარმომადგენელი. პოლიტიკურ დისკუსიაში გამოხატვის თავისუფლების ხარისხი გაცილებით მაღალია და თმენის გაცილებით მეტი ვალდებულება ეკისრებათ პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს, ვიდრე კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს“.
ასე რომ, შეგიძლიათ, თავი არ შეიზღუდოთ პოლიტიკოსთა შეფასებისას, თუმცა არა მხოლოდ პოლიტიკოსთა შეფასებისას: მართალია, საქართველო გაეროს ზემოთმოყვანილი კონვენციის ხელმომწერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც იკრძალება ქსენოფობიური გამონათქვამები ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი თუ სექსუალური კუთვნილების გამო, არ არსებობს ამ კონვენციის შესრულების არანაირი მექანიზმი.
თუმცა საქმე არც მთლად ასე უიმედოდაა: სიძულვილის ენა ჩვენი ორ კანონით მაინც იკრძალება. გიორგი გოცირიძე: „პირველია მაუწყებელთა შესახებ კანონი და ეს ეხება ტელევიზიებს და რადიოებს. სიძულვილის ენის აკრძალვა არ ვრცელდება ჟურნალ-გაზეთებზე. ამდენად, თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ სიძულვილის ენა და ამის გამო კანონით ვერ დასჯიან თქვენს გამოცემას. ტელევიზიისა და რადოების შემთხვევაში კი მოქმედებს სპეციფიკური რეგულირება. მართალია, მათ კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ დააკისრებს სანქციებს სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, მაგრამ კანონი ავალდებულებს ტელევიზიებსა და რადიოებს, ჰქონდეთ თვითრეგულირების მექანიზმი. მათ თავადვე უნდა შექმნან საჩივრის განმხილველი ორგანო და სასჯელი შეიძლება, იყოს კონკრეტული პირის დისციპლინური სასჯელი, მაქსიმუმ – სამსახურიდან გათავისუფლება ან მაყურებლისთვის ბოდიშის მოხდა, სხვა სანქციები გამორიცხულია. სახელმწიფო ამაში არ ერევა და ხშირად თანამშრომლებისგან კომპლექტდება ასეთი ორგანო. შესაბამისად, თავის თავს თავადვე აკისრებს სანქციებს, რაც არ მგონია, მართებული და ეფექტიანი იყოს. იშვიათია კონკრეტული სანქციების დაკისრებაც“.
ამას გარდა, სიძულვილის ენას კრძალავს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ. შესაბამისად, „თუკი შეკრებებსა და მანიფესტაციებზე არაერთხელ იქნება გამოყენებული სიძულვილის ენის შემცველი მოწოდებები, ხელისუფლებას აქვს უფლება, ასეთი აქცია დაშალოს.“
ამის მიუხედავადაც , გიორგი გოცირიძე განმარტავს, რომ საჯარო მოხელეებს მოეთხოვებათ ნეიტრალურობა. „როდესაც ადამიანს საჯარო სამსახურში იღებენ, ის ფიცს დებს, რომ მოემსახურება ხალხს და, ბუნებრივია, მის მოვალეობასთან შეუთავსებელია სიძულვილის ენის გამოყენება. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, ეს მიიჩნიოს საჯარო მოხელის საქმიანობასთან შეუთავსებელ ქმედებად და გაათავისუფლოს სამსახურიდან.“ ამ განმარტებიდან აშკარაა, რომ რობერტ სტურუას გათავისუფლება უკანონო ქმედება იყო, იმ მარტივი მიზეზით, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
როგორც ვნახეთ, სიძულვილის ენისადმი ყველა ქვეყანაში, იმისდა მიუხედავად, რომ არის გაეროს შესაბამისი კონვენციის მონაწილე, ინდივიდუალური მიდგომაა, რაც გამომდინარეობს იმ კონკრეტული ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობიდან. საქართველოში მსგავსი რამ არ არსებობს: ჩვენი არათუ კანონმდებლობა არაფერს აზუსტებს, თვით საზოგადოებრივი აზრიც კი არ შეთანხმებულა იმაზე, თუ რა შეიძლება, ჩაითვალოს სიძულვილის ენად. მაგალითად, იქნება თუ არა სიძულვილის გამოხატულება, თუკი მავანი არ აღიარებს ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიების მიერ საქართველოში სისხლის ზღვების დაყენებას ან, თუკი შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით, ვიტყვით, რომ მეცხრამეტე საუკუნეში თბილისის ეროვნებით სომეხი ქალაქის თავები ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას ეწეოდნენ; რომ რუსეთის იმპერიამ გაძარცვა ქართული ეკლესია-მონასტრები და ჯაყელები, რომელთა სასახლეც აღადგინეს სამცხეში, არც მეტი, არც ნაკლები რწმენისა და ქვეყნის მოღალატეები იყვნენ?!
