როგორც უკვე ვიცით, რეჟისორი მეთ რივზი კიმიქსების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერგმირის, ბეტმენის შესახებ ახალ ფილმს იღებს და მასში მთავარ როლებს ისეთი ცნობილი მსახიობები შეასრულებენ, როგორებიც არიან ზოი კრავიცი, კოლინ ფარელი თუ ჯეფრი რაითი.
რაც შეეხება თავად ბეტმენის როლის შემსრულებელს, ეს ყველასათვის კარგად ცნობილი მსახიობი რობერტ პატინსონია, რომელმაც თავი ყველას ჰარი პოტერისა და ბინდის საგის ფილმებში შესრულებული როლებით დაგვამახსოვრა.
ამ არც ისე წარმატებული როლების შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა საკუთარი შესაძლებლობები დამოუკიდებელი და უცხოენოვანი რეჟისორების ფილმებში გამოსცადა: მათ შორისაა, მაგალითად, რობერტ ეჯერსის საკმაოდ საინტერესო პროექტი The Lighthouse, რომლის პრემიერაც მალე ქართულ კინოთეატრებშიც შედგება.
არც ისე მეინსტრიმული კინოდან, როგორც ჩანს, პატინსონმა კვლავ ხმაურიან ჰოლივუდურ პროექტებში გადაინაცვალა: მომავალ წელს მას კრისტოფერ ნოლანის ახალ გახმაურებულ ფილმში თენეტ ვიხილავთ, 2021 წელს კი კინოეკრანებზე ბეტმენის ახალი ფილმიც გამოვა.
რა თქმა უნდა, ბეტმენის როლს მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:
"არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ როლთან ყოველთვის ვგრძნობდი კავშირს და ძალიან მინდოდა მისი შესრულება. მას რაღაც ძალა აქვს, რაც ყველას იზიდავს", — განაცხადა მსახიობმა ცოტა ხნის წინ The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში.
რობერტ პატინსონის თქმით, ის უკვე დაიღალა ფილმთან დაკავშირებული გაუთავებელი შეკითხვებით:
"რაც არ უნდა თქვა, ხალხს მაინც ერთი რეაქცია აქვს: "აჰ, შე იდიოტო". არადა ჯერ ფილმის გადაღებაც კი არ დაწყებულა. თუმცა ჩემზე მკაცრი კრიტიკოსი საკუთარ თავს არ ჰყავს, ამიტომაც სხვების შეფასებებზე ძალიანაც არ ვდარდობ".
მართალია, ბეტმენის როლი მის კარიერაში უდავოდ დიდ ადგილს დაიკავებს, მაგრამ ეს შეიძლება უარყოფითი მნიშნელობითაც მოხდეს: ბინდის შემდეგ კიდევ ერთ "შეცდომას" მაყურებელი მარტივად არ აპატიებს მას.
ამას რობერტ პატინსონი თავადაც აცნობიერებს და მოვლენების ყველაზე ცუდ განვითარებასაც წინასწარ ელის: იმავე ინტერვიუში იხუმრა, რომ თუ ის ბეტმენის როლზე ჩაფლავდება, კარიერას პორნოში გააგრძელებს, "ოღონდ არტჰაუს პორნოში", დაამატა მსახიობმა.
ბეტმენის ახალი ფილმის გადაღებები 2020 წელს იწყება და მისი პრემიერა 2021 წლის 25 ივნისსაა დაგეგმილი და ჩვენც მაშინ შევძლებთ მისი ახალი როლის შეფასებას