ბალოტელი ისევ ყურადღების ცენტრშია:

ბალოტელი ისევ ყურადღების ცენტრშია: "სამარცხვინოები ხართ!"

„ბრეშასა“ და რომის „ლაციოს“ შეხვედრაში მარიო ბალოტელის გამო თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა. დედაქალაქური გუნდის ქომაგები იტალიელ ფორვარდს რასისტული შეძახილებით ამკობდნენ, რის გამოც მთავარი მსაჯი იძულებული გახდა თამაში შეეჩერებინა.

ბალოტელი მიმდინარე სეზონში უკვე არაერთხელ გახდა რასისტების თავდასხმის სამიზნე და მარიოც ამაზე ყოველთვის მტკივნეულად რეაგირებს.

„ლაციოს“ ქომაგები, რომლებიც სტადიონზე იყავით, სამარცხვინოები ხართ“, - დაწერა მარიომ ინსტაგრამში.

სხვათა შორის, ბალოტელიმ ამ შეხვედრაში თავის გამოჩენაც მოახერხა და ახლახან დაწყებულ ათწლეულში სერია A-ს პირველი გოლის ავტორი გახდა. საინტერესოა, რომ 2010 წელს, ძველი ათწლეულის პირველი გოლიც მის ანგარიშზეა, როდესაც „ინტერის“ მაისურით „კიევოს“ გაუტანა.