„ახალციხეში ვანოს სახლზე ვუკრავდი - „მკვლელებო“

„ახალციხეში ვანოს სახლზე ვუკრავდი - „მკვლელებო“

შემეცნებითი გაზეთის „აი ია“ გამომცემელი, ამჟამად ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისთვის მსჯავრდებული ზურაბ ხუციშვილი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ქალაქის ტიპის ერთ-ერთ სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. for.ge მას შეხვდა და ესაუბრა. ზურაბ ხუციშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გაასამართლეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მის ციხეში გამომწყვდევას უკავშირებს განსხვავებული პოლიტიკურ შეხედულებებს და 2011 წლის ივლისში პარლამენტის მიერ მიღებულ რელიგიების შესახებ კანონთან დაკავშირებით მისი მხრიდან გამოჩენილ გარკვეულ აქტიურობას. კერძოდ, სომხეთის მთავრობის წევრებთან სატელეფონო საუბრებს, რაც ზურაბ ხუციშვილის განმარტებით, მისი ინიციატივით მოხდა, რათა ხელი შეეშალა რელიგიების შესახებ კანონის მიღებისთვის და პლუს ამას, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან შეხვედრას.ზურაბ ხუციშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს უკვე მიმართა საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით.

ზურაბ ხუციშვილი: რუსთავის N17 საპატიმროდან აქ 30 ოქტომბერს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადმომიყვანეს. გული მაწუხებდა, ავარიის გამო ხერხემალი დაზიანებული მაქვს, რკინებით ვარ აწყობილი, ფეხზე ძლივს დავდივარ. დღეში 150 ლარს ვიხდი. გამოკვლევებს ვიტარებ გულზე, თირკმელებზე, ღვიძლზე. შესაბამისი მკურნალობა, მედიკამენტები დამინიშნეს. დაპატიმრებამდე ძირითადად ორ კაცს დავყავდი, ქუჩაში მარტო ვერ გადავაადგილდებოდი, მაგრამ ახლა აშკარად ვგრძნობ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სად და როგორ დაგაკავეს?

- ჯიხურებიდან  „აი ია“-ს დარჩენილი ნომრების ამოსაღებად მივდიოდი. 2011 წლის 21 ივლისი, დღის თორმეტის ნახევარი იყო. ტაქსი გამოვიძახე, რომელიც ჩემდა გასაოცრად ძალიან სწრაფად, ერთ წუთში მოვიდა. ფილარმონიის ქვემოთ, საჭაშნიკის მოპირდაპირე მხარეს, ბენზინგასამართ სადგურთან, იქ სადაც სათვალთვალიო კამერებიც არის, გზა რამდენიმე ათეულმა სპეცრაზმელმა გადაგვიღობა. მანქანიდან გადმომაგდეს. საქმის მასალებში წერია, წინააღმდეგობა არ გაუწევია, ხელ-ფეხს ვერ ანძრევდა, ჩვენ თვითონ ძლივსძლივობით ჩავსვით მანქანაში, მივხვდით, რომ ავად იყოო.

დაკავებისას მეგის ქარდავას ბიძაშვილმა ჯიბეში ნარკოტიკი ჩამიდო, რომელიც იმჟამად სოდის ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. სანამ ამას გააკეთებდა, სხვებს მითითება მისცა,მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს - ერთმა არ ჩამიდო, მეორემ, მესამემ. მერე ადგა ქარდავა და მარცხენა ჯიბეში ნარკოტიკი თვითონ ჩამიდო, მითხრა ეს შენიაო.

სოდში ადვოკატთან შეხვედრა მოვითხოვე, მაგრამ თავიდან ამის უფლება არ მომცეს. მეუბნებოდნენ მოაწერე ხელი, რომ ეს ნარკოტიკი შენიაო. ამ დროს ერთი-ორიც მითავაზეს, მსუბუქად. ხელი არაფერზე მოვუწერე. ბრალიც არ მიღიარებია. 260-ე მუხლის მეორე ნაწილით - ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით გამასამართლეს, პირველ ინსტანციაში არეშიძემ, მეორეში ჩემიამ და მესამეში ოჩხერელმა.

რას უკავშირებთ თქვენს დაკავებას?

