სააგენტო Associated Press-მა ათწლეულის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა. გამოკითხვაში, რომელშიც სააგენტოს სპორტული ჟურნალისტები და მიმომხილველები მონაწილეობდნენ, კაცებს შორის საუკეთესო სპორტსმენად ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი დასახელდა.
ბოლო 10 წლსი განმავლობაში ჯეიმსი სამჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი (ორჯერ - „მაიამი ჰიტი“, ერთხელ - „კლივლენდ კავალიერსი„), სამჯერ დასახელდა სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ და კიდევ სამჯერ - ფინალური სერიის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ.
ათწლეულის საუკეთესო სპორტსმენების ხუთეულში ასევე მოხვდნენ ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ტომ ბრედი, იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი, არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი და ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი.
დეკადის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი დასახელდა. მეორე ადგილზე ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი, მესამეზე კი მოცურავე კეტი ლედეკი გავიდა.