რა შეკითხვები უჩნდებათ ცოტნე გამსახურდიას მეგობრებს კოლხურ კოშკთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით და რატომ მიაჩნიათ, რომ სუფრის ინციდენტი გამოგონილია, ხოლო ცოტნეზე თავდამსხმელები კონკრეტული პირებისგან მართული კრიმინალები არიან, ამის შესახებ For.ge-ს ცოტნე გამსახურდიას მეგობარი, „შეაჩერე კორუფციას“ ხელმძღვანელი ვატო გელაშვილი ესაუბრა.
პირველ რიგში, რა ინფორმაციას ფლობთ ცოტნეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით?
- ახლა გახლდით ცოტნესთან, საავადმყოფოში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. ამის მიუხედავად, ველოდებით გამოჯანმრთელების კარგ შედეგს. მთავარია, როგორი იქნება მისი ტვინის მდგომარეობა, თორემ ფიზიკური ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია.
კრიტიკული ფაზა რამდენ დღეში დასრულდება, რომ უშუალოდ მისგან მოვისმინოთ მომხდარის შესახებ?
- ჩვენ არ ვიცით, ცოტნე რომ გაიღვიძებს, რამდენად კონტაქტური იქნება, ამ დღეებში აუცილებლად იქნება გაღვიძების პროცესი, ეს ფაზა გასავლელია.
მომხდარის გამო დაკავებულნი არიან თავდამსხმელები, ასევე, დაკავებულია ცოტნეს მეგობარი, პეტრე ყუფარაძეც. თუმცა ოფიციალური ვერსია კვლავაც კითხვებს აჩენს. სავარაუდო თავდასხმის ირგვლივ ცოტნე თქვენც გაფრთხილებდათ, ისიც ცნობილია, რომ თავის დროზე მას კოლხურ კოშკთან დახვდა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირი და ცოტნეს მიანიშნა, რომ უთვალთვალებდა. ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას კონსტანტინე გამსახურდიაც ცდილობდა, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც უპასუხოდ დარჩა - ვინ მოკლა პირველი პრეზიდენტი? თქვენი აზრით, რაც ვერ დაადგინა კოკო გამსახურდიამ, ამ ინფორმაციას ცოტნე გამსახურდია ფლობდა?
- არ ვიცი, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება რა ფაზაშია, მაგრამ ერთი რამ ვიცი, ხანდაზმულობის ვადა რომ უმთავრდებოდა ზვიადის საქმეს, ცოტნეს ინიციატივა იყო, გაგრძელებულიყო ეს ვადა. უფრო მეტიც, ცოტნემ ამ მიზნით წამოიწყო შიმშილობის კამპანია და მიაღწია იმას, რომ ეს საქმე გაგრძელებულიყო. იმ დროს საარჩევნო პერიოდი იყო და ხელისუფლება დათმობაზე წავიდა. ამის შემდეგ ისიც ვნახეთ, რომ ზვიადის სახელი ზუგდიდის არჩევნებშიც გამოიყენა ამ ხელისუფლებამ და ხიბულას სახლის გარემონტებაც დაიწყო, სადაც ზვიადის მკვლელობა მოხდა. რაც შეეხება თვითონ ცოტნეს ნაამბობს, როდესაც იგი შიმშილობდა, მორიგეობით ხან მე, ხან ქეთი ენუქიძე, ხანაც სხვა მეგობრები ვაკითხავდით. ერთ-ერთი შეხვედრისას ცოტნემ ქეთის უთხრა, რომ ამ ამბავს შეიძლება მისი ლიკვიდაცია მოჰყოლოდა, ანუ პირდაპირ უთხრა, თუ რამე დამემართოს, იცოდეთ, რომ ამ ამბავს ვარ შეწირული, რადგან ხმალამოღებული ვიბრძვი ზვიადის საქმის გამოძიებისთვისო. ეს პირველად ქეთის უთხრა, როცა შიმშილობდა, ჩემთვის ჯერ არ ჰქონდა ნათქვამი. ამის შემდეგ ჩვენ გახლდით კოლხურ კოშკში, რადგან ცოტნემ მე და ქეთი დაგვაპატიჟა ღვინის ამოსაღებად. ცოტნეს ინიციატივით, მე, ცოტნემ და ქეთიმ ღვინო დავწურეთ და, როცა ეს დაწურული ყურძენი ღვინოდ გადაიქცა, ცოტნემ ღვინო გამოგვატანა კიდეც. მაშინ ქეთი შეეკითხა, ადრე რომ მითხარი ლიკვიდაციის შესახებ, რა საბაბი გქონდაო. მეც დავინტერესდი ამ ამბით, რა ხდება-მეთქი და მითხრა, ამ საქმეს შეიძლება ჩემი ლიკვიდაცია მოჰყვესო. გვითხრა ვიღაც ადამიანის შესახებ, რომელიც გამქრალი იყო და, მისი ინფორმაციით, მანამდე რუსეთში იმყოფებოდა. ცოტნეს თქმით, ეს ადამიანი ამ ხელისუფლებასთან ძალზე დაახლოებული პირი იყო.
