კახი კალაძის ძმის, ლევან კალაძის გატაცებისა და მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში საჩივარი შევიდა.
საჩივარი ლევან კალაძის საქმეზე დაკავებული ლევან ცინცაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ და დედამ მედეა კორკოტაშვილმა შეიტანეს. ადვოკატის თქმით, ცინცაძე, რომელიც 25-წლიან სასჯელს იხდის, მტკიცებელებების გაყალბებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ დანაშაულთან კავშირი არ აქვს.
ლევან ცინცაძის დედა, მედეა კორკოტაშვილი აცხადებს, რომ შვიდი წლის განმავლობაში იბრძოდა სიმართლისთვის, თუმცა საქმე ყოველთვის ხელისუფლების სასარგებლოდ წყდებოდა. მისი თქმით, ხელისულების შეცვლის შემდეგ მას უკვე სჯერა, რომ სიმართლეს იპოვის.
ცნობილია, რომ ლევან კალაძე 2001 წლის 23 მაისს ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს და გატაცებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მოკლეს. ლევან კალაძის საქმესთან დაკავშირებით იმთავითვე რამდენიმე ვერსია არსებობდა. თუმცა აღნიშნული საქმე გახსნილად ხუთი წლის შემდეგ, 2006 წელს გამოცხადდა. იმ პერიოდში სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს მერაბ ამისულაშვილი, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა, რის გამოც მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ამისულაშვილს სასჯელის მინიმალური ზომა - ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ამისულაშვილის ჩვენების საფუძველზე საზღვარგარეთიდან დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ სამი წევრის ექსტრადიცია განხორციელდა. კერძოდ, შვეიცარიიდან - დავით ასათიანის, პეტერბურგიდან - ლევან ცინცაძის, საფრანგეთიდან კი - თემურ გაგნიძის. სასამართლომ მათი ბრალი დადასტურებულად ცნო და დავით ასათიანსა და ლევან ცინცაძეს - 25-25 წლით, ხოლო თემურ გაგნიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
For.ge ადვოკატ ირმა ჭკადუას ესაუბრა.
ლევან კალაძის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეთ და საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვეთ. რა ახალი გარემოება გამოიკვეთა ამ საქმეზე?
- გამოძიების თავიდან ჩატარებას ვითხოვთ, რადგან რეალურად, ეს საქმე გამოძიებული არ არის. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ ადექვატური შეფასება არ მისცემია იმ მტკიცებულებებს, რომლებიც გამოძიების მიერვე იქნა წარდგენილი. არადა, ისეთი მტკიცებულებები იქნა წარდგენილი, რაც აბსოლუტურად საკმარისი იყო ამ ადამიანების გამართლებისთვის. ამ შემთხვევაში, შემიძლია მხოლოდ ლევან ცინცაძეზე ვილაპარაკო, რადგან მის მიმართ არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები. ასევე, მთავარ პროკურატურაში ჩვენ შევიტანეთ იმ ადამიანის გამოკითხვის ოქმი, რომელიც საავადმყოფოს დარაჯად მუშაობდა და, რომელიც უშუალო თვითმხილველი იყო იმ ფაქტის, თუ როგორი ტიპის ადამიანმა ჩასვა მანქანაში ლევან კალაძე. ის ამბობს, რომ ეს მამაკაცი 48-50 წლის იყო. ეს მაშინ, როცა ლევან ცინცაძე 25 წლის იყო. ამდენად, ეს ფაქტიც სასაცილოა. ამაზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ, როცა გვამი აღმოაჩინეს, რეალურად მას არ ჰქონდა ენის ქვედა ძვალი, რამდენიმე კბილი, რომლებიც შემდგომ გაგზავნეს დნმ-ის ანალიზზე. თუკი გვამს აღმოჩენისას ეს ნაწილები არ ჰქონდა, შემდგომ საიდან მოიტანეს?! ამდენად, დასკვნა მთლიანად გაყალბებულია. გარდა ამისა, ამ მოწმის შესახებ (საუბარია დარაჯზე) პროკურატურა იძახდა, მოკვდა ეს კაციო. მოგვიანებით დაცვამ მოიპოვა მტკიცებულება, რომ მკვდარი არ იყო, ამის შემდეგ კი პროკურატურამ ცნობა მოიტანა, რომ კი არ მოკვდა, არამედ თურმე ავად იყო. არადა, ეს დარაჯი იძახის, ავად არასდროს არ ვყოფილვარო.
