მილანური ნაძვის ხის თბილისური ვნებანი

მილანური ნაძვის ხის თბილისური ვნებანი

იტალიური ნაძვის ხე თბილისშია, მაგრამ მავანთ ვერ გაურკვევიათ, ეს ნაძვის ხეა, თუ ალვის ხე. თბილისელების ნაწილს მოსწონს იტალიაში დამზადებული 23 მეტრი სიმაღლისა და 10 მეტრი დიამეტრის მქონე ნაძვის ხე. ისინი ამბობენ, რომ კახა კალაძეს შეიძლება ბევრი რამ დაუწუნო, მაგრამ გემოვნება დასაწუნი ნამდვილად არ აქვს.

კახა კალაძე ამბობს, რომ მსოფლიოში ახალი ტრენდია გავრცელებული, რათა ნატურალურს მიამსგავსონ ნაძვის ხეები, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ მის მიერ ჩამოტანილი ნაძვის ხე ლამაზია და სულაც არ ჰგავს იმ ხეებს, რომლებიც წლების განმავლობაში სამკუთხედი ხუფის სახით გვქონდა.

მსახიობი ია ფარულავა ფიქრობს, რომ ახლანდელი ნაძვის ხე ძალიანაც ლამაზია და ზუსტად 1 მილიონი ლარი დაჯდებოდა, უბრალოდ, ეს ხე მასშტაბში ვერ ჩაჯდა კარგად და სივრცეში დაიკარგა. ამდენად, ძველ უბანში მისი დადგმა უფრო ეფექტური იქნებოდა.

გემოვნებაზე არ დავობენ და უარყოფითი შეფასებებიც არ ცხრება. ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს არის მეჩხერი ტოტების მქონე ნაძვის ხე, თანაც საკმაოდ უგემოვნო. გვესმის მკვეთრი შეფასებებიც: „ძალიან მრცხვენია, რომ ასეთ ნაძვის ხეს ვხედავ ჩვენს ქალაქში“...

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მთავარი ნაძვის ხე აინთო, სასუქი მიიტანეს ამ „ნახევარხის გასაზრდელად“, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ნაძვის ხემ ხუმრობის ხასიათზე დააყენა „ნაციონალი“ დეპუტატები. რომან გოცირიძემ ამ ხის ახალი ვარიანტი შემოგვთავაზა და არაკორექტულად შენიშნა: „ოცნების“ დეპუტატ დაჩი ბერაიასთვის ტოტები რომ გაგვეყარა, ამ ნაძვის ხეზე უკეთესი გამოვიდოდა“.

ოპოზიციას კითხვები უჩნდება იმასთან დაკავშირებით, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში რა საჭირო იყო მილიონ ლარად ღირებული ნაძვის ხის ჩამოტანა მილანიდან. ისინი ამბობენ, რომ თბილისის მერმა ჯერ კიდევ ზაფხულში ასეთი ნაძვის ხე შეუკვეთა მილანურ კომპანიას, ალვის ხის სილუეტითა და მეჩხერი ტოტებით, რომელსაც ლანდი გასდის.

მათი თქმით, კალაძის ახირება იტალიიდან არა მარტო ძვირადღირებული ნაძვის ხის ჩამოტანაა, არამედ სოლიდური ღირებულების მქონე სკამების შეძენაც ვაკეში დასადგმელად. განახლებული ჭავჭავაძის გამზირისთვის უკვე შეკვეთილია 155 სკამი და თითოეული მათგანის ღირებულება 12 ათასი ლარია. ოპოზიციის აზრით, თბილისის მერია ტენდერებში საეჭვოდ სწორედ იტალიურ კომპანიებს ამარჯვებინებს და აქ კორუფციული გარიგების კვალი იგრძნობა, საქართველოში მსგავსი მოდელის სკამების დამზადება კი გაცილებით იაფი იქნებოდა.

ნაძვის ხის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს არასერიოზულად მიიჩნევს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ კახა კალაძის მიერ ჩამოტანილი ნაძვის ხე სრულიად განსხვავებულია და არ ჰგავს იმას, რაც ადრე იყო.

„ახლანდელი ნაძვის ხე სულაც არ არის დასაწუნი. ჩემი აზრით, ვიზუალურად ეს ნაძვის ხე წინა ხეებს სჯობია და ალვის ხე ნამდვილად არ არის. ცუდი ისაა, რომ ამ ნახევრად სერიოზული საკითხის პოლიტიზებაც კი ხდება. ეს მიანიშნებს, რა მდგომარეობაა ჩვენთან, რამდენად გაჟღენილია, დამუხტულია ჰაერი ასეთი თემებით. რაც შეეხება არგუმენტს, რომ მილიონი ლარის დახარჯვა გაჭირვებულ ქვეყანაში არ შეიძლება, ეს ნიშნავს, რომ ახალი წელიც არ უნდა აღვნიშნოთ? ასე არ იქნება. ქართველების ჩვევაა, დღესასწაული ღირსეულად აღნიშნონ, ასეთ დროს ქართული ოჯახები ყველაფერს აკლებენ საკუთარ ბიუჯეტს და ცდილობენ, მეტ-ნაკლებად ნორმალური სუფრა ჰქონდეთ, რადგან ახალი წელი მომავალთან, იმედთანაა დაკავშირებული“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

რაც შეეხება მაინცდამაინც მილანურ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს დაახლოებით იგივეა, „მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო“. დავით ზარდიაშვილის განმარტებით, სწორედ მილანი ითვლება მოდის ერთ-ერთ კანონმდებლად მთელ მსოფლიოში, ამ ფაქტს ვერსად გავექცევით და, რადგან კახა კალაძეს მილანური კავშირები აქვს, ეს მისი უპირატესობაა. ჩვენ ისეთი მერი გვყავს, რომელსაც მილანში შინაურები ეგულება და შეუძლია, რაც კარგია, ის წამოიღოს იქიდან. ამდენად, ამაში ბოროტი განზრახვის დანახვა არ არის სწორი და ღვარძლიანი დამოკიდებულებაა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ექსპერტს კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს კახა კალაძის მიერ ჩამოტანილი ნაძვის ხე ესთეტიკურად ძალიან მოსწონს და თვლის, რომ მის გემოვნებას შეესაბამება.

„იქვე ახლოს ვცხოვრობ და ძალიან ლამაზი ხეა, მაგრამ, თუ მისი ჩამოტანა ტენდერის გარეშე მოხდა, თუ ზედმეტი ფული დაიხარჯა, მაშინ ამ მიმართულებით საბუთებია საჭირო. რაც არ ვიცი, არ ვიცი. დიდი ხანია, ასეთი კარგი ნაძვის ხე თბილისში არ მდგარა. რაც შეეხება მილანურ კომპანიებთან დაკავშირებულ ეჭვებს, ვინც ამ სფეროს სპეციალისტია, მან ილაპარაკოს და წარმოადგინოს საბუთები, ჩატარდა თუ არა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ტენდერი. არ ვიცი, მილიონი ლარის გადახდა ნაძვის ხისთვის ცოტაა თუ ბევრი, არც ის ვიცი, რა ღირს ასეთი ნაძვის ხეები, ამას სჭირდება ეკონომისტები, იურისტები, დასხდნენ და ილაპარაკონ, სად რა დაირღვა“,-აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

 

Maverick ოპონაძვზიციებს!
!სხვა საქმე არაფერი არ გაქვთ?!
მეტი საკეკლუცო საქმე ვერაფერი ნახეთ?
სულ მთლად გამოკვლევებულები რომ გახდით ვღარ ხვდებით?
იმდენად ძლიერდ გაქვთ არეული რამსები, საზიზღრობამდე სასაცილო გახდით...
ნაძვის ხე, ახალი წელი, დღესასწაული ბავშვებს , ჩვენ მომავალს უხარია და მთელი წელი ელოდებიან, ვინ მოგცათ უფლება მათ სამყაროში შეჭრის?!
ამ აპრუწპრუნებულ საოჯახო პარტიებს, ასოებს, ჭურნალისტებს, დაქინძულებს და დასაქინძავებს პოლიტიკური ხედვების მუზამ თავზე რომ დაგასკორათ, ტვინები გაგიყინათ, უკბილო ხუმრობებით დაგაწყებინათ ღლიცინი, "ძლიერ" თემებს ერთმანეთის საჯდომიდან რომ ისრუტავთ გსიამოვნებთ თუ მაზოხისტები გაგხადათ?!
საერთოდ, ყოჩაღ კახა კალაძეს მაგრად დაგაშტერათ, ძალიან საცოდავად გამოიყურებით...
4 წლის უკან