„ბაჩო ახალაია სტასბურგში საქართველოს ვერ უჩივლებს“

„ბაჩო ახალაია სტასბურგში საქართველოს ვერ უჩივლებს“

ცოტა ხნის წინ ბაჩო ახალაია სტრასბურგის ადამიანთა უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში აპირებდა სარჩელის შეტანას, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა. როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ამ ეტაპზე ახალაია არ აპირებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებას.

„სასამართლომ ორჯერ გამოიტანა ახალაიას დაპატიმრების განაჩენი. ეს არის ნონსესი, ასეთი რამ არ არსებობს, როცა დაპატიმრებულს კიდევ ერთხელ შეეფარდა დაპატიმრება“, -  განაცხადა ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ. აღსანიშნავია, რომ ბაჩო ახალაიას ბრალი 143-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 143-ე მუხლით აქვს წაყენებული.

როგორც ბაჩო ახალაიას ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი აცხადებს, შესაძლებელია, ახალაიასთვის შერჩეული აღმკვეთი ღონისძიება სტრასბურგში გასაჩივრდეს, თუმცა, აღნიშნულზე თავად ბაჩო ახალაია აცხადებს უარს. ამის მიზეზად კი ბაჩუკი ყურაშვილი ასახელებს, რომ ბაჩო ახალაიას არ სურს საქართველოს წინააღმდეგ იჩივლოს.  
For.ge დაინტერესდა, რეალურად რის გამო გადაიფიქრა ბაჩო ახალაიამ სტრასბურგში სარჩელის შეტანა?! 

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ამის მიზეზად ასახელებს, რომ სტრასბურგში სარჩელის შეტანა ბაჩო ახალაიას სასარგებლოდ ისედაც არ დამთავრდებოდა. მას რომ დაკავების კანონიერება გაესაჩივრებინა, ერთ შემთხვევაში, 19 მოწმე, მეორე შემთხვევაში - 5 მოწმე, მესამე შემთხვევაში კი 3 მოწმე ამხელდა.

„როდესაც ამდენი მოწმე პირზე ადგას და პირდაპირ ამხელს მას დანაშაულში და ამ დროს ბაჩო ახალაია ასაჩივრებს, თუ რატომ დამაკავეს და რატომ შემიფარდეს წინასწარი პატიმრობაო, ეს სასაცილო იქნებოდა და ამ სარჩელს არავინ დააკმაყოფილებდა. მით უმეტეს, ასეთი წარსულის მქონე ადამიანის მიმართ, რომელსაც კიდევ ელის უამრავი ბრალის წაყენება. ვფიქრობ, ბაჩო ახალაიამ ამიტომაც გადაიფიქრა“, - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.

ადვოკატ შალვა შავგულიძეს უჭირს იმის თქმა, თუ რატომ გადაიფიქრა ბაჩო ახალაიამ სარჩელის სტრასბურგში შეტანა. თუმცა, თავისთავად მისი განცხადება, რომ მე საქართველოს წინააღმდეგ არ ვასაჩივრებ, არასერიოზულია. ადვოკატის თქმით, ასე რომ იყოს, გამოდის, მთელი ევროპა, რომელიც ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს საჩივრებს, საკუთარი სახელმწიფოს მოღალატეები ყოფილან და მარტო ბაჩო ახალაია ყოფილა საკუთარი ქვეყნის პატრიოტი.

შალვა შავგულიძის თქმით, ბაჩო ახალაიასგან ასეთი არგუმენტი არასერიოზული და არასოლიდურია. მით უმეტეს, ისეთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, როგორიც ბაჩო ახალაიაა.