ქართველზეა საუბარი?
- ცხადია, ქართველზეა საუბარი. სავარაუდოდ, სხვა ტომის ადამიანს არც მოუკლავს ზვიადი. ეს იყო შინაური კაცი, ვინც იმ პერიოდში იმ წრეში ტრიალებდა, ზვიადის ირგვლივ და, ვინც ამ ხელისუფლებასთან, სავარაუდოდ, დაალაგებდა კიდეც ურთიერთობას. ზვიადის მკვლელი რომ არ არის დასჯილი, ეს ადასტურებს, რომ მას ამ ხელისუფლებასთან აქვს კავშირები, თორემ ყველა ხელისუფალი დასჯიდა მას. ეს ადამიანი, სავარაუდოდ, გავლენიანი იყო მაშინაც და დღესაც. ცოტნემ გვითხრა, ეს ადამიანი შემხვდა ჩემი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეო. ცოტნე ჩვენთან საუბრისას არ მალავდა, რომ კოლხური კოშკის სიახლოვეს ძალიან გაუკვირდა იმ პირთან შეხვედრა, ვისზეც ვისაუბრეთ. ეს პირი დაახლოებული ყოფილა რუსეთის სპეცსამსახურებთან და ამ ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან.
მისი ვინაობა თუ დაგისახელათ?
- არც სახელი უთქვამს, არც არაფერი, არაფრის მომცემი არ არის, რომც გითხრათო. ცოტნემ გვითხრა, ეს შეხვედრა მე მივიღე გაფრთხილებად, რომ ამ საქმეს შევშვებოდი, მაგრამ ამ საქმეს არ მოვეშვებიო. ასეთი საუბარი გვქონდა ცოტნესთან.
შესაძლოა, ამ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მართლაც სჭირდებოდა ზვიადის სახელის გამოყენება, მაგრამ რომ არ სდომოდათ ამ საქმის გამოძიება, მაშინ ხომ არ გაახანგრძლივებდნენ 5 წლით ამ საქმის ვადას?
- მერე რა, რომ ვადა გაახანგრძლივეს, ასე, შეიძლება, უვადოდაც გაახანგრძლივონ, მაგრამ არ გამოიძიონ ეს საქმე. ახლა ცას გამოკერებული არავინაა, შესაძლოა, მავანნი ფიქრობდნენ, ამ საქმის ირგვლივ ისეთ სიტუაციას შექმნიდნენ, რაც ახლა ვიხილეთ იმ უბედურების სახით, რაც ცოტნეს მიმართ ჩაიდინეს. შესაძლოა, მათ სურდათ, კოლხურ კოშკთან მომხდარი თავდასხმა ვიღაცას დაბრალებოდა. ზვიად გამსახურდიას მკვლელობის თემა მაშინ თუ პიარისთვის გამოიყენეს, ახლა, ცოტნეს ვერსიით რომ ვიმსჯელოთ, ეს ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტეს. ცოტნეზე თავდასხმა ჩვენთვის ჩვეულებრივი ტერორისტული აქტია.
ცოტნე გამსახურდიას არც სააკაშვილი წყალობდა, მაგრამ ციხიდან გამოსული ცოტნე მოგვიანებით ამბობდა, ისე წაიყვანეს „ქოცებმა“ საქმე, მიშა მათთან შედარებით ანგელოზიაო. ის არაფერს მალავდა, რასაც ფიქრობდა ამ ხელისუფლების შესახებ, ესეც ხომ არ იყო თავდასხმის ინსპირირების მიზეზი და სცილდება თუ არა მომხდარი უბრალო სუფრის ინციდენტს?