სულ ახლახან „ინტერნიუსმა საქართველომ“ 2010 წლის 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ქართული ტელევიზიები, ბეჭდური მედია თუ ინტერნეტგამოცემები სიძულვილი ენას ერთობ ფართოდ იყენებენ (მათ შორის, ჩვენც მოვხვდით). კვლევის ერთ-ერთ ავტორ დიანა ჩაჩუას შევხვდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ თქვენმა მონა-მორჩილმა რესპონდენტზე მეტი ვილაპარაკე, იმედია, ამ სისუსტეს მომიტევებთ.
დიანა, როგორც მე ვიცი, ჩვენ სიძულვილის ენის აკრძალვის ვალდებულება გვაქვს, რადგან ვართ გაეროს შესაბამისი კონვენციის მონაწილე. ჩვენი კანონმდებლობით, სიძულვილის ენა ეკრძალებათ მხოლოდ რადიოებსა და ტელევიზიებს, თუმცა თქვენს კვლევაში მოხვდა ბეჭდური და ელექტრონული მედია, რა ნიშნით? რატომ უნდა შევიზღუდო თავი იქ, სადაც არ მზღუდავს კანონი? რა აიღეთ საფუძვლად, როდესაც ეს კვლევა ჩაატარეთ?
– მთავარი სახელმძღვანელო რეკომენდაცია, რომელსაც ვიყენებთ მუშაობისას ევროსაბჭოს რეკომენდაციაა. სიძულვილის ენა ახალი ხილია ჩვენი საზოგადეობისთვის და სამართლებრივად არც ერთ დოკუმენტში არ არის განმარტებული ეს ტერმინი.
ამიტომაც გეკითხებით... ერთია, მე რა მგონია სიძულვილის ენა, მეორე – თქვენ რა გგონიათ და მესამე – კანონს რა ჰგონია. თქვენს კვლევას როგორ ჰგონია?
– სიძულვილის ენის განმარტების უმეტესობა ბუნდოვანია. ევროსაბჭოს 1997 წლის 30 ოქტომბრის რეკომენდაციაში სიძულვილის ენა ასეა განმარტებული…
ჩვენ როდის გავხდით ევროსაბჭოს წევრი? თუ არ ვცდები, უფრო მოგვიანებით, არა?
– არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ შეერთებისთანავე ავიღეთ ეს ვალდებულება ავტომატურად. სავალდებულო არ არის, მაგრამ რეკომენდაციის სახით ასეა განმარტებული: ტერმინი „სიძულვილის ენა“ მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს ან იწვევს, ან ამართლებს, ან ხელს უწყობს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული შუღლის სხვა ფორმებს და ძალიან ბუნდოვანია, რა არის ეს „სხვა ფორმები“. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რომ ეს სადმე წერია, მაგრამ ვითვალისწინებთ საერთაშორისო საზოგადოების სიძულვილის ენისადმი დამოკიდებულებას და რეკომენდაციებს, განსაკუთრებით, როდესაც პოლიტიკური სუბიექტები ჩართულნი არიან წინასაარჩევნო პერიოდში. შესაბამისად, ჩვენი კვლევაც, ცესკოს სურვილით, წინასაარჩევნო პერიოდს ეხება.
თუკი კანონში არ არის შესაბამისი რეგულირება და ფაქტია, რომ არ არის, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ, რა თქვას ან არ თქვას. მე არ გარიგებთ, მაგრამ საკანონმდებლო ხარვეზების კვლევა არ აჯობებდა თავდაპირველად? თორემ, თუ არ ვიცი, როგორ განმარტავს კანონი სიძულვილის ენას, საიდან უნდა ვიცოდე, როგორ მოვიქცე?
– ბოლო წლებია, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ამ თემაზე ატარებს დებატებს, ღონისიძებებს... ჩვენ მონიტორინგი ჩავატარეთ მედიაზე, რადგან მედიაზე ვართ ორიენტირებულდნი და საკანონმდებლო კუთხით არ გვიმუშავია.
რატომ არ უნდა გამოვიყენო ის, რაც არ მეკრძალება?
