„ტრამპმა ზუსტად თქვა: ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს, მე არ ვარ ყველას პატრონი, ჩამოვიდე და წესრიგი დაგიმყაროთო“

„ტრამპმა ზუსტად თქვა: ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს, მე არ ვარ ყველას პატრონი, ჩამოვიდე და წესრიგი დაგიმყაროთო“

გააქტიურდება თუ არა 2020 წელს „ტროლების ქარხანა“, გველის თუ არა კიდევ ერთი რევოლუცია და სად იქნება ჩვენი ადგილი მსოფლიოს რუკაზე, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

2020 წელშიც ელით ტროლების ორთაბრძოლას და .. ტროლების ფაბრიკის, თუ ტროლების ქარხნის გააქტიურებას?

- 2020-ში ველი, რომ სამოქალაქო დაპირისპირება რაღაცნაირად უნდა ჩაცხრეს, რაღაცნაირად უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს იდენტობას, საარჩევნო სისტემაზე ომის გამართვა არ ღირს. მით უმეტეს, ვიცით, რომ ამ ომის ნამდვილი მიზანია ძალაუფლების ხელში ჩაგდება არალეგიტიმური საშუალებებით. რაც შეეხება ფეისბუკის გვერდების დახურვას, ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენი ფეისბუკსივრცის „დატროლვა“ „ნაცების“ გამოგონებაა. „პრესა. ჯი“-ს ისტორია ყველამ კარგად იცის. თუ გახსოვთ, „პრესა. ჯი“-ს ჯერ კიდევ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა ფორუმი. სწორედ იმ პერიოდში ჩნდებოდნენ „ტროლები“, ანუ პროვოკატორები. როგორც წესი, ტროლი გამოდის, რაღაც აბსურდულს იტყვის და ატყდება ამაზე ერთი ამბავი, ხდება ყალბი საზოგადოებრივი აზრის შექმნა. იყო ასეთი „კუ იბერიელი“, რომელიც სწორედ ამ „ნიკით“ გამოდიოდა და ძველი დროის ფორუმელებს ყველას გვახსოვს, ისეთ საოცრებებს წერდა ეს ადამიანი, აკლებული ჰყავდა იქაურობა. „ტროლი“ ქართულად ქაჯს ნიშნავს, ამას აკეთებდა და საზოგადოებრივი დისკუსი შეჰყავდა ჩიხში.

რაც შეეხება ტროლების ახალი ქარხნების გაჩენას, საქართველოში მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, ჰიბრიდულ ომში ყველაზე მნიშვნელოვანია საინფორმაციო ომი. ამიტომ ველი, რომ საინფორმაციო ომი კიდევ უფრო გამწვავდება. ვინც რას მოახერხებს, იმ საშუალებას გამოიყენებს, ომი იმიტომ არის ომი, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, ყველაფერი უნდა გააკეთო, ოღონდ ომი მოიგო. ასე იქცევა ეს დეზინფორმაციული მანქანა, რაც „ნაცებს“ აქვთ, ისინი დეზინფორმაციას ქმნიან და, ბუნებრივია, ფეისბუკში „ტროლებიც“ გაჩნდება და ყველაფერიც. ფეისბუკში „ტროლები“ ყოველთვის იქნება, რადგან ღია სივრცეა. ყველას შეუძლია დარეგისტრირდეს და რაც უნდა, ის წეროს, ცენზურა არ არის ფეისბუკში მიღებული. უბრალოდ, ეს უნდა იყოს ავთენტური, სწორედ არაავთენტურობაზე დაიწერა რაპორტი.

გადმოიბარანაცებისგანტროლების ფაბრიკაოცნებამ?“

- რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ჰყავს რაღაც პიარჯგუფი, რომელიც ცდილობს პარტიული პროპაგანდის განხორციელებას, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, მთლად მართლზომიერი არ არის. თუ „ტროლებზეა“ ლაპარაკი, გინდაც რაოდენობრივად, გინდაც ხარისხობრივი მასშტაბით, „ნაცებს“ ვერავინ შეედრება. „ქართული ოცნების“ „ტროლებს“ დეზინფორმაციული ხასიათი ნაკლებად აქვთ, დეზინფორმაციული ხასიათი სწორედ „ნაცების“ ტროლებს აქვთ, მთელი თავიანთი ტელევიზიებით, ინტერნეტსივრცით. მასშტაბი აბსოლუტურად სხვადასხვაა. ეს სწორედ ჰიბრიდული ომის სტრატეგიაა, როცა შენიღბვა ხდება, თავისი ტროლები და დეზინფორმაციულობა რომ დამალონ, ამიტომ სჭირდებათ, ეს ყველაფერი გადააბრალონ „ქართულ ოცნებას“. მთელი ტვირთი დეზინფორმაციებისა, „ფეიკებისა“, რაც ჩვენს საინფორმაციო სივრცეშია, 90% ნაცების მოგონილია. ამის მიუხედავად, მაინც მჯერა, რომ რაღაცნაირად მოვახერხებთ, 2020 წლის არჩევნები ჩავატაროთ.

