აშშ-ში, ქალაქ ფრანკლინში პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ქველმოქმედებისთვის შეგროვილ სათამაშოებს ოფისში მცხოვრები ძაღლი იპარავდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციელები სათამაშოებს საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის აგროვებდნენ, რომელიც მათ საშობაოდ ღარიბ ოჯახებს ურიგებს. მაგრამ სათამაშოები მათთვის განკუთვნილი ოთახიდან პერიოდულად ქრებოდა, ამიტომ სამართალდამცველებმა გამოძიების ჩატარება გადაწყვიტეს და დამნაშავეც მალე იპოვეს. ეს ოფისში მცხოვრები ძაღლი ბენ ფრანკლინი აღმოჩნდა.
მას თერაპიული მიზნებისთვის იყენებენ. ძაღლი სკოლებში მიჰყავთ, სადაც ის რთულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვებთან ატარებს დროს და მათ დამშვიდებაში ეხმარება.
განყოფილების თანამშრომლებმა დააფიქსირეს, როგორ მოიპარა ძაღლმა ოთახიდან სათამაშო და ერთ-ერთ ოთახში, მაგიდის ქვეშ დამალა. სწორედ იქ პოულობდნენ ადრე გამქრალ ნივთებს. პოლიციელებმა ძაღლს სათამაშოების ოთახში შესვლა აუკრძალეს. „დანაშაულის“ კადრები Twitter-ზე აიტვირთა და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„როცა ბენმა სათამაშოები დაინახა, იფიქრა, რომ ყველა მისია“, - განმარტა ძაღლის საქციელი განყოფილების უფროსმა. მისივე თქმით, ბენ ფრანკლინის მიერ მოპარული ყველა სათამაშო გადაყარეს, რადგან ბენ ფრანკლინმა ისინი დადორბლა.