– გეთანხმებით, ცნობადობა ძალიან დაბალია. ჩვენ კატეგორიებად დავყავით სიძულვილის ენა, მაგრამ იყო ტერმინები, რომლებიც ვერანაირ კატეგორიაში ვერ მოვათავსეთ და დავარქვით „განსაკუთრებით არაკორექტული“. ვირთხას და პინგვინს რომ ადარებ ვიღაცას, ხომ ფაქტია, რომ სიყვარულით არ მოგდის?! ეს ახალი ხილია ჩვენთვის და ამიტომ ზუსტი ტერმინიც არ არსებობს, მაგრამ, მაგალითად, დანიაში რომ აკეთებენ სიძულვილის ენის განმარტებას, აზრად არ მოუვათ, ჩაწერონ, რომ იკრძალება ცხოველთან შედარება.
ამიტომაც ვამბობ, ყველა კულტურაში რაღაც თავისებურებებით ხასიათდება სიძულვილის ენა და ამაზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. პირადად ჩემთვის სიძულვილის ენის გამოვლინება იყო, როდესაც პრეზიდენტმა ორჯერ მიაყენა მემედ აბაშიძეს შეურაცხყოფა. ბოლოს, ბათუმში ტექნიკური უნივერსიტეტის გახსნაზე თქვა, ახლა იჯდეს მოყუჩებულშიო და დამსწრე აუდიტორიის მხურვალე აბლოდისმენტებიც დაიმსახურა. მემედ აბაშიძე რომ არ არსებულიყო, აჭარა სად იქნებოდა დღეს, ადვილი მისახვედრია.
– უნდა გავმიჯნოთ, რომ ყველა ნეგატიური შეფასება არ არის სიძულვილის ენა. მთელი კონსილიუმი გვქონდა, რომ გაგვერკვია, რა იყო სიძულვილის ენა.
როდესაც ვიღებ ინტერვიუს და რესპონდენტი ლაპარაკობს სიძულვილის ენით, რა ვქნა, დავაცენზურო?
– თუ ინტერვიუს მიზანია გამოვლენა, ჟურნალისტს კი სხვა რა ევალება, თუ არა, გამოავლინოს პოლიტიკოსი, რომელიც იყენებს სიძულვილის ენას?! მაგრამ, თუ თვითონ ჟურნალისტია მხარე და პროვოცირებას უწევს?! ზოგიერთ გაზეთს, რომლებიც მოხვდნენ კვლევაში, ხშირად ჰყავს ერთი და იგივე რესპონდენტი და ჟურნალისტი მას პროვოცირებას უკეთებს ეთნიკურ ნიადაგზე.
იმას ამბობთ, რომ სიძულვილის ენას იყენებს შეკითხვაში?
– დიახ და პასუხიც შესაბამისია.
თუ რესპონდენტმა ისე მითხრა, რომ პროვცირება არ გავუკეთე? თქვენს კვლევაში ნახსენები იყო „დიდი თურქობა“, როგორც სიძულვილის ენის მაგალითი. რომ ვთქვა, თურქული ბიზნესის მოძალება, რომლებიც ჩაგრავენ ქართველ დაქირავებულებს, ხომ არ ჰგავს დიდ თურქობას-მეთქი, თქვენი აზრით, სიძულვილის ენაა?
– თქვენ რომ გეთქვათ, ამდენი თურქი რომ შემოვიდა, იყიდეს და დაიტაცეს ყველაფერი, ეს დიდი თურქობა არ არის, ეს არ იქნება კორექტული.
მაგრამ მე თუ ასე მგონია? ანუ ნებისმიერი აზრი შეიძლება გადმოიცეს, ოღონდ კორექტულად?
– კიდევ მნიშვნელობა აქვს კონტექსტიდან ამოვარდნილ შეკითხვებს. როდესაც მე და თქვენ ვლაპარაკობთ კულტურაზე და უცბად იწყებ იმაზე ლაპარაკს, რომ ვიღაც სომეხია, ეს ხომ კონტექსტთან შეუსაბამობაა?! მაგალითად, როდესაც იჭერენ ეთნიკურად ქართველ კრიმინალებს, ასახელებენ გვარებს, მაგრამ საკმარისია, კრიმინალი იყოს სომეხი ან აზერბაიჯენლი, რომ ხაზგასმა ხდება ეთნიკურ ნიშანზე. მედიის როლი და გავლენა დიდია და ამიტომაც ვფიქრობთ, რომ მედიაზეა დამოკიდებული, რა ენას შეაჩვევს საზოგადოებას. ამის შემდეგ ვიღებთ ამ ენით გაზრდილ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში.
ჯერ მედიის მიერ გაზრდილი ხელისუფლება არ გვყოლია
– ყველა რეკომენდაციაში წერია, რომ პოლიტიკოსების გამოსვლისას დაშვება მეტია.
ისევე, როგორც მე, როგორც ჟურნალისტს, სრული თავისუფლება მაქვს პოლიტიკოსის შეფასებისას.
– წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში ვატარებდით მონიტორინგს, მაგრამ ის გამოცემები, რომლებიც გაომირჩევიან ძისულვილის ენის ხშირი გამოყენებით, არ გამოდიან ჩვენთან კონტაქტზე. თან, ხშირად სიძულვილის ენას იმიტომ კი არ იყენებენ, რომ არ იციან, რომ სიძულვილის ენაა, არამედ იციან და მაინც იყენებენ.
მე მაინც იქ ვარ, რომ, თუ არ არის დადგენილი, რა არის სიძულვილის ენა, თუ საზოგადოება არ არის შეთანხმებული, რა არ უნდა ითქვას, რატომ არ უნდა ვთქვა?
– ამერიკაში არ მიიჩნევენ, რომ სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია უნდა მოახდინონ, მაგრამ საზოგადოების ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობენ და თავისთავად არ გამოიყენება სიძულვილის ენა. სიძულვილის ენაა, როდესაც მიუთითებ ადამიანის გარეგნულ ნაკლოვანებებზე, ხაზს უსვამ მის ფიზიკურ დეფექტს: ჩია, ენადაბმული, ფსიქიკადანგრეული, პროვინციელი ვაჭრუკანა. დამაკნინებელია, ვაჭარი რომ იყო?!
გემოვნების საქმეა.
– ვინმე თუ პროვინციელია, დამაკანინებელია?
მე მგონია, რომ ზრდილობის პრობლემამდე მივდივართ. მე რომ მკითხოთ, ამას მხოლოდ კანონიც ვერ უშველის. ტრადიციების გახსენება გვჭირდება: ასაკით უფროსს, უცნობს თქვენობით უნდა მიმართო, ვინც საჭიროა, წინ გაატარო, სხვა არ შეაწუხო და კორექტულად მოიქცე და იმეტყველო. ახალი არაფერი არ არის, ადამიანი უზრდელი არ უნდა იყოს.
– იმის ახსნა, რომ უფროსს პატივისცემა უნდა, უფრო იოლია, ვიდრე ტოლერანტობის.
არც ტოლერანტობას უნდა ახსნა. გადასარევადაა ახსნილი ჩვენს ისტორიასა და კულტურაში. მესმის, რომ დასავლეთი იძლევა რეკომენადციებს და მოდურია ამ რეკომენდაციებით აპელირება, მაგრამ ჩვენს კულტურას ხომ აქვს ეს უკვე გადამუშავებული?
–განსხვავებული ორიენტაცია?
სიძულვილის ენად ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ გული გამისკდება, შვილი რომ ლესბოსელი მყავდეს და არ მინდა, კაცის სიყვარულის ობიექტი ვიყო?
– არავინ გთხოვთ, პატივი ეცი ჰომოსექსუალს, უნდა შეეგუო უბრალოდ.
ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ მართავდნენ აქციებს ჰომოსექსუალები, ჩვენს შემთხვევაში, მრჩება შთაბეჭდილება, ინფორმაციას გვაწვდიან, აქ ვართ და იცოდეთო. სხვათა შორის, ძალიან პრობლემურია ჩვენს საზოგადოებაში გაყრილი ქალებისა და დედის გვარზე მყოფი ბავშვების დისკრიმინაცია. მათაც მანიფესტაციები უნდა მოაწყონ?
– ეს ძალიან დიდი დემოკრატიული პროცესია. რა თქმა უნდა, 8 წლის წინანდელ მდგომარეობას რომ შევადაროთ, წინსვლაა. ის, რაც ხდება, ბუნებრივია. რადგან ძალიან ლიბერალურ და განვითარებულ ქვეყნებშიც კი არის ეს პრობლემები. მნიშვნელოვანია ის, რომ ბერკეტი მაინც გაჩნდეს, რომ, თუ ნებისმიერ ჯგუფს შეურაცხყოფას მიაყენებ, ეს ბერკეტი ამოქმედდება შენს წინააღმდეგ.
ვინც ფიქრობს, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს, სასამართლოს რომ მიმართოს?
– ჯგუფს თუ მიაყენს შეურაცხყოფა?
ჯგუფმა მიმართოს სასამართლოს ჯგუფურად.
–თქვენ, როგორც ჟურნალისტი, რას ფიქრობთ სიძულვილის ენაზე?
მე არაკორექტულად არასდროს არავის მივმართავ, უხამს შეფასებებს გადმოვცემ შეფარვით, რომ ვერ მომედავოს ადრესატი. ისე, რესპონდენტების წყობიდან გამოყვანა უფრო მომწონს. მე განზრახ არ ვასახელებ გამოცემებს, რომლებიც, თქვენი მონიტორინგით, სიძულვილის ენას იყენებენ, მაგარმ მათ ჰყავთ მკითხველი. ანუ მკითხველს მოსწონს სიძულვილის ენა?