ჩავატაროთ არჩევნები, მაგრამ ვისი გამარჯვებით?

- ისეთ ვითარებას ველი, რომ მანდატები მეტ-ნაკლებად გადანაწილდება. არავის არ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და შეიძლება შეიქმნას მდგომარეობა, როდესაც უბრალო უმრავლესობაც არ გვყავდეს პარლამენტში, რომელიც მთავრობის ფორმირებისთვისაა საჭირო.

ანუ თქვენ ელით კოალიციურ მთავრობას?

- ეგ არ ვიცი, საბოლოო ჯამში, ეგ უკვე პოლიტიკური კულტურის ამბავია, მოახერხებენ თუ არა ფარდობით უმრავლესობაში მყოფი პარტიები, რომ კოალიცია შექმნან. თუ ვერ მოახერხებენ, მაშინ კონსტიტუციით ხდება ასე, ტარდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რათა კრიზისი გადაილახოს, მთავრობა შეიქმნას და, სანამ რაიმე უმრავლესობა არ შეიქმნება, ან კოალიციური, ან ისე, მანამ ძველი მთავრობა დარჩება. მთავრობა შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როცა ახალი უმრავლესობა შეიქმნება პარლამენტში, ეს არის ჩარჩო და ამას არ უნდა გავცდეთ. სამოქალაქო დაპირისპირება ამ საზღვარს არ უნდა გადავიდეს.

რა პლუსები და მინუსები აქვს კოალიციურ მთავრობას?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, რაზე შედგება შეთანხმება. რა თქმა უნდა, აქ არის კონკრეტული ადგილები, რომელი სამინისტრო ექნება კოალიციაში შემავალ პარტიებს, ეს მყარი, სტაბილური უნდა იყოს, ყოველ პატარა ქარტეხილზე ჭიქაში ქარიშხალი არ უნდა ატყდეს და არ უნდა დაიშალოს. ეს ყველაფერი კონსენსუსზე დგას, მეტი სუბიექტის მონაწილეობის საშუალებას იძლევა პოლიტიკაში, ვიდრე დღეს არის, მაგრამ ეს სისტემა ნაკლებად სტაბილურია. შეიძლება არამყარიც აღმოჩნდეს და, თუ არამყარი იქნება, მაშინაც იძულებული ვიქნებით, განმეორებითი არჩევნები ჩავატაროთ.

2020-ში სად ელით სააკაშვილის ადგილს?

- არსად არ ველი, საქართველოში სააკაშვილის ადგილი არ არის, ერთადერთი, მისი ადგილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაა, მატროსოვზე. სხვათა შორის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, წესითა და კანონით, მას არ აქვს უფლება, ჩვენს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მიიღოს. ამით კანონი ირღვევა, როცა ცალკეული მედიასაშუალებები მას ლამის მთავარ ალტერნატიულ ლიდერად წარმოაჩენენ, თითქოს იქით ივანიშვილია, აქეთ სააკაშვილი. ეს ადამიანი ქართული პოლიტიკური კლასისგან სამართლებრივად ჩამოშორებულია. მას უფლება არ აქვს, მონაწილეობდეს აქაურ პროცესებში, მაგრამ მაინც მონაწილეობს. თან იმხელა სახელს უკეთებენ მედიასაშუალებები, რომ ამით კანონი ირღვევა. ეს არის სახელმწიფოებრივი იდენტობის შეურაცხყოფა. ჩვენ თუ საქართველოს კონსტიტუციას პატივს არ ვცემთ, ვინ გვცემს პატივს? რუსი გვცემს პატივს, თუ სხვა ვინმე?

იმავე ზურაბიშვილზე ატყდა ვაი-უშველებელი, ჩვევად იქცა უკვე, რაც უნდა თქვას სალომემ, გამოდიან და უშვერი სიტყვებით ლანძღავენ, ხან იდიოტს ეძახიან, ხან კგბ-ს აგენტს. ყოფილი პრეზიდენტი ახლანდელ პრეზიდენტს კგბ-ს აგენტს ეძახის. ამით რუსი სიცილით კვდება, ეს არის რუსის მიზანი და, როცა საკუთარ პრეზიდენტს ასე აგინებ, ეს ნიშნავს, რომ შენს სახელმწიფოებრივ იდენტობას ანგრევ.