საიდან გაიტაცეს ლევან კალაძე და სად დაინახა დარაჯმა?
- იგი საავადმყოფოდან არის წაყვანილი; არ ვიცი, სადღაც სამკურნალოდ დადიოდა და საავადმყოფოს ეზოდან წაიყვანეს.
კალაძის ძალით წაყვანის ფაქტის თვითმხილველი მარტო ეს დარაჯი იყო?
- კიდევ რამდენიმემ დაინახა, მაგრამ გამოძიებას არ აქვს დადგენილი, თუ ვინ იყვნენ ისინი. ამ დარაჯის ნაამბობს იმეორებს თვითონ ლევან კალაძის მამიდა, რომელსაც ჩვენება აქვს მიცემული, რომ ლევან კალაძე სწორედ 48-50 წლის კაცმა გაიტაცა.
იმასთან დაკავშირებით რას იტყვით, რომ, სავარაუდოდ, ლევან კალაძე შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს ჰყავდათ გატაცებული. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას აწამებდნენ კიდეც, რის შემდეგაც დაიდგა ეს სპექტაკლი.
- წამების შესახებ მე არაფერი ვიცი, არანაირი მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ის, რომ ეს საქმე ფალსიფიცირებულია შს სამინისტროს მიერ და გამოძიების მიერ, ცალსახაა. შს სამინისტროს არასდროს არ მოუნდებოდა რიგითი მოქალაქეების დაცვა და რეალურ კვალზე გასვლა. ისინი ვიღაცას მალავდნენ. შს სამინისტროს, თუნდაც მინისტრს, ასევე, იმდროინდელ გენერალურ პროკურორს სურდათ, ეს საქმე გახსნილიყო და ცალკეული ადამიანები ყოფილიყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი იმისთვის, რომ რეალურ დამნაშავეებზე გამოძიება შეწყვეტილიყო და ისინი არ დადგენილიყვნენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საფუძველი გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ ამაში ჩარეულნი არიან მაღალჩინოსნები და საქმეში ფიგურირებს, ასევე, ლევან გვაზავა. ესეც ერთ-ერთი მაღალჩინოსანია.
გარდა ამისა, ყველას კარგად გვახსოვს ის გარემოება, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი და შს მინისტრი ერთი-მეორის მიყოლებით პრესკონფერენციებს ატარებდნენ და ამბობდნენ, საქმე გავხსენით, გვამი აღმოვაჩინეთო. ამ დროს კი ეს აღმოჩნდა ცრუ განგაში. აფრასიძეებს აბრალებდნენ ამ გატაცებას და მკვლელობას. ჩვენ გვაქვს ასეთი ფაქტიც, რომ გია ბარამიძეს გატაცებული ჰყავდა გენერალი გია ვაშაკიძე, რომელსაც აიძულებდა, თავის თავზე აეღო ლევან კალაძის გატაცება და მკვლელობა. ამიტომ რომელი ერთია მართალი, რომლის დავიჯეროთ?!
ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც აფრასიძეების საქმეში, გია ბარამიძის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება?
- რასაკვირველია.
სასაფლაოს დირექტორის ჩვენებაზეც რომ გვითხრათ. ცნობილია, რომ 5-6 ცხედარი ამოთხარეს. კალაძის ცხედარს ეძებდნენ, მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა?
- მუხათგვერდის სასაფლაოზე მართლაც რამდენიმე საფლავი გაითხარა და სასაფლაოს დირექტორი ამბობს, გვამი, რომელიც წაიღეს, ერთი წლის გვამი იქნებოდაო. ამოთხრის შემდეგ რა დაადგინეს, არავინ იცის, ესეც გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ამიტომაც მივმართეთ მთავარ პროკურორს.
ამ ცხედრებს შორის არ აღმოჩნდა ლევან კალაძის გვამი?
