შოთა აფხაიძის სიმართლე

შოთა აფხაიძის სიმართლე

რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან for.ge-ს, გუშინ, 17 ნოემბერს  ტელეკომპანია „კავკასიაში“ 2010 წლის 7 მაისს მომხდარი ინცინდენტის გამო მსჯავრდებული შოთა აფხაიძე ტელეფონით დაუკავშირდა და უამბო, როგორ ხორციელდებოდა დაკითხვის დროს მასზე ზეწოლა, როგორ სთხოვნენ ეღიარებინა, რომ იყო რუსეთის სპეცსამსახურის აგენტი, რომელსაც სამოქმედო გეგმებს იგორ გიორგაძე აწვდიდა და შოთა აფხაიძე აგენტურულ საქმიანობას მეუფე იობის, მეუფე დიმიტრის და მეუფე ეფრემის ხელშეწყობით ახორციელებდა.

შოთა აფხაიძემ ჩვენთან იმ ადამიანების გვარები დაასახელა, რომლებმაც გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში აფხაიძეს ცემა-წამების დროს მარჯვენა ხელი რკინის ჯოხით მოსტეხეს და ისიც გვითხრა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, დავით ჭაკუას რომელი მეგობარი უშლის ხელს მის გათავისუფლებას ე.წ. უდოს საშუალებით.

აქვე განვმარტავ, რომ შოთა აფხაიძის მონათხრობის აუდიოვერსია არ მაქვს, რადგან მან ციხიდან მობილურ ტელეფონზე დამირეკა. საუბარი არაერთხელ შეწყდა, მის ნაამბობს ცალი ხელით კომპიუტერში ვიწერდი, რის გამოც ყველა დეტალის ზუსტად მონიშვნა ვერ შევძელი. შოთა აფხაიძეს ვთხოვე სპეციალურად ჩვენი მედიასაშუალებისთვის წერილობით მოეწოდებინა მისი დაკავებისა და მასზე განხორციელებული ზეწოლის ამსახველი ისტორია, მაგრამ განმიმარტა, რომ ამის გაკეთება ცემა-წამებისგან გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია.

მაშ ასე, გთავაზობთ შოთა აფხაიძის სიმართლეს, რომელიც მან for.ge-ს უამბო.

შოთა აფხაიძე ამბობს, რომ ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარ ინცინდენტთან მისი დაკავშირება და დაპატიმრება პროვოცირებული, დადგმული სპექტაკლი იყო და, რომ რეალურად თავისუფლების აღკვეთა მის პუბლიცისტურ და საზოგადოებრივ აქტიურობას უკავშირდება.

აფხაიძის განმარტებით, იგი ხელმძღვანელობდა ახალგაზრდულ ორგანიზაციას, გაზეთ „ჯორჯიან თაიმსში“ პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა ე.წ. ლიბერალების წინააღმდეგ და ტერორისტულ დაჯგუფებებთან „ნაციონალური მოძრაობის“ კონრეტული წევრების კავშირების შესახებ. შოთა აფხაიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის გივი თარგამაძის გვარი დაასახელა. გვითხრა ისიც, რომ დაპატიმრებამდე მას კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თანამშრომლობა არაერთხელ შესთავაზა, რაზეც უარით უპასუხა.

აფხაიძის განმარტებით, ოფიციალურად „გერეუს“ დაზვერვის ოფიცრად იყო გამოცხადებული და ჟურნალ „ტაბულას“ მეშვეობით ამზადებდნენ ნიადაგს იმისთვის, რომ საზოგადოება დაეჯერებინათ, თითქოს აფხაიძეს და გარკვეულ სასულიერო პირებთან კავშირში მყოფ მის ახალგაზრდულ ორგანიზაციას რელიგიურ ნიადაგზე დაძაბულობა და საბოლოო ჯამში, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა ჰქონდათ განზრახული.

შოთა აფხაიძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, როცა მას დაკითხვის შესახებ შეტყობინება მიუვიდა, პოლიციაში თავისი ფეხით გამოცხადდა. დაკითხვის დროს, მთელი ღამის განმავლობაში შოთა აფხაიძისთვის „კავკასიაში“ მომხდარ ინცინდენტზე, არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ. სამართალდამცველების კითხვები ეხებოდა ახალგაზრდულ ორგანიზაციას, მის ფინანსებს, წევრებს, კონტაქტებს. აფხაიძეს სთხოვდნენ ეღიარებინა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, რის სანაცვლოდაც ქვეყნის უპრობლემოდ დატოვებაში დახმარებას შეჰპირდნენ. ამაზე დაკავებულისგან უარი მიიღეს და წასვლის წინ სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ „სროკზე“ მაინც გაუშვებდნენ.

