"დედამთილმა ჭრელი სვიტერი გაჩუქათ, რომელიც არ მოგწონთ? არ ჩავარდეთ პანიკაში, ყოველთვის შეგიძლიათ ის გაყიდოთ. თუმცა ბევრი ვერ მიდის ამ გადაწყვეტილებამდე და დანაშაულის გრძნობა აწუხებს. მაგრამ ნუთუ მართლაც ასე ცუდია ამის გაკეთება?", - წერს Le Figaro-ს ჟურნალისტი სეგოლენ ფორგარი.
ფსიქოთერაპევტი სილვია ტენენბაუმი საშობაო საჩუქრების გაყიდვაში ცუდს ვერაფერს ხედავს. "საჩუქრების გაყიდვა დღემდე შოკში აგდებს ბევრ ადამიანს. თუმცა იმ მომენტიდან, როდესაც ის გადმოგვცეს, უკვე ჩვენ გვეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ისე მოვიხმართ, როგორც გვენდომება", - ამბობს ფსიქოთერაპევტი მის მიერ დაწერილ წიგნში "ბოლოს და ბოლოს დაფიქრდი საკუთარ თავზე!".
"ამის მიუხედავად, ვიღაც ისევ დამნაშავედ გრძნობს თავს, როდესაც ბებიის ან ბაბუის ნაჩუქარ ფერად შარფს ყიდის", - წერია სტატიაში. როგორც ფსიქოთერაპევტი ამბობს, საჩუქართან განშორება არ ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არ ვაფასებთ. "მეორე მხრივ, ჩვენ გავურბივართ ამაზე საუბარს, რადგან ეს შესაძლოა ადამიანებს შორის კამათის საბაბი გახდეს. მეორე ადამიანმა შეიძლება არასწორად აღიქვას ასეთი ქმედება".
და რა ხდება მაშინ თუ საჩუქარი ოჯახის რელიკვიაა? აქ ფსიქოთერაპევტი ხაზს უსვამს კონტექსტს, ვიანიდან რელიქვია ასოცირდება იმ ადამიანთან, იმ ოჯახურ კავშირებთან, რაც არსებობს, ვინც უნდა გაგახსენოს ამ საჩუქარმა. "სანამ კონკრეტულ ნივთს გამოვემშვიდობებით, უნდა დავფიქრდეთ. საუბარია იმაზე, რომ გავიხსენოთ ვინ გვაჩუქა ის და რას ნიშნავდა ჩვენს მიმართ გამოხატული ასეთი ყურადღება", - ამბობს ფსიქოთერაპევტი.
საჩუქარი აუცილებელი არ არის, რომ რამე ასეთი ღირებულების მატარებელი იყოს. შეიძლება ისეთი საჩუქარი მივიღოთ, რომელიც არ მოგვწონს, მაგრამ ის ახლობელი ადამიანის ხასიათის შტრიხს, თვისებას გვახსენებს. თუმცა რაც უფრო გადის დრო, საჩუქართან დაკავშირებული სინდისის ქენჯნა მით უფრო ქრება და ეს განსაკურებით არის დამახასიათებელი ახალი თაობისთვის. კანადაში ქცევის ახალი ფორმის აღმნიშვნელი სიტყვა "ნებაყოფლობითი სიმარტივე" აქვთ. ეს ნიშნავს უარი თქვა არასაჭირო ნივთებზე ან ისეთებზე, რომელიც უკვე გაქვს. "ეს ეწინააღმდეგება გადაჭარბებული მოხმარების ტენდენციას", - განმარტავს პასკალ ებელი, კვლევითი ცენტრ Crédoc-ის სამომხმარებლო მიმართულების ხელმძღვანელი. ეს ცენტრი იკვლევს და სწავლობს ცხოვრების პირობებს.
"საფრანგეთში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ეკოლოგიური პრობლემები გავლენას ახდენენ ჩვენს მოხმარებაზე. ის იცვლება, ტრანსფორმირდება და სულ უფრო ეკოლოგიური ხდება", - თვლის სტატიის ავტორი. პასკალ ებელის თქმით, დღეს ეკოლოგიურ ასპექტს უკვე შეუძლია გაათავისუფლოს დანაშაულის გრძნობისგან ის ადამიანის, ვისაც საჩუქრის გაყიდვა სურს.