- არავინ იცის. ფაქტია, რომ გვამი, რომელიც წაიღეს, დირექტორის თქმით, არ იქნებოდა ერთ წელზე მეტი ხნის მიცვალებული. გვამებთან შეხება ვისაც აქვს, იცის, ვინ რამდენი ხნის მკვდარია. პირველ შემთხვევაში, როდესაც დათვალიერების ოქმი არსებობს, პრაქტიკულად, ის გვამი იყო გახრწნილი, თავი ცალკე ჰქონდა საერთოდ და არ ჰქონდა მთელი რიგი ნაწილები. ეს ყველაფერი საქმეში დევს. ჩვენ, ასევე, მოვითხოვეთ ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემა, რომლებსაც პირდაპირი და ირიბი კავშირი ჰქონდა ამ საქმესთან და აღნიშნული საქმის მასალების გაყალბებასთან. აუცილებლად უნდა დაისვას მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი.
ლევან ცინცაძის ეპიზოდს რაც შეეხება, იგი საქართველოში ჩამოიყვანეს და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა, რომ არჩადენილი დანაშაული ეღიარებინა?
- რასაკვირველია, მასზე ზეწოლა განხორციელდა. ახლაც, კამერაში მას რამდენჯერმე შეუტანეს შეწყალებაზე განცხადება, მაგრამ მან ხელი არ მოაწერა. ხომ წარმოგიდგენიათ, აქეთ სთხოვდნენ ხელის მოწერას გათავისუფლებაზე, მაშინ, როცა პატიმრები ამას თვითონ ითხოვენ და მათ არავინ იწყალებს. თვითონ ადმინისტრაციის მხრიდან ოქმია ამაზე შედგენილი და ლევან ცინცაძეს დღესაც რომ გაუღონ კარები, გარეთ არ აპირებს გასვლას. მან პირდაპირ ასეთი სიტყვები თქვა: სანამ ამ ჩირქს არ მომაშორებენ, რომ მე თითქოს ლევან კალაძის გამტაცებელი და მკვლელი ვარ, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, მაინც სიმართლეს დავამტკიცებო.
საინტერესოა, რატომ დაადეს ხელი მაინცდამაინც ლევან ცინცაძეს?
- ერთადერთი ის მიზეზი იყო, რომ ვიღაც ხომ უნდა ყოფილიყო ამ საქმეში დაჭერილი? ვინც დაიჭირეს, იმ ადამიანებთან მას გარკვეული შეხება ჰქონდა. ზოგიერთ მათგანს იცნობდა და ახლობლობდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არც ის ადამიანები არიან ამ საქმის ჩამდენნი, რომლებიც ახლა არიან მსჯავრდებულნი, მაგრამ, თუკი მაინც იმ ადამიანებს აქვთ დანაშაული ჩადენილი, ლევან ცინცაძე ამ საქმეში საერთოდ ტყუილად არის ჩართული ვიღაც პერსონალის მიერ.
რეალურად ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს?
- ჩვენ ყველა მტკიცებულებას ვუთითებთ და ეს გამოძიების საქმეა, თუ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
იმ პერიოდში გახმიანდა, რომ თანხის გამო გაიტაცეს ლევან კალაძე. რეალურად რა იყო მისი გატაცების მიზეზი? მართლა 600 ათასი დოლარის გამოძალვა თუ სხვა რამ?
- არ ვიცი.
ნოდარ გვიჩიანიც ხომ ფიგურირებდა ამ საქმეში, ისევე, როგორც გია გვიჩიანის საქმეში?
- დიახ, გვიჩიანიც ფიგურირებდა, შემდეგ კი ამბობდნენ, თითქოს აფრასიძეებთან წაიღეს ფული, მოგვიანებით კახი კალაძემ თქვა, 200 ათასი იყოო და ა.შ. სწორედ ეს იყო მიზანმიმართულად ჩატარებული სპეცოპერაცია, შს სამინისტროს არ აწყობდა ომეხ აფრასიძე ცოცხალი ჩამოსულიყო და მას ჩვენებები მიეცა. ამ საქმეზე მან არაფერი იცოდა და ის ამბობდა, რომ ჩაუტანეს ათი ათასი დოლარი და უთხრეს, იქნებ, კალაძის საქმესთან დაკავშირებით რამე გავგვიგო, დახმარება გაგვიწიოო. ამიტომ აფრასიძეების სახელით ვინც მოქმედებდა, ესეც გამოძიებამ უნდა დაადგინოს.