– დაკვირვების საფუძველზე ვხედავთ, რომ ამ გამოცემებს ჰყავთ მკითხველი. ანუ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ. ოღონდ რთული სათქმელია, ამ საზოგადოებამ მოგვცა ასეთი მედია, თუ მედიამ – ასეთი საზოგადოება.
თქვენი კვლევით, სიძულვილის ენას იყენებენ გამოცემები, რომლებსაც ჰყავთ მკითხველი და ისეთებიც, რომლებიც დაკვეთით მუშაობდნენ და დოტაციაზე იყვნენ და არიან, ანუ სიძულვილის ენას განზრახ უფინანსდებდნენ.
– რეალურად, ჩვენთვის აზრს კარგავს, რა მოტივი აქვს სიძულვილის ენის გამოყენებას და სულ არ არის საინტერესო, ვინ ვის აფინანსებს
რატომ, მე მაინტერესებს: შეკვეთილია სიძულვილის ენა თუ ბუნებრივი.
– თქვენი აზრით, რომელი სჯობია?
–პირადად მე ჩემი გულწრფელი მკვლელი მირჩევნია „ქილერს“. გულწრფელი მხოლოდ მე მომკლავს, „ქილერი“ კი ნებისმიერს, ვის გამოც გადაუხდიან.
– ხშირია შემთხვევები, როდესაც ამბობენ, ვიცით, რომ იტყვიან, სიძულვილის ენაა, მაგრამ მაინც ვიტყვიო. ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ჟურნალისტები ჩართულნი არიან სიძულვილის ენის ტირაჟირებაში. სურათი ხომ სხვანაირი იქნებოდა, მხოლოდ რესპონდენტები რომ ლაპარაკობდნენ სიძულვილის?!
თუ ეს გაზეთს ყიდის?
– ბიზნესის კეთებას რომ სწავლობ, არსად წერია, რომ სიძულვილის ენაა აუცილებელი. უამრავი მეთოდია, როგორ იშოვო პირველი მილიონი.
–რამდენიმე ინტერნეტ-გამოცემა და სამივე საერთო მაწყებელი წლების განავლობაში ძალადობდა მაყურებლის ტვინზე ისევე, როგორც ბადრაგები – პატიმრების სხეულებზე. ისინი შესაძლოა, არასდროს იყენებდნენ სიძულვილის ენას, მაგრამ ფაბრიკაციას ეწეოდნენ სიუჟეტების და შავს აშკარად და ურცხვად ასაღებდნენ თეთრად, რაც უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე სიძულვილის ენა.
– ეს არ იყო ამ ტიპის კვლევა, ჩვენი მიზანი იყო სიძულვილის ენის გამოვლენა წინასარჩევნო პერიოდში. თუმცა მანიპულაციის სხვადასხვა უმრავი ფორმა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ადგილზეა სიძულვილის ენით, ყველამ იცოდა, რომ მონიტორინდებოდნენ და ზოგიერთმა გაითვალისწინა.
როდესაც საერთო მაუწყებლები აშკარა დეზინფორმაციაზე გადაერთნენ, ძალიან ცუდ ვითარებაში აღმოჩნდა ბეჭდური მედიის დიდი ნაწილი. დაბალანსებულად რომ გეწერა, გავლენით გიგებდა დეზინფორმატორული ტელევიზიები და უბრალოდ, ჩემს თავზე ვამბობ სიძულვილის ენით, დაბალანსებული იდიოტი გამოდიოდი, ამიტომ გიწევდა უფრო მარცხნივ გადახრა. ესეც იწვევდა სიძულვილის ენის დანერგვას.
– ჩვენ მედიასაშუალებებს სხვადასხვა კუთხით ვამონიტორინგებდით, ეს გამოცემები ასეთები იყვნენ მანამდე და ახლაც ასეთები არიან. ვიცით, რა პირობებში იყო ჩვენი მედია, როგორი მონოპოლიზებული იყო სარეკლამო ბიზნესი. მედიამ თავად უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან და სამოქალაქო საზოგადოებამაც არ უნდა შემოგვხედოს, როგორც მტერს.
მე მგონია, რომ ბაზარი უნდა იყოს თავისუფალი და ზრდილობა გავიხსენოთ, თუმცა არ დავმალავ, სიძულვილის ენისადმი მიდგომის ამერიკული მოდელი უფრო მომწონს.