- სააკაშვილსა და წინა ხელისუფლებასთან დამოკიდებულებას რაც შეეხება, ყველას გვქონდა პროტესტი წინა ხელისულების მიმართ, მაგრამ, რაც „ნაციონალებმა“ ცუდი ჩაიდინეს, ამ ხელისუფლებამ უფრო მეტი ცუდი დაუმატა. ჩემთვისაც და ცოტნესთვისაც ცოტა სხვა ღირებულებებია მნიშვნელოვანი, ქვეყნის ფეხზე დაყენება, მორალი, ზნეობა... ამდენი გაჭირვებაა, ეს ყველაფერი მოაზროვნე და ამ ქვეყნის მოყვარულ ადამიანს თვალში ხვდება და ამას აპროტესტებს. თუ პროტესტის გამო ასეთი წინააღმდეგობა შეგვხვდება, ეს კიდევ უფრო დასაგმობია, რადგან თავისუფლად ცხოვრების უფლებას არ გაძლევენ. ცოტნე ამის შესახებ ხშირად აღნიშნავდა, ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს პირადად უთქვამს მისთვის, არ იქცევით კარგად. დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებზეც მან წინა ხელისუფლების კანდიდატს მისცა ხმა. ალბათ, ეს ვიღაცებისთვის გამაღიაზიანებელი იქნებოდა.
გრიგოლ ვაშაძეს მისცა ხმა?
- ცოტნეს პოსტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მან ვაშაძეს მისცა ხმა.
ცოტნეს ბოლოდროინდელ აქტიურობას თუ გადავხედავთ, მან გააპროტესტა სოზარ სუბარის ნათქვამი მოზარდის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, ასევე, გააპროტესტა გენშტაბის ყოფილი უფროსის დევი ჭანკოტაძის გამოჩენა ნიკა გვარამიას ეთერში, რომელსაც „გამორჩეული პუტჩისტი“ უწოდა და თავისებური სიტყვებით „შეამკო“...
- ვერც ერთ მათგანს ცოტნეს საპირწონედ, მისი გამეტების თვალსაზრისით, ვერ განვიხილავ. ისინი არიან ჭანჭიკები. სოზარ სუბარი ვერასოდეს გაუბედავდა ცოტნეს ასეთ რამეს, გამარჯობის თქმასაც ვერ უბედავდა, მით უმეტეს, ასეთ რამეში სუბარი არ გაისვრებოდა. დევი ჭანკოტაძის შესახებაც ვერაფერს გეტყვით, ცოტნეს თავისი შეხედულებები, მოსაზრებები, ინფორმაციები ჰქონდა, ტყუილად ვიღაცას რაღაცას არც დააბრალებდა და, თუ ვიღაცისგან შეცდომაში იყო შეყვანილი და ამ შეცდომის საპასუხოდ მიიღებდა სწორ ინფორმაციას, აღიარებდა კიდეც თავის შეცდომას.
თქვენ და ცოტნე ბავშვობის მეგობრები ხართ?
- ბავშვობის მეგობრები არ ვართ, დაახლოებით 3-4 წლის მეგობრები ვართ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია გვაქვს, შემდეგ „ფეისბუკფრენდები“ ვიყავით და ამან დაგვაახლოვა.
რამდენად მართალია, რომ ცოტნე გამსახურდია ყველასთან და, მით უმეტეს, უცნობებთან არ დაჯდებოდა სუფრასთან? სუფრის ინციდენტსაც შევეხოთ, სადაც მას თურმე ღვინო დაუწუნეს, იქ არაერთი საეჭვო დეტალია, თურმე 10 ადამიანი ყოფილა სუფრასთან, ისინი დაკითხულები არ არიან, ასევე, დაუკითხავია იქ მყოფი აზერბაიჯანელიც. თქვენთვის რა იყო ოფიციალურ ვერსიაში საეჭვო?
- ჩემთვის ამ ეტაპზე ჯერ არ გაქარწყლებულა ის ვერსია, რაც მე ცოტნემ მითხრა მისი სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ, მით უმეტეს, ამათ მიერ ჩატარებული გამოძიების ფონზე. ახლა ვიღაცები დეტალურად ყვებიან, რომ ვინმე დაკოჭლებულ ადამიანს ცოტნე თურმე კასტილით მისდევდა გასალახად. ეს სრული აბსურდია, ცოტნე წაქცეულს თუ არ წამოაყენებდა ფეხზე, თავში კასტილს არავის ჩაარტყამდა.
გამსახურდიების ოჯახის ადვოკატმა შენიშნა კიდეც, რომ 160-კილოგრამიანი ყავარჯენი თავად დაკოჭლებულმა ისეთი ძალით ჩაარტყა ცოტნეს, რომ ხელჩართული ბრძოლისას გადატყდა ყავარჯენი.
- ცოტნეს აგრესიაზე საუბარი ზედმეტია. მით, უმეტეს, ბოლო პერიოდში, როცა ის ანისთან ერთად ცხოვრობდა, სულ ამბობდა, რაღაცაზე რომ გავბრაზდები, ეს ფეისბუკი რა კარგი რამეა, აქ ვიცლებიო. მთელი უბნის შემწე იყო ცოტნე, ყველას ეხმარებოდა, ისეთი ადამიანების დახმარებაზე გამოთქვამდა სურვილს, რომელთაც სულაც არ იცნობდა. მე არ ვამბობ, რომ ცოტნე არ კადრულობდა ვინმესთან ერთად სუფრასთან დაჯდომას, უბრალოდ, მისი აზროვნების, მისი ღირებულებების ადამიანები თუ არ იყვნენ, ასეთ ადამიანებთან ის არ გაჩერდებოდა. თუ ახალგაზრდები იყვნენ, პირიქით, ასწავლიდა, ეუბნებოდა, რა არის სწორი და რა არასწორი. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ადამიანებთან ცოტნე დიდხანს არ დაჯდებოდა, არც ის მგონია, ღვინო ეჩუქებინა ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ქურდების სადღეგრძელოს ფეხზე დამდგარნი სვამენ. ჩვენ უფრო ეჭვი გვაქვს, საერთოდ, რატომ დაპატიჟეს, რატომ მიიყვანეს ცოტნე იმ ადგილას, ეხვეწნენ თუ რა იყო, ღვინის თემაც საეჭვოა, შეიძლება, კონტაქტის დამყარების მიზნით ცოტნეს უთხრეს, იქნებ, შენი ღვინო მოგვცეო.
ცოტნეს თავად აქვს ვენახი და თავადვე წურავს ღვინოს?
- არა, მას ვენახი არ აქვს. სამეგრელოდან, კახეთიდან, სხვადასხვა რაიონიდან ყიდულობს ყურძენს და აყენებს წვენს. ბოლო წლებში შეისწავლა ღვინის დაყენების ტექნოლოგია, დაამთავრა ეს კურსები, სერთიფიკატიც აიღო და იმ მეთოდით აყენებს ღვინოს, რა მეთოდითაც შეისწავლა.
ფიქრობთ, ღვინო მხოლოდ საბაბი იყო, რათა ცოტნე მიეპატიჟებინათ სუფრასთან და რაღაც ინციდენტში ჩაეთრიათ?
- არ მინდა, დეტალებში შევიდე, მაგრამ, ჩემი მოსაზრებით, ცოტნეზე თავდასხმამდე რეპეტიციებიც ექნებოდათ გავლილი, იმდენად კვალიფიციურად, ათჯერ ნანახი კინოსავით იყო ეს ამბავი, უბრალოდ, ცოტნეთი დაამთავრეს ეს რეპეტიციები. ეს ყველაფერი იმდენად დაგეგმილად მოხდა, რომ ისიც კი არ ვიცით, თავდამსხმელები ამის შემდეგ სად წავიდნენ, ან სად დააკავეს. ხმები გავრცელდა, ზოგი თურმე ქუთაისის აეროპორტში აუყვანიათ, ეს კოჭლი კაცი კი, ასე მარდად როგორ გაუჩინარდა, ესეც საეჭოა.
კითხვები არ გიჩნდებათ, აზერბაიჯანელს რა ფუნქცია ჰქონდა ამ სუფრაზე?
- ყველასთან დაკავშირებით მიჩნდება კითხვა, რადგან ამირან გიუნაშვილი, ცოტნეს ადვოკატია ამ საქმეში ჩართული, ჩვენ არ გვინდა, ჩვენი ვერსიები ვინმეს თავს მოვახვიოთ. უბრალოდ, ეს იყო ცოტნეს დანაბარები, თუ რამე დამემართება, იცოდეთ, ჩემს ლიკვიდაციას ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ან შეიძლება შეუთანხმებლად განახორციელებენ და ამის მიზეზი იქნება, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელების დასჯას ვითხოვ.
ცოტნემ უშუალოდ იცოდა, ზვიადის მკვლელები, ან მკვლელი ვინც იყო?
- ვერ გეტყვით, ასეთი დეტალები არ ვიცი. როცა ამდენი რამ აქვს ამ ოჯახს გამოვლილი, როცა ერთ ხელისუფლებას ებრძვი, მეორე გებრძვის, მესამე ასეთ რამეს დაგმართავს, შეიძლება, ამ ადამიანს თვითგადარჩენის, საფრთხის ინსტინქტი ჰქონოდა. ახლა უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ცოტნეს, ალბათ, აშკარად ჰქონდა საფრთხის განცდა. მას შემდეგ, რაც ცოტნეს თავს დაესხნენ, მეც და ქეთისაც მისი ნათქვამი გაგვახსენდა მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ და გამოვიდა ისე, რომ დაბარებულივით გამოგვივიდა. ეს ვერსია ჩვენ რომ არ გაგვევრცელებინა, ფეხზე დამდგარი ცოტნე ხომ გვეტყოდა, მე ხომ თქვენ დაგიბარეთ შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია და ეს ინფორმაცია რატომ დამალეთო. ზუსტად ეს არის ჩვენი მოტივი.
როგორ ფიქრობთ, პირველი პრეზიდენტის შვილს დაცვა სჭირდება?
- ვფიქრობ, ცოტნე ასეთ რამეს არც მიიღებდა. ზოგადად, ზვიად გამსახურდიას შვილებს რატომ უნდა სჭირდებოდეთ დაცვა? სიკეთის მეტი ამ ოჯახს საქართველოსთვის არაფერი მოუტანია. დაცვა დაიყენონ მათ, ვისაც ამ ქვეყნისთვის მავნებლობის გარდა არაფერი მოუტანია. მორალური პასუხისმგებლობა არის თუნდაც ბოლო პრეზიდენტზეც, რომელმაც არ მოხსნა გრიფი „საიდუმლო“ ზვიად გამსახურდიას საქმეს და ცოტნე დღეს ასეთ მდგომარეობაში იმყოფება.
რადგან თავდამსხმელებმა ერთხელ უკვე სცადეს ცოტნეზე თავდასხმა ვიღაცის, ან სულაც რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, ხომ შეიძლება, მეორედაც იგივე გაიმეორონ, ოღონდ სხვა პირების დახმარებით? ამდენად, შესაძლოა, დაცვის აყვანა აუცილებელი გახდეს.
- სახელმწიფო როგორ იმოქმედებს და რა მოხდება, არ ვიცი. მე მგონი, თვითონ ცოტნეს ნებართვაც უნდა იყოს, რომ დათანხმდეს დაცვის აყვანას. ფაქტია, პირველსავე თავდასხმაზე ცოტნე სასიკვდილოდ გაიმეტეს, ეტყობა, არც ელოდნენ, რომ გადარჩებოდა. რომ არ გადარჩენილიყო, დიდი ეჭვი მაქვს, არც არავის დააკავებდნენ.
ეჭვს ამძაფრებს ისიც, რომ ყველა თავდამსხმელი წარსულში ნასამართლევი იყო.
- ესეც აჩენს კითხვებს. მე იმასაც ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს ახლო წარსულში სხვა დანაშაული ხომ არ აქვთ ჩადენილი და ვიღაცასთან შეთანხმებით, ბარემ ეს საქმეც აიღეს საკუთარ თავზე იმ იმედით, „მერე გიპატრონებთ, ბიჭებოო“. როგორც ხდება ჩვეულებრივ, ჩვენ ხომ პოსტსაბჭოური ქვეყნიდან ვართ, ქურდებისა და ყაჩაღების გვერდით ვართ გაზრდილები. ისიც მახსოვს, ეს ხელისუფლება რომ მოვიდა სათავეში, აპროტესტებდნენ, ერთი ქურდიც არ დატოვეს უბანში, რომ მიხვიდე, ჭეშმარიტება და სიმართლე დაადგინოო. ასეთი ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში და მათი მენტალობა არ შეცვლილა.