ზურაბიშვილს სულ ბოლოს ანტიდასავლური რიტორიკა დაუწუნეს. ეს მისი ქართულის არცოდნითაა განპირობებული?

- რაც მან თქვა, ამაში საკამათოს ვერაფერს ვხედავ, მან ელემენტარული ჭეშმარიტება თქვა, არსებობს ორი გზა-დიპლომატიური და ომის გზა, რომ ჩვენი ინტერესები გავატაროთ და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დაიძრასო. მან თქვა, არც ერთს ვაკეთებთ, არც მეორეს, არც ომი გვაქვს, არც დიპლომატიაო. ამ თვალსაზრისით, ცოტათი გააკრიტიკა მთავრობა. მან ისიც თქვა, რუსეთთან დიალოგია საჭირო, ოღონდ ჩვენი მოკავშირეების მონაწილეობით, პირისპირ არ უნდა დავრჩეთ რუსეთთანო.

მან ისიც თქვა, რომ დასავლეთი ნეოკოლონიალურ მიდგომას იჩენს ჩვენს მიმართ და სულაც არ გვჭირდება უცხოელების ჩართვა და ჩართულობა ყველაფერში.

- მან თქვა, კონტრპროდუქტიულია, როცა დაუბალანსებელია მათი კრიტიკა, ანუ ჩვენი ხალხი ხედავს სიმართლესო.

ეს შეგვაცვლევინებს ვექტორს?

- ეს არასერიოზულია. ახლა სალომემ რაღაც გაიფიქრა და ვექტორის შეცვლა ასე არ ხდება. აქ ლაპარაკია, რომ არსებული მდგომარეობა უნდა იყოს ადეკვატური და ყველა მოთამაშე, ვინც მონაწილეობს პოლიტიკის შექმნაში, ამ ვითარებას ადეკვატურად ხედავდეს. არც ჩვენი მოკავშირეების მხრიდან დაუბალანსებელი კრიტიკა არ შეიძლება. ეგ არის ის, რისი გამოძახილიცაა ჩვენი არასამთავრობო სექტორი.

ელით, რომ 2020-შიც თავსატეხს გაგვიჩენს ზურაბიშვილი? თუ მას ქართული ენის დახვეწა მოუწევს, რომ ამდენი კითხვები არ გაჩნდეს მისი ნათქვამების გამო?

- ეს აღქმის ამბავია. მისი ქართული მშვენივრად მესმის. ზურაბიშვილი არავითარ თავსატეხს არ გვიჩენს. ერთადერთი ხარვეზი იყო შეწყალებებთან დაკავშირებით, ისიც სისტემური მოუგვარებლობის გამო. სხვა თვალსაზრისით, ვერ ვხედავ ვერაფერს, რისთვისაც შეიძლება პრეზიდენტის არგუმენტირებული კრიტიკა.

ელით, რომ 2020 წლის არჩევნებამდე მშვიდობიანად მივალთ? და, თუ ასე მოხდება, რამდენი პარტიით დაკომპლექტდება პარლამენტი?

- არ ველი, რომ ამ არჩევნებზე რაიმე განსხვავებული მოხდება. ჩემი აზრით, 4-5 პარტია შევა პარლამენტში, პირველ ადგილზე აუცილებლად გავა „ქართული ოცნება“, მეორეზე გავლენ „ნაცები“, მესამეზე ისევ „პატრიოტთა ალიანსი“, მეოთხეზე „ევროპული საქართველო“, კიდევ შეიძლება მოხვდეს „ლელო“ და ეგ იქნება. შეიძლება, „ლეიბორისტებიც“ მოხვდნენ. საბოლოო ჯამში, ველი, რომ უმრავლესობას 76 მანდატი მაინც ექნება, მაგრამ დიდია ალბათობა, ვერ შეძლოს ეს „ოცნებამ“, ყოველ შემთხვევაში, ფარდობითი უმრავლესობის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი მანდატი მაინც „ოცნებას“ ექნება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არჩევნებამდე მივალთ და მშვიდობიანად წარიმართება პროცესი.

რევოლუციურ საფრთხეს ხედავთ?

- დიახ, ვხედავ, მთავარი საფრთხე და გამოწვევა სწორედ ეს არის. რევოლუციას ტყუილად ვაბრალებთ „ნაცებს“, ეს არ არის რევოლუცია, ეს ტიპურად ჰიბრიდული ომის სტრატეგია, სახელმწიფო გადატრიალება, ძალადობაა. პირველი იყო შეიარაღებული სამხედრო პუტჩი, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება როცა დაამხეს. მეორე გააფორმეს „ვარდების რევოლუციად“, სინამდვილეში, ესეც ძალადობა იყო, პარლამენტში შევარდნა, „კმარას“ მეთოდები... ეს იყო საზოგადოების დაბნევა, სიმართლესა და სიცრუეს შორის ზღვარის წაშლა. ახლაც კომბინირებულ ჰიბრიდულ მეთოდებს იყენებენ, ხან აქციებია. მთავარი იარაღი ვარდების რევოლუციის დროსაც და ახლაც არის საინფორმაციო შტურმი, სადეზინფორმაციო სისტემები, რაც 24 საათი მუშაობს.

ხალხის ძალა არ სჭირდება გადატრიალებას?

- ხალხი ხედავს ამას. არსებობს ეროვნული იდენტობა და არსებობს სახელმწიფოებრივი იდენტობა. რატომღაც ამის გარშემო არ ხდება ხალხის კონსოლიდირება. ახლა შემოაგდეს, რომ თურმე ეროვნული იდენტობა კი არ არის მთავარი, არამედ თითქოს მთავარია პროპორციული არჩევნები. ხალხი ამას არ აყვება, ჩვენი ელექტორატის დიდი მასა ამ ურთიერთობების გარკვევაში არ მიიღებს მონაწილეობას.

არის მოსაზრება, რომ მსოფლიოს საერთოდ არ აინტერესებს საქართველო. მსოფლიო აზრი როგორი იქნება 2020 წელს საქართველოსთან მიმართებით?

- სხვაგვარად რომ ვთქვათ, არის შიში, რომ რუსეთს მიგვაგდებენ? რატომ უნდა აინტერესებდეთ საქართველო? თქვენ გაინტერესებთ, რა ხდება ბურკინა-ფასოში? დონალდ ტრამპმა თქვა ძალიან ზუსტად, ყველამ თავის ქვეყანას თვითონვე მიხედოს. მან თქვა, დემოკრატიისა და თქვენი სახელმწიფოს ბედი თქვენს ხელშია, ჩემსკენ ნუ იყურებით, მე არ ვარ ყველას მამიდა და ყველას პატრონი, ჩამოვიდე და წესრიგი დაგიმყაროთო. ძალიანაც კარგი, თუ დაგვანებებენ თავს, ჩვენს თავს თვითონვე უნდა მივხედოთ.

ჩვენს თავს ვერ მივხედავთ, რადგან რუსეთია ჩვენი მეზობელი.

- ჩვენ ვიქნებით თუ არა, რუსეთი მაინც დაპირისპირებული იქნება დასავლეთთან. ჩვენ რუსეთს ვერ გავაჩერებთ, ის ურთიერთობები, რაც დასავლეთსა და რუსეთს შორისაა, გაგრძელდება, მაგრამ თვითონ დასავლეთის შიგნით ძალიან დაიძაბა მდგომარეობა. რაც ხდება ამერიკაში, ესეც ამის მაგალითია. ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, როგორ გაიხსნება კვანძი. ეს არის მთავარი, რა გაიმარჯვებს, მსოფლიო ლიბერალური წესრიგი? რასაც ლიბერალები იძახიან და რამაც გამოიწვია რუსეთის რეაქცია, რომელიც იმდენად მძლავრია, ლიბერალური საფრთხეები გადაფარა კიდეც. მთავარი საშიშროება რუსეთია, მაგრამ არანაკლებ საშიშია მსოფლიო ლიბერალური წესრიგიც, თავისთავად, დღევანდელი რუსეთიც ამის შედეგია. არის კიდევ ახალი რამ, რაც გამოჩნდა პოლიტიკაში, ევროკავშირი უნდა იყოს თავისუფალი ერების კავშირი და არა როგორც ერთი სახელმწიფო და ერთი ლიბერალური სივრცე ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე. ასე ვერ გამოვა. ამიტომ ყველაფერი გაირკვევა ამერიკაში, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის ცენტრია.

რუსეთ-საქართველოს შორის ვითარების გართულებას ელით?

- რუსეთ-საქართველოს შორის პროცესების გართულებას ველი იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთი საქართველოზე ბერკეტებს ფლობს შიდა პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით. რაც მეტი დესტაბილიზაცია იქნება საქართველოში, ეგ არის რუსეთის სარგებელი. საქართველოში სწორედ ეს საფრთხე არსებობს.

 

romani მთავარი საშიშროება რუსეთია, მაგრამ არანაკლებ საშიშია მსოფლიო ლიბერალური წესრიგიც, თავისთავად, დღევანდელი რუსეთიც ამის შედეგია. დიახ, დიდწილად ასეა, და, არა მარტო, თანამედროვე ამერიკაც, ევროპაც. ლიბერალიზმი ისეთივე უტოპიაა, როგორც ყველა, ადამიანის ცნობიერებაზე და გონზე მოძალადე იდეოლოგია.
4 წლის უკან