შოთა აფხაიძე ამბობს, რომ „კავკასიის“ ინცინდენტთან დაკავშირებით ბრალი დილის შვიდ საათზე, ფორმალურად წარუდგინეს. პოლიციიდან ციხეში გადაყვანის შემდეგ კი შეხვედრების ოთახში მისთვის უცნობმა ორმა პირმა წარუდგინა მისივე ე.წ. ფლეშკიდან (რომელიც ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს და რომელიც წესით დალუქული უნდა ყოფილიყო) ამობეჭდილი, ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობასთან და წევრებთან დაკავშირებული დოკუმენტები, ფოტოები, რომლებიც ავსტრიაში გამართულ ღია, საჯარო ღონისძიებაზე იყო გადაღებული.

„ეს ყველაფერი დამილაგეს და მითხრეს - „შპიონი ხარ, ამით დასტურდება, ბრალი აღიარეო“, - ამბობს შოთა აფხაიძე. მისივე განმარტებით, ეუბნებოდნენ ეღიარებინა, რომ „გერეუს“ დიდი ხნის „დავერბოვკებული“ ჰყავდა და, რომ წლების მანძილზე პუბლიცისტური წერილებით და ახალგაზრდული ორგანიზაციით მოქმედებდა.

შოთა აფხაიძის თქმით, მისი ორგანიზაციის ერთ-ერთი მიმართულება მონასტრებში ახალგაზრდული ბანაკების დაფუძნება და ამ გზით ახალგაზრდების ეროვნული ცნობიერების განვითარება და ჩამოყალიბება იყო. ამასთან, მის ორგანიზაციას ასევე ჰქონდა საკვირაო სკოლების პროექტი, ევროპისა და რუსეთის მასშტაბით, რაც თავისთავში გულისხმობდა იმას, რომ ემიგრაციაში მყოფ ახალგაზრდებს არ დავიწყებოდათ: ტრადიციები, საქართველოს ისტორია და ქართული ენა.  

შოთა აფხაიძის განმარტებით, სამართალდამცველთა გეგმა, რომლის აღიარებასაც სთავაზობდნენ, ასეთი შინაარსის იყო - მეუფე იობმა, მეუფე დიმიტრიმ და მეუფე ეფრემმა შოთა აფხაიძის ჯაშუშური საქმიანობის შესახებ იცოდნენ და ისინი ხელს უწყობდნენ აფხაიძის პრორუსული ორგანიზაციის ჩამოყალიბება-განვითარებას, რომელსაც ახალგაზრდები უნდა მოემზადებინა (მათ შორის ფიზიკურადაც. შოთა აფხაიძემ საცეცხლე მომზადება ახსენა), ქვეყანაში ვითარება რელიგიურ ნიადაგზე უკიდურესად დაეძაბა, რასაც საბოლოო ჯამში სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვებოდა.

შოთა აფხაიძე ამბობს, რომ დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე პეტერბურგში, ალექსანდრე ებრალიძის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო, სადაც სხვა ცნობილ ქართველებთან ერთად იყვნენ რეზო ჩხეიძე, ადა მარშანია, დიმა ჯაიანი.

„მთხოვდნენ მეღიარებინა: რომ პეტერბურგში შევხვდი იგორ გიორგაძეს, მან გადმომცა თანხა და დამავალა მეწარმოებინა ზემოხსენებული საქმიანობა. მთხოვდნენ იმის აღიარებას, რომ სტატიებსაც გიორგაძის შეკვეთით ვწერდი და სამოქმედო გეგმაც მისი გადმომცემული იყო“, - ამბობს შოთა აფხაიძე.

მისივე განმარტებით, სამართალდამცველები მისგან მოითხოვდნენ ხელი დაედო ზემოხსენებული სამი მეუფისთვის და მალხაზ გულაშვილისთვის. ასევე დაკავებულისგან მოითხოვდნენ იმის აღიარებას, რომ მის ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული იყვნენ ძმები შუშანაშვილები და ლევან პირველი.