დაკავებულთა შორის არის ცოტნეს მეგობარიც, პეტრე ყუფარაძე, რომლის შესახებაც ცოტნეს მეუღლე იძახის, რომ ყუფარაძის დადანაშაულება „ზღაპარია“. თავად ყუფარაძე ამბობს, რომ არ ყოფილა სუფრასთან.
- ანი ჯაბაურისგან ვიცი, რომ ყუფარაძემ ყველაზე მეტად იმოქმედა ცოტნეს გადასარჩენად. ანი იმასაც ამბობს, არანაირ სუფრასთან შეკრება არ მომხდარა, ცოტნეს თავს დაესხნენ ჭიშკართან, ალაყაფთან, სადაც ემჩნეოდა სისხლი და ეგდო ცოტნეს ქუდი. მეც ეჭვი მაქვს, არ დაჯდებოდა ცოტნე ამ ხალხთან სუფრასთან. შეიძლება, ცოტნემ ორი წუთი გაატაროს მისთვის არასასიამოვნო ერთ ან ორ ადამიანთან, მაგრამ ასეთ 4-კაციან, ან თუნდაც 10-კაციან სუფრასთან ცოტნე არ დაჯდებოდა. თანაც, თუ იმ 10-კაციან სუფრასთან ჩხუბი მოხდა, სად არის გატეხილი მაგიდა, გატეხილი ბოთლი? გამოდის, ჯერ სუფრა აალაგეს და მერე დაიწყეს ჭიდაობა? ჩემი აზრით, ეს იყო ჩვეულებრივი ჩასაფრება. ქილერი რომ დაექირავებინათ, ეს უკვე აშკარად სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაცია იქნებოდა, ამიტომ კვალის დაფარვის მიზნით ნახეს კრიმინალები და ჩასაფრება მოახდინეს ცოტნეს სახლთან.
კითხვებს აჩენს შუქის საეჭვოდ გამორთვაც იმ ქუჩაზე.
- ხელშეწყობა აშკარად ჰქონდათ კრიმინალებს. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ამ ადამიანებს უამრავჯერ აქვთ გავლილი ეს სპექტაკლი ცოტნეს გარეშე და ბოლოს ცოტნეთი დააგვირგვინეს. ან კარგი გამოცდილი მკვლელები არიან, რადგან შეუძლებელია, ნორმალურ ხალხს ასე მიეყენებინა ადამიანისთვის სასიკვდილო ჭრილობები და თავში ჩაერტყა მოკვლის მიზნით. უბრალოდ, ღმერთის წყალობით გადარჩა ცოტნე, მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო, თორემ მათ ხელში მკვდარი იქნებოდა.
..."ამბებში" დაიდო ორი დიდი სტატია, რომელთაგანაც ერთში მომხდარს დაწვრილებით ყვება იმ სუფრის წევრი და ინციდენტის უშუალო მოწმე, ხოლო მეორეში ჩხუბის ეპიზოდს აღწერენ ცოტნე გამსახურდიას ავტოპროფილაქტიკის ხელოსნები, რომლებიც საკუთარი თვალით ხედავდნენ იმას, რაც ხდებოდა სახელოსნოს სიახლოვეს და როგორც ხდებოდა...
გარდა ამისა, გამოქვეყნდა ცოტნეს ყოფილი ცოლის, ჩიკვილაძის, მონათხრობიც...
აშკარად ჩანს, რომ არც ნოზაძეს და არც მის რესპონდენტს ეს მასალები წაკითხული არა აქვთ, რადგან მდარე დეტექტივისთვის შესაშურ ისეთ პასაჟებს თხზავენ, არც ერთ თვითმხილველს რომ არ მოლანდებია!..
სამარცხვინოა, მეტი რომ არ ვთქვათ!
*
საერთოდ, რას დაამგვანეთ ერთ დროს საუკეთესო საიტი For.Ge !.. -
ჯერ ამ სათამაშო ბიზნესის რეკლამებით რომ ჩახერგეთ ყველა გვერდი და მათ მოგერიებაში იწყვიტავ ნერვებს კაცი და მერე კიდევ - მსგავსი "ინტერვიუები" - ხან ერთი ქალბატონის მოხლაფორთებული, ხან - მეორესი!..
მოკლედ, აქ შემოხედვაც აღარ მოგინდება ადამიანს!