“მატროსოვის ციხის” პოლიტპატიმრებმა შიმშილობის დაწყება გადაიფიქრეს

“მატროსოვის ციხის” პოლიტპატიმრებმა შიმშილობის დაწყება გადაიფიქრეს

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. მატროსოვის ციხის პოლიტპატიმრები შიმშილობის დაწყებას აპირებდნენ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, თვენახევრის განმავლობაში მათთვის არაფერი შეცვლილა. მართალია, ამ ადამიანებს ძალიან კარგად ესმით, რომ მათი გათავისუფლება გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს, მაგრამ ეს პროცესი უსასრულოდ იწელება. ეს მაშინ, როცა ჰელსინკის ჯგუფის მიერ დადებული დასკვნით, უდანაშაულოდ გატარებული ყოველი დღე წამების ტოლფასია.

დღესვე დამოუკიდებელმა ახალგაზრდა აქტივისტებმა პოლიტპატიმრების საკითხების შესწავლა დროულად მოითხოვეს. მათ მოუწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ, თუ ისინი ნამდვილად უფლებადამცველები არიან, მაშინ დაჩქარებული წესით უნდა განიხილონ პოლიტიკური პატიმრებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი, შეთანხმებულად იმუშავონ და პირადი ამბიციები დაივიწყონ. სტუდენტი ირაკლი ყიფიანი კი აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების სიაზე მომუშავე ჯგუფში მონაწილეობისგან ამ ეტაპზე დროის ფაქტორის მოტივით თავი შეიკავა „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ და „საიამ“. ამ დროს კი პოლიტპატიმრების საქმე დროულად გადასაწყვეტია.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე აცხადებს, ციხიდან გამოსვლას პოლიტპატიმრები ამავე სტატუსის მინიჭებამდე არ აპირებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მათ პრეზიდენტის შესაწყალებელი არაფერი სჭირთ, რადგან პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულნი. 

For.ge ნანა კაკაბაძეს ესაუბრა.

რა გახდა პოლიტპატიმრების შიმშილობის დაწყების მიზეზი?

- პოლიტპატიმრები შიმშილობას იმის გამო იწყებდნენ, რომ დღემდე პატიმრობაში იმყოფებიან. ისინი ახალი ხელისუფლებისგან პასუხს მოითხოვენ, თუკი შეიცვალა სისტემა  და, თუკი ახალი ხელისუფლება აღიარებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები იყვნენ, მაშინ, საინტერესოა, ვინ იყვნენ ის პოლიტპატიმრები და სად არიან ისინი, რადგან დღემდე ისინი ციხეებში არიან გამომწყვდეულნი. მათ ავუხსენი საქმის ვითარება და ვუთხარი, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ვმუშაობთ ამ საკითხზე და ვცდილობთ, მოკლე ვადებში გადაწყდეს მათი პრობლემა. თუმცა ისინი აცხადებენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ამნისტიით აპირებენ ციხიდან გასვლას.

სხვათა შორის, დღეს მათთან მივიდნენ შეწყალების თხოვნით და ურჩიეს, დაწერეთ განცხადება და გარეთ გახვალთო. აბსოლუტურ უმრავლესობას სწორედ ამას ეუბნებიან, რომ პრეზიდენტის შეწყალებით გავლენ ციხიდან, მაგრამ ეს ადამიანები პრინციპულად ეწინააღმდეგებიან შეწყალებით გასვლას. ისინი ამბობენ, ჩვენ ციხეს არ დავტოვებთ შეწყალებულის სტატუსით. დავიხოცებით და აქედან არ გავალთ შეწყალებულები, ჩვენ არავის შესაწყალებელი არაფერი გვჭირს. ჩვენ ვიყავით პოლიტიკური პატიმრები და ხელისუფლებამ სწორედ პოლიტპატიმრის სატატუსით უნდა გაგვათავისუფლოს.

ფაქტია, რომ პოლიტპატიმრების ციხიდან გაშვების პროცესი ფერხდება.