„პირიქით, ევროპის სასამართლო იმიტომ არის შექმნილი, რომ, თუ რომელიმე სახელმწიფოში ირღვევა ადამიანის უფლებები, ამის გასწორება უნდა მოხდეს. თამასა, სწორება უნდა იყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტზე. მართალია, სარჩელს ჰქვია „კონკრეტული პირი საქართველოს წინააღმდეგ“, მაგრამ ფაქტობრივად, მომჩივანი იქ უჩივის არა საკუთარ სახელმწიფოს, არამედ იმ ხელისუფლებას, რომელიც იმ დროს არის სახელმწიფოს სათავეში. მთელი ევროპა ასაჩივრებს ამ სასამართლოში და ყოველთვის მეორე მოპასუხე მხარე არის სახელმწიფო. ეს არანაირად არ ნიშნავს სამშობლოს ღალატს“, - აცხადებს შალვა შავგულიძე.

ამასთან, ადვოკატის თქმით, რეალურად მის სასარგებლოდ დამთავრდებოდა თუ არა ახალაიას სარჩელი, იგი ვერ იტყვის, რადგან არ იცის, რა საფუძვლით აპირებდა სარჩელის გაგზავნას ახალაია. თუმცა შალვა შავგულიძე, როგორც იურისტი, ვარაუდობს, რომ, ალბათ, ახალაიას საქმეს პერსპექტივა არ ექნებოდა, თორემ სხვა შემთხვევაში, იგი სარჩელს გააგზავნიდა.

„აქ საუბარია წინასწარი პატიმრობის გამოყენების გასაჩივრებაზე და არა მის ბრალდებებზე. ჯერ მისი ბრალდების საქმე ახლა დაიწყო, ეს ბრალდება საბოლოოდ რა სახით ჩამოყალიბდება, როგორი იქნება, მოყვება თუ არა ამას სასამართლო განხილვები, ეს ყველაფერი რომ დასრულდება, მერე შეიძლება ამაზე მსჯელობა. ჯერ არსებითად გასაჩივრებაზე კი არ არის საუბარი, არამედ აქ არის უშუალოდ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების მიზანშეწონილობაზე საუბარი. ეს ცალკე საჩივრდება და, თუ ბაჩო ახალაიამ მიიღო იმის გადაწყვეტილება, რომ არ გაასაჩივროს, ეს მისი უფლებაა“, - გვითხრა ადვოკატმა.

„ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ სტრასბურგში ამ საქმის წარმატებულად დამთავრება საეჭვო იყო.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არა მარტო სტრასბურგში, არამედ მთელ მსოფლიოში ცნობილია ბაჩო ახალაია და მისი საქმიანობა. ძალიან ბევრი საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაცია იყო, რომ ის უნდა ჩამოშორებულიყო ჯერ სასჯელაღსრულების უწყებას, შემდეგ კი - თავდაცვის მინისტრობას, რადგან სწორედაც ის იყო ეჭვმიტანილი იმ ქმედებებში, რასაც ჰქვია წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა.

ადვოკატი ლალი აფციაური მიიჩნევს, რომ, თუ ახალაია სტრასბურგში სარჩელს შეიტანდა, რეალურად მას მოგების საშუალება არ ექნებოდა.

„თუ ფიქრობენ, რომ ძალიან ჭკვიანები არიან და ვინმეს დაგვაჯერებენ, რომ თურმე  სამშობლოზე შეყვარებულები არიან, მათ შევახსენებ, რომ სამშობლოზე შეყვარებული ტერიტორიებს არ დაკარგავდა. ჩვენი სამშობლო მათ წიხლქვეშ აქვთ ამოდებული. ამიტომ, ახალაიამ ზუსტად იცოდა, რომ სარჩელი წაგებული ჰქონდა, ისიც ზუსტად იცის, რომ სტრასბურგში ვერანაირ სარჩელს ვერ მოიგებდა. შეიძლება შეიტანოს სარჩელი, მაგრამ ვერ მოიგებს, რადგან მის საქმეში უამრავი უტყუარი ფაქტია“, - აცხადებს ლალი აფციაური.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს იმ შეცდომას, ვინმე აალაპარაკოს. ამის ინტერესი კი აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალებს, რომ „ოცნების“ შეცდომაზე ილაპარაკონ.