მსახიობი ტრისტან სალარიძე ფილმის “სიყვარული ყველას უნდა” გადაღებისას მომხდარ ერთ სახალისო ისტორიას იხსენებს.
„კახეთში ვართ ფილმის გადაღებაზე. გივი ბერიკაშვილი კახელებისთვის მიწაზე მოსიარულე ლეგენდაა და თავებს „იხოცავდნენ“ სიყვარულის დასამტკიცებლად.
მე და გივი სასტუმროს ერთ ნომერში ვცხოვრობდით. კარზე დააკაკუნეს, გავიხედე - „ჩვენა ვართ გივი“, მითხრეს კარის გაღებამდე.
სიჭარმაგეში შესულ კაცს ხელში ათლიტრიანი ბოცა ეჭირა. ჩემი ღვინისა მოვართვი გივისო. ბატონი გივი არ გახლავთ - მეთქი. „შენ ხომ ხარ, შენც კარგი ბალღებისა სჩანხარო“, - მითხრა და შემოვიდა.
გვიანი იყო, ყველა მაღაზია დაკეტილია, საჭმელი და პურიც აღარ მქონდა. თავი უხერხულად ვიგრძენი „მასპინძელმა“. მერე გამახსენდა, რომ პიჯაკის ჯიბეში მზესუმზირით სავსე პარკი მქონდა, დავყარე თეფშზე და შევმატე სუფრას „ლაზათი“.
მაინც მოვილხინეთ და მთელი ღამე ვახსენებდით ერთმანეთს, „ნუ მორცხვობ, ყველაფერი საჭმელად არის მოტანილიო“.
მეორე დღეს „პატივნაცემმა სტუმარმა“ თავის „ოჯახში“ გადაგვიპატიჟა მთელი გადამღები ჯგუფი. იქვე სამზარეულოში მოფუსფუსე ქალები ჩემზე „ჭორაობდნენ“ და ყური იმათკენ გამექცა.
ეს ბიჭი მეველის როლში რო გამოდის, იგეთი ნიჭიერია, მაგრამ მსახიობი არა ყოფილა. დიდუბის ბაზარში თავისი მოყვანილი კიტრი დაჰქონებია გასაყიდათ, რეჟისორს შემთხვევით მოსწონებია და უთქვია, ოღონდ კინოში წამოდი, დღესვე მოგცემ არტისტის დიპლომსო.
მეორემაც დაადასტურა, აი, მაგასა ჰქვია ყისმათი, ხო შეიძლებოდა ვერ შეემჩნია და კიტრი გამყიდველად დაბერებულიყო. ახლა კიდე, გენაცვა, ყველა ბატონო-პატივცემულოთი ელაპარაკება და თავისთვინ ქვაცა აქვ და კაკალიცო“.