- სწორედ ამიტომაც პოლიტპატიმრების განაცხადია, რომ ყველა, ვინც ამ პროცესს შეგნებულად თუ შეუგნებლად აფერხებს, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ასევე, პოლიტპატიმრებმა მოუწოდეს იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც კიდევ უჩნდებათ კითხვები, თუ ვინ არიან აღნიშნულ სიებში, რეალობით დაინტერესდნენ. კერძოდ, პოლიტპატიმრები ამბობენ, სანამ მათ მიმართ კითხვებს დასვამენ კონკრეტული ორგანიზაციები, იქნებ, მათ ჯერ შეესწავლათ, თუ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც პრეზიდენტი იწყალებს 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე, როგორც მატროსოვის ციხიდან, ასევე, სხვა საპყრობილეებიდან?! ამ ადამიანებს ჩუმ-ჩუმად აპარებენ. ამიტომ პატიმრები მოითხოვენ, არასამთავრობოებმა გამოითხოვონ მათი სიები და ნახონ, ვინ არის ის ხალხი და შემდეგ ილაპარაკონ, თუ რამე აქვთ სალაპარაკო. ეს იმ ორგანიზაციის მიმართ არის ნათქვამი, ვინც ეჭვქვეშ აყენებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

რის გამო გადაიფიქრეს შიმშილობის დაწყება?

- მე ვთხოვე, შიმშილობა შეეჩერებინათ. შევთანხმდით, რომ 16 დეკემბრამდე, სულ რაღაც ორ-სამ კვირაში ეს საკითხი გადაწყდება. პოლიტპატიმრის სტატუსი მათ განესაზღვრებათ 23 რიცხვამდე, მათ პოლიტპატიმრებად აღიარებენ და მათი გათავისუფლება ახალ წლამდე მოხდება. თუმცა მათთვის გათავისუფლებაზე მეტად მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრის სტატუსი.

ცალკეული არასამთავრობოები თქვენს მიმართ საყვედურს გამოთქვამდნენ, რადგან უპირობოდ მოითხოვდით პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. თუმცა სხვა მოსაზრებაც გამოითქმის, რომ არასამთავრობოები რატომღაც აფერხებენ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საქმეს. რა არის ამის მიზეზი?

- არ მინდა კონკრეტულ შეფასებებზე გადავიდეთ, თუ რატომ აფერხებენ ამ პროცესებს, მაგრამ, როცა ადამიანი ასეთ პროცესს აფერხებს, ის აფერხებს იმასაც, რომ პოლიტპატიმრები, რაც შეიძლება, ცოტანი დარჩნენ ციხეში. ამ პოლიტპატიმრებს ვადამდელი გათავისუფლება ისედაც უწევთ და თანდათან გადიან გარეთ; შესაბამისად, მათი რაოდენობა ისედაც მცირდება. რაც მთავარია, თუკი პრეზიდენტი მათ შეიწყალებს, თუნდაც მათივე ნების გარეშე, სოზარ სუბარი იძულებული გახდება, ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანოს ციხეებიდან. ამიტომ, ვინც ამ პროცესებს აფერხებს, მათ გამო პასუხი საზოგადოებისთვის მომინდვია, თუ რას ემსახურება ეს ყველაფერი.

რამდენად მართალია, რომ ახალ ხელისუფლებას ციხეში უკანონოდ დარჩენილი პოლიტპატიმრების თითოეული დღისთვის თანხის გადახდა მოუწევს?

- რა თქმა უნდა, თანხის გადახდა მოუწევს, როგორც ძველი ხელისუფლების პერიოდში მათი უკანონო პატიმრობის გამო, ასევე, ახალი ხელისუფლების პერიოდში მათი დაყოვნების გამო. სოლიდურ თანხებზეა საუბარი, მაგრამ თანხებზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ხალხის იგნონირება ხდება. ხელოვნური დაბრკოლებების გამო ეს ადამიანები დღემდე ციხეში არიან.

მართლმადიდებელი ბიჭების სახელით ცნობილ პოლიტპატიმრებს როდის გამოუშვებენ?

- დღეს მოქმედი კომისია ნამდვილად თანხმდება იმაზე, რომ მართლმადიდებელი ბიჭები იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. ამიტომ მათ, ყველა სხვა პოლიტპატიმართან ერთად გამოუშვებენ. ისინი ახალ წლამდე გათავისუფლდებიან.