-1988 წლიდან, მას შემდეგ რაც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია გავიცანი, ეროვნულ მოძრაობაში ვარ. მაშინ სამცხე-ჯავახეთში „წმიდა ილია მართლის საზოგადოება“, შემდეგ „ჰელსინკის კავშირი“ და მოგვიანებით „მრგვალი მაგიდა“ ჩამოვაყალიბე. მე ვიყავი „მრგვალი მაგიდის“ სპიკერი სამცხე-ჯავახეთში. იქიდან მოყოლებული ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო არაერთხელ დამაკავეს.

იქნებ ერთ-ერთი, ყველაზესაინტერესოდაკავების შესახებ გვიამბოთ?!

- სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, 1992 წელს ედუარდ შევარდნაძეს სახლის ფანჯრები ჩავუმსხვრიე, მრგვალ ბაღთან მეზობლად ვცხოვრობდით, დამიჭირეს. მეშვიდე საპყრობილეში ვიჯექი, პირველი 3 თვე ადვოკატს არ უშვებდნენ. მთხოვდნენ ტელევიზიით გამოსვლას გარკვეული ტექსტით, ზვიად გამსახურდიაზე, რაც არ გავაკეთე. 15-წლიანი მუხლი მქონდა მოყენებული. ჩემი გამომძიებელი იყო ვაჟა ჩიტაშვილი, რომელიც ამჟამად არის საქართველოს პარლამენტში ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

ჩიტაშვილმა მითხრა, გარეთ გასვლა თუ გინდა, რესპუბლიკის პროკურატურას 30 ცალი 09-ის მარკის მანქანა უნდა მიუყვანოო. ამაზე მივუგე, მთელი გვარი რომ გავყიდო, ამდენ ფულს ვერ მოვაგროვებ-მეთქი. მისი პასუხი ასეთი გახლდათ - არ ვიცი, მე ასე მითხრესო. ზარზმის მონასტრის წინამძღვრის ინიციატივით შეგროვდა ეს თანხა. სახლი, კარი მანქანა ყველაფერი გავყიდეთ, მეც, ნათესავებმაც, ახლობლებმაც. წინააღდეგ შემთხვევაში მომკლავდნენ. მანქანების შესაძენი, ძალიან სოლიდური თანხა ჩემმა მეუღლემ, სიმამრმა და გარკვეულმა პირებმა ჩიტაშვილს 26 აგვისტოს გადასცეს. 27 აგვისტოს სასამართლო დარბაზიდან გამათავისუფლეს. ჩიტაშვილმა მითხრა, დღესვე წადი საქართველოდან, თორემ მერე მე აღაფერი მომთხოვოო.

ზარზმაში წავედი, ვეზიარე. დილით მოსკოვში მივფრინავდი, ბებია რუსი მყავდა და ამიტომ. როგორც კი ზარზმიდან გამოვედი, უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები დამეტაკნენ, ახლობლების, მეგობრების თვალწინ მცემეს. ამას დაახლოებით 30 კაცი უყურებდა. ისევ მეშვიდეში წამიყვანეს. მითხრეს, ფული ჩვენამდე არ მოსულაო. ესე იგი ერთი განყოფილება მეორეს ედავებოდა, ფულს ვერ იყოფდნენ. იქ კიდევ 3 თვე მაყურყუტეს. შემდეგ აეროპორტში მიმიყვანეს, 100 დოლარი მომცეს, ბილეთი ამიღეს, გამიშვეს და მითხრეს, სანამ შევარდნაძე იქნება, აქ არ დაგინახოთო.

როდის დაბრუნდით სამშობლოში?

- მაშინ, როცა შევარდნაძე ხელისუფლების სათავეში ყოფნის დღეებს ითვლიდა.

თქვენც სააკაშვილის მომხრე იყავით?

- არა, ღმერთმა დამიფაროს. შევარდნაძე სააკაშვილს ხელისუფლებას რომ აბარებდა, პარლამენტის წინ აქციები დავიწყეთ, რადგან ვთლიდით რომ ორივე მტერი იყო.  

2011 წლის 21 ივლისს ისე დამაკავეს, როგორც ტერორისტი - სპეცრაზმის საშუალებით. თავისუფლებამდე 7 წელი მაქვს დარჩენილი, უკანონო 7 წელი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტპატიმრების სიაში შემიყვანეს. ჩემი პატიმრობის საკითხი ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული და პრიორიტეტიც მინიჭებული აქვს. იუსტიციის მინისტრს, მთავარ პროკურორს და ეკა ბესელიას უპირობო გათავისუფლების და საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით უკვე მივმართე და ვიმედოვნებ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. რასაც თქვენ გიყვებით, ჩემს განცხადებაში დაწვრილებითაა ასახული.