„აი, ამ ყველაფრის აღიარებას მთხოვდნენ, რაც აბსურდი იყო და რაზეც უარი მიიღეს. წასვლისას დაიბარეს, რომ რამდნეიმე დღეში მობრუნდებოდნენ, გაცილებით მყარი არგუმენტებითა და დოკუმენტებით“, - ამბობს შოთა აფხაიძე.

მისივე განმარტებით, გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში, კერძოდ „დ“ კორპუსის N104 საკანში, მის გამო ყველა პატიმარს გაუსწორდნენ. შემდეგ აფხაიძე ცალკე გაიყვანეს, სადაც მისი ცემა და წამება ოლეგ ფაცაციამ და ვიქტორ ყაჭეიშვილმა გააგრძელეს (შოთა აფხაიძემ კიდევ რამდენიმე პირი დაასახელა, რომელთა ვინაობის ჩაწერა ვერ მოვასწარი).

ეუბნებოდნენ, რომ ხელი ჰქონდა მოსატეხი, რადგან „შპიონურ სტატიებს“ წერდა და აქვეყნებდა, რის გამოც სიკვდილს იმსახურებდა.

„რაღაც რკინის ჯოხით მარჯვენა ხელზე იმდენი მირტყეს, რომ მართლაც მომტეხეს. ამბობდნენ, თავზე დავაშარდოთ და ამის პატრონებს ლუბლიანკაზე გავუგზავნოთ, ნახონ როგორ არის მათი ბიჭიო“, - ამბობს შოთა აფხაიძე, რომლის განმარტებითაც ბრალდებები იმდენად აბსურდული იყო, რომ შპიონაჟში დადანაშაულება ვერ შეძლეს, მაგრამ ციხეში მაინც გამოკეტეს, ოღონდ „კავკასიაში“ მომხდარი ინცინდენტში მონაწილეობის ბრალდებით. 

„დამპირდნენ დაისჯებიო და დამსაჯეს“, - ამბობს აფხაიძე. მისივე განმარტებით, ცემის, არასათანადო მოპყრობისა და არასათანადო მკურნალობის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დაუმძიმდა, მაგრამ ქალაქის ტიპის კლინიკაში მისი გადაყვანა, გამოსაკვლევად და შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად ამ წუთამდე ვერ მოხერხდა.

შოთა აფხაიძე აცხადებს, რომ ე.წ. უდოს კომისიას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა, რის გამოც პოლიტპატიმრად აღიარებულ სხვა პირებს მოუბოდიშა, მაგრამ შედეგი არც ამან გამოიღო, რადგან, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ისე ე.წ. უდოს კომისიაში ისევ არიან აფხაიძის ცემა-წამებასთან დაკავშირებული (როგორც პირდაპირ, ისე ირიბად) პირები. შოთა აფხაიძემ ერთი გვარი დაასახელა - გორაძე. იგი ამბობს, რომ გორაძე არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას უახლოესი მეგობარი, რომელიც „უდოს“ კომისიაშია. კომისიის სხდომა 15-ში გაიმართა, მაგრამ აფხაიძეს გათავისუფლებაზე უარი უთხრეს.

როგორც შოთა აფხაიძემ გვითხრა, მეორე დღეა შიმშილობს და ითხოვს სასჯელაღსრულების მინისტრთან, ან ამავე უწყების უფლებამოსილ რომელიმე პირთან შეხვედრას, რათა მისი რეალური მდგომარეობის შესახებ უთხრას და იმ ადამიანებზეც უამბოს, ვინც მის გათავისუფლებას ხელს უშლის.

შოთა აფხაიძე ამბობს, რომ წერილობით უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს და პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს, მანანა კობახიძეს, რომელიც პოლიტიკაში ჩართვამდე შოთა აფხაიძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა. აფხაიძე ითხოვს მისი საქმით დაინტერესდნენ. ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვს დროში ნუ გაწელავენ პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტას, რადგან ბევრი მათგანი უმძიმეს მდგომარეობაშია და მათთვის თითოეული დღე მნიშვნელოვანია.

შოთა აფხაიძეს 17 ნოემბერს, დღის ოთხ საათზე ვესაუბრეთ. გვითხრა, რომ იმ წუთისთის სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებებში 50 პოლიტიკური პატიმარი შიმშილობდა, რომელთაც აფხაიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს.