ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი მალხაზ ასათიანი მოსკოვის „ლოკომოტივის“ XXI საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. Sport-Express-მა 2001 წლიდან დღემდე „რკინიგზელთა“ რიგებში ის ფეხბურთელები შეაფასა, რომელთაც მინიმუმ 50 შეხვედრა ჩაუტარებიათ „ლოკომოტივში“.
საშუალო ქულების გამოთვლით, ასათიანს მცველებში ყველაზე მაღალი, 5.86 შეფასება ერგო და საუკეთესო 11-ეულში დამსახურებულად შეიყვანეს.
„იგნაშევიჩი და ასათიანი ორი ინდივიდუალურად ძლიერი მცველია. ასათიანი „ლოკოში“, როგორც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მივიდა და სხვადასხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით თითოეულ მოთხოვნას ასრულებდა. თამაშის წაკითხვა, პოზიციის შერჩევა, შეტევის დაწყება - ეს ყველაფერი მალხაზს ახასიათებდა და ამის ხარჯზე სიომინის ფავორიტი გახდა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ასათიანი „ლოკომოტივში“ 2003-2010 წლებში თამაშობდა და უშუალოდ რუსეთის პრემიერლიგაში 125 შეხვედრაში 6 გოლითა და 10 საგოლე პასით გამოირჩა. ყველა ტურნირის ჩათვლით კი, 144 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მალხაზმა „ლოკომოტივის“ რიგებში რუსეთის ჩემპიონატის, თასისა და სუპერთასის მოგება მოახერხა.