ხორციელდებოდა თუ არა თქვენთან მიმართებაში რაიმე ტიპის ზეწოლა, საპატიმროში?

- გეტყვით. გლდანის საპყრობილეში კუდმა მიმიყვანა. იქაურ თანამშრომლებს უთხრეს - ხერხემალი აქვს დაზიანებული, რკინებითაა აწყობილი, აყურებინეთო. ეს ვინც უთხრა, მისი ამოცნობა შემიძლია. ისეთ საკანში შემიყვანეს, სადაც არც ლოგინი იყო და არც არაფერი. ბეტონზე უნდა ვყოფილიყავი. გისოსებიდან ჩანდა გარეთ რა ხდებოდა, იმ ადგილას, სადაც პარასკევობით პატიმრებს აწამებდნენ. ჩემი საკნიდან ეს ადგილი კარგად ჩანდა.

რას უყურებდით?

- რას და პატიმრებს როგორ ამტვრევდნენ ხერხემალში, როგორც სცემდნენ, როგორ აუპატიურებდნენ.

ვინ აკეთებდა ამას, შეგიძლიათ გვარების დასახელება?

- ოლეგ ფაცაცია, ალექსანდრე მუხაძე, ხონსკი - ეს მისი მეტსახელია, გვარი არ მახსოვს, ადმინისტრაციაში მუშაობდა. ბედუკაძესაც ვხედავდი, მოდიოდა, მიდიოდა. ახლოს ვიცნობდი. ამბობდა - ჩუმად იყავი, უმჯობესია, მე არ გცემ, გვერდზე გავიწევი, მაგრამ შემოვლენ და სხვები გცემენო.

ჩემგან აღიარებით ჩვენებას, რომ ითხოვდნენ, პარალელურად მეუბნებოდნენ - ვიცით ცოლი რომ უნივერსიტეტში მუშაობს, შვილი რომელ უმაღლესში სწავლობსო.

ვინ გეუბნებოდათ ამას?

- გაბელაია, ქარდავა, მაჩიტიძე - სოდი-კუდის თანამშრომლები. სასამართლოზე ჩვენებების მიცემისას დაბნეულები იყვნენ. სასამართლოზე ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ამ ყველაფრის სათავეში მიხეილ სააკაშვილი, შსს-ს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე ამირან მესხელი იდგნენ.

რაიმე შეხება გქონდათ ამ ადამიანებთან, წარსულში?

- ვანოს დედა ჩემი დამრიგებელი იყო. კვირაში სამჯერ მათთან სახლში დავდიოდი, ვემზადებოდი. მესხელი კიდევ მეხვეწებოდა ხოლმე, მანქანაში ერთი საათით ჩამიჯექი, ვიღაცეები დამინახავენ, რომ ჩემს გვერდზე ხარ და ადვილად ხმას აღარ გამცემენო. მაშინ მესხელი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა“ თავმჯდომარე იყო, ლომბარდიც ჰქონდა, რაღაცეებს ყიდდა.

გაიხსენეთ გენო ფარულავა 2009-ში როგორ მოკლეს. გენოს ვეუბნებოდი ახალციხეში არ ჩახვიდე თორემ მოგკლავენ-მეთქი. მაინც ჩავიდა, დაიჭირეს და მოკლეს.

ჩემთვის სამაგიერო რომ გადაეხადათ, 2009 წლის მაისში, ე.წ. საკნების აქციის დროს ძმა მომიკლეს - გამთენიისას სახლიდან აიყვანეს, ორი დღის შემდეგ დამირეკეს და მკვდარი გამომატანეს. 2010-ში ჩემი ალალი ბიძაშვილი პავლე ნიკიტინიც ციხეში მოკლეს.

რისთვის და ვის უნდა გადაეხადა თქვენთვის სამაგიერო?

- გირგვლიანი რომ მოკლეს, ახალციხეში აქედან ვერც კაკაბაძე ჩადიოდა და ვერც სხვა. მე ახალციხეში ჩავდიოდი და ვანოს სახლზე ვუკრავდი მკვლელებო-მეთქი. ამაზე იყვნენ გამწარებულები.