დანიელე დე როსიმ საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ხშირი ტრავმებია, რის გამოც ვეტერანი იტალიელი ნახევარმცველი წელს „ბოკა ხუნიორსის“ შემადგენლობაში მხოლოდ ხუთ შეხვედრაში გამოჩნდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულს ბუენოს-აირესის გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა უახლოეს მომავალში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება შეწყდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კარიერის დასრულების შემდეგ 36 წლის დე როსი მშობლიურ „რომაში“ დაბრუნდება და ბავშვთა გუნდის მწვრთნელი გახდება. დე როსიმ „რომაში“ 2001-2019 წლებში გამართულ 616 შეხვედრაში 63 ბურთი გაიტანა. იტალიის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 117 თამაშში გატანილი